ზივზივაძის ბენეფისი – საქართველო ფინალში საბერძნეთს შეხვდება

0
69

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის C ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგი დაამარცხა და ფინალში 26 მარტს თბილისში საბერძნეთს დაუპირისპირდება, რომელმაც შინ ყაზახეთი 5:0 გაანადგურა. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გამართული დაპირისპირების გმირი ბუდუ ზივზივაძე აღმოჩნდა, რომელმაც სანაკრებო კარეირაში პირველი დუბლი შეასრულა.
საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე UFCიში მსოფლიოს პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ სტადიონზე შეკრებილი მაყურებლების წინ თავისი საჩემპიონო ქა,მარი წარადგინა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ სამახსოვროდ თოფურიას ეროვნული გუნდის პირველნომრიანი მაისური გადასცეს.
შეხვედრის მე-13 წუთზე კონტრშეტევა გიორგი ჩაკვეტაძემ დაიწყო და მეტოქის საჯარიმოში ზივზივაძე მოძებნა, რომელმაც ბურთი დაუბრუნა, ხოლო „ჩაკვეს“ ქუსლურის მერე ბუდუს დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 21-ე წუთზე მარცხნიდან გიორგი მიქაუტაძის ჩაწოდებული ბურთი ლუქსემბურგელმა მკერდით ცუდად დაუგდო მეკარეს. რომელსაც ზივზივაძე დაასწრო და გოლი გაიტანა. თუმცა, ესპანელმა მთავარმა არბიტრმა ქართველ ფორვარდზე თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა და ანგარიში არ შეცვლილა. 38-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის პასის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილმა საჯარიმოს ხაზიდან „ცაციათი“ დაარტყა და ბურთი კარს გადაცდა. მე-40 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ლევან შენგელიას ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში ოთარ კაკაბაძეს მიუვიდა, რომლის დარტყმულს წინ გამოსული მეკარე გადაეფარა და კუთხური დაინიშნა. სტანდარტული შენგელიამ შეასრულა და სტუმართა მცველის ფეხიდან ბურთი კართან ახლოს მდგომ ზივზივაძესთან აღმოჩნდა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 1:0. პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლების კონტრშეტევის დროს მიქაუტაძემ საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა და მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა. შესვენებაზე ნუცა ბუზალაძემ ევროვიზიაზე წარსადგენი სიმღერა შეასრულა.
53-ე წუთზე სანჩესმა მარცხენა ფლანგიდან  მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბარეირო მოძებნა, რომლის სახიფათო დარტყმული გიორგი მამარდაშვილმა გაანეიტრალა. 56-ე წუთზე საქართველოს ნაკრების შეტევის დროს ლუქსემბურგელმა მცველმა საჯარიმოს მისადგომებთან მიქაუტაძე აშკარად წააქცია, მაგრამ მსაჯმა ჯარიმა არ დანიშნა, ხოლო საპასუხო იერიშისას როდროგესმა მამარდაშვილის კარი აიღო. რეფერის ვიდეოასისტენტის მითითების შემდეგ არბიტრმა ეპიზოდი გადაამოწმა და გოლი გააუქმა. გარდა ამისა, შანო გააძევა და ჩვენს სასარგებლოდ საჯარიმო დარტყმა დანიშნა. სტანდარტულის შესრულება საკუთარ თავზე შენგელიამ აიღო და ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
63-ე წუთზე ჩაკვეტაძემ მეტოქის ნახევარზე მარცხენა ფლანგზე შენგელიას გადააწოდა ბურთი, რომლის ძალიან კარგი პასის მერე, ზივზივაძემ მეორე გოლი მიითვალა – 2:0. 83-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ლუქსემბურგის საჯარიმოში კარგად გაითამაშა ბურთი ზივზივაძესთან და ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. 86-ე წუთზე თამაშში ჯაბა კანკავა ჩაერთო, რომელსაც „სლოვანში“ თავის თანაგუნდელ როდრიგესთან შელაპარაკება მოუვიდა, ამ უკანასკნელს კი მარტინშ პერეირა გამოექომაგა და საბოლოოდ მსაჯმა ორივე ფეხბურთელი გააფრთხილა. აღსანიშნავია, რომ გურამ კაშიამ კაპიტნის სამკლავური კანკავას გადაულოცა, რომელმაც 101 მატჩი ჩაატარა და ლევან კობიაშვილს გაასწრო. კაშიამდე კაპიტანი სწორედ კანკავა იყო.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან 9-ჯერ უთამაშია – 2 ფრე და 7 მარცხი.
საქართველო- ლუქსემბურგი 2:0 (1:0)
21 მარტი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი.
საქართველო:
მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, დვალი; კაკაბაძე, ქოჩორაშვილი (კანკავა 86), კიტეიშვილი, შენგელია (წიტაიშვილი 72); ჩაკვეტაძე (კვეკვესკირი 77); ზივზივაძე (ქვილითაია 86), მიქაუტაძე (დავითაშვილი 77)
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
ლუქსემბურგი: ორისი; იანსი, ბონერი, მაჰმუტოვიჩი (მურატოვიჩი 90), შანო, პინტო (მ. მარტინში 42); მარტინში, ოლესენი (ო. ტილი 77), ბარეირო; ბორჟეს სანჩესი (კურჩი 77), როდრიგესი (კორაჩი 90)
მთავარი მწვრთნელი: ლუკ ჰოლტცი.
გოლები1:0 ზივზივაძე (41), 2:0 ზივზივაძე (64)
გაფრთხილებაზივზივაძე (22), პინტო (24როდრიგესი (54), ბარეირო (66), კვეკვესკირი (79), მარტინში (82), კანკავა (87), მარტინშ პერეირა (87), კაშია (90), ბონერი (90)
გაძევება: შანო (58)
მთავარი მსაჯი: ხოსე მარია სანჩესი (ესპანეთი)
ლაშა თაბაგარი