ლიონელ მესი ფიფა ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი მესამედ გახდა. მანამდე, არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა საპატიო ჯილდო 2019 და 2022 წელს მოიპოვა. გამოკითხვაში, რომელშიც ეროვნული გუნდების კაპიტნები, მწვრთნელები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები მონაწილეობენ, მესიმ და ნორვეგიელმა ერლინგ ჰალანდმა 48-48 ქულა დააგროვეს. თუმცა, ფიფას წესით, რადგან მესიმ მეტოქეზე უფრო მეტი პირველი ადგილი მიიღო, ამიტომ საუკეთესო გახდა. მესამე ადგილი ფრანგმა კილიან მბაპემ დაიკავა. გამოკითხულებიდან ყველას ხმების თანაბარი რაოდენობის მიცემა შეუძლიათ 25-25 პროცენტის.
ლონდონში გამართული ცერემონიალი ბრიტანელ ჟურნალისტ რეშმინ ჩოდჰარისა და ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ტიერი ანრის მიჰყავდათ. ყველა ნომინაციაში გათვალისწინებული იყო პერიოდი 2022 წლის 19 დეკემბრიდან (ანუ მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ) 2023 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.
წლის საუკეთესო მწვრთნელად “მანჩესტერ სიტის” თავკაცი ესპანელი პეპ გვარდიოლა დაასახელეს, რომელმაც მილანის “ინტერის” დამრიგებელ სიმონე ინძაგის და იტალიის ეროვნული გუნდის მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის აჯობა.
საუკეთესო მეკარედ “სიტის” კარის დარაჯი ბრაზილიელი ედერსონი აღიარეს, რომელმაც “სევილიას” ექსმეკარე მაროკოელ იასინ ბონოს და მადრიდის “რეალის” კარის დარაჯ ტიბო კურტუას გაასწრო.
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ესპანელი აიტანა ბონმატი, ხოლო საუკეთესო ქალი მწვრთნელი ინგლისის ნაკრების დამრიგებელი სარინა ვიგმანი. საუკეთესო ქალ მეკარედ მარი ირპსი აღიარეს. საუკეთესო გოლისთვის დაწესებული ფერენც პუშკაშის პრიზი ბრაზილიელმა გილერმე მადრუგამ მიიღო.
ფიფას ფეარ-პლეი პრიზს ბრაზილიის ეროვნული ნაკრები დაეუფლა, ხოლო საუკეთესო ფანად არგენტინის “კოლონის” გულშემატკივარი უგო დანიელი აღიარეს.
ფიფას წლის ნაკრები ასე გამოიყურება:
მეეკარე: ტიბო კურტუა
მცველები: ჯონ სტოუნსი, კაილ უოკერი, რუბენ დიაში.
ნახევარმცველები: ბერნარდო სილვა, ჯუდ ბელინგემი, კევინ დე ბრუინი.
თავდამსხმელები: ერლინგ ჰაალანდი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ვინისიუს ჟუნიორი.
FIFA THE BEST 2016 წლიდან ტარდება და ყველა გამარჯვებულის ჩაამონთვალი ასეთია:
2016 – კრიშტიანო რონალდო (რეალი, პორტუგალია)
2017 – კრიშტიანო რონალდო (რეალი, პორტუგალია)
2018 – ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია)
2019 – ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა)
2020 – რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი)
2021 – რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი)
2022 – ლიონელ მესი (პსჟ, არგენტინა)
2023 – ლიონელ მესი (პსჟ, მაიამი, არგენტინა)
ლაშა თაბაგარი





