ლევან მაისაშვილი: “ავსტრალიასთან წაგებისგან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ”

0
2

ლევან მაისაშვილი: “ამ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების პირველი თამაში იყო, ძლიერი მეტოქე გვყავდა და რთული შეხვედრა გამოვიდა. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ და საკუთარი თავი წნეხში მოვაქციეთ. მეორე ნახევარში ვითარების გამოსწორება ვცადეთ და თამაშის ხარისხიც გავაუმჯობესეთ.
სამწუხაროდ, შეცდომების გამო რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, რის გამოც იმედგაცრუებული ვარ. მომდევნო თამაშამდე დრო გვაქვს, გავაანალიზებთ განვლილ შეხვედრას და შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ“.
შალვა მამუკაშვილი: “პირველი ტაიმი ცუდად დავიწყეთ, დისციპლინაში მოვიკოჭლეთ, ავსტრალიას ბევრი შანსი მივეცით და ბურთი არ გვქონდა. როცა ბურთი არ გაქვს, ტიერ 1-ის გუნდთან 40 წუთი დაცვაში ვერ გაძლებ. გვჭირდება უფრო მეტი მუშაობა. კარგი ისაა, რომ მატჩის მობრუნების შანსი იყო მეორე ტაიმში. ორი კვირა გვაქვს პორტუგალიასთან მატჩამდე. მჯერა, რომ ჯერ ჩვენი სახე ბოლომდე არ გვიჩვენებია”.
გურამ პაპიძე: “ძალიან ბევრი კარგი მომენტი იყო დაცვასა და შეტევაში, მაგრამ ბევრი რამ დაგვაკლდა მაინც. ვერ მივიყვანეთ რამდენიმე მომენტი ბოლომდე. ჩვენ უნდა დავივიწყოთ ეს შედეგი, პორტუგალიასთან დამაჯერებლად უნდა მოვიგოთ, რადგანაც ისინი ჩვენთან მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან”.
თედო აბჟანდაძე: “თამაშის მარცხის მიზეზი პირველი ტაიმი იყო. ძალიან გაიჭრნენ წინ და თამაშში დაბრუნება გაგვიჭირდა. შეცდომებზე ვსწავლობთ, პორტუგალიასთან ორ კვირაში ვთამაშობთ და გვინდა, რომ დარჩენილი შეხვედრები მოვიგოთ”.