ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლუკ ჰოლტცს მიაჩნია, რომ თბილისში საქართველოს ნაკრებთან 0:2 წაგებულ შეხვედრაში, გადამწყვეტი მომენტი მსაჯის მიერ როდრიგესის გატანილი გოლის არჩათვლა და მცველ შანოს გაძევება იყო. მან ამის შესახებ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლუაკ ჰოლტცი: “პირველ ყოვლისა ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას, რაც განსაკუთრებით, პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშის მიხედვით დამსახურებული იყო. თუმცა, სრულიად არ მესმის, რის საფუძველზე იმოქმედა მსაჯმა გადამწყვეტ მომენტში, რადგან თავიდან ჩვენს მცველზე მიქაუტაძე ჯარიმდებოდა და შემდეგ გოლი გავიტანეთ, მსაჯმა კი წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. მან მეორედ იმსაჯა ჩვენი თამაში და ორივე შემთხვევაში ეს მსაჯი კატასტროფა იყო.
ამდენი მაყურებლის წინაშე თამაში განსაკუთრებული იყო, ვულოცავ ამ გამარჯვებას. პირველ ტაიმში განსაკუთრებით იგრძნობოდა, რომ ჩვენს ფეხბურთელებზე ასეთ ატმოსფეროში თამაშმა იმოქმედა და წნეხის ქვეშ იყვნენ, მაგრამ მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვალა, ბევრად უკეთ ვთამაშობდით, იმ მომენტამდე, რომელზეც უკვე ვისაუბრე.
მსაჯის ეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის რთული იყო. ვიდეოასისტენტმა გადაწყვიტა, რომ ჯარიმა მიქაუტაძეზე იყო და არაფერი დააფიქსირა 2 წამით ადრე მომენტზე, როცა ქართველი არღვევდა თამაშის წესებს. ჩვენთვის რთულად მისაღები და გასაგებია ის, თუ როგორ მოქმედებს ვიდეორეფერი გადამწყვეტ მომენტებში.
პირველ ტაიმში ყველაფრით უკმაყოფილო ვიყავი, განსაკუთრებით ჩვენი სათამაშო ტემპით. მეორე ნახევარში გამოვასწორეთ, კარგად ვითამაშეთ, გაძევების შემდეგაც, მაგრამ მეორე გოლით ყველაფერი დასრულდა, რაც გაძევებამ განაპირობა და მსაჯმა ამ გაძევებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ჩემი აზრით, გოლი რომ ჩათვლილიყო, სულ სხვანაირ თამაშს ვიხილავდით, შესაბამისად, ძალიან ვწუხვარ, მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა”.
ლაშა თაბაგარი





