ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში კიდევ ერთი საგოლე პასი მიითვალა. ავსტრიაში გუნდები ზედა და ქვედა ექვსეულებში გადანაწილდნენ, ხოლო ჩემპიონობისთვის მებრძოლმა „შტურმმა“ სტუმრად „კლაგენფურტი“ 4:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 23-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ ხორვატმა ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. მანამდე, დუბლი ბიერეტმა შეასრულა მე-4 და მე-18 წუთზე. 39-ე წუთზე თავი ბოვინგმა გამოიჩინა და „შტურმმა“ მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყვიტა. კიტეიშვილი 61-ე წუთზე შეცვალეს – მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 4 გატანილი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა. გამომდინარე იქიდან, რომ ექვსეულებად დაყოფის მერე გუნდების ქულებიც გაიყო, „შტურმი“ 26 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის 27-ე ტურში აგდამის „ყარაბაღმა“ გასვლაზე „თურანს“ 3:1 აჯობა. აგდამელებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა ითამაშა, რომელმაც ერთადერთი გოლი პენალტიდან გაუშვა, ხოლო 69-ე წუთზე გააფრთხილეს. „ყარაბაღი“ 66 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და მეორე საფეხურზე მყოფ „საბაჰს“ 26 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი





