ისკო კარიერას სევილიას „ბეტისში“ გააგრძელებს, რომელთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ფეხბურთი ჩემთვის საყვარელი საქმეა, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და მეხმარება ის ვიყო, რაც ვარ. დადგა დრო ვაჩვენო, რომ კიდევ ბევრი რამ შემიძლია – ამბიცია და გამარჯვების სურვილი კიდევ მაქვს;. იმედია, ყველაფერი გამომივა.
ხოაკინმა დამირეკა რათა „ბეტისში“ გადასვლაში დავერწმუნებინა, მაგრამ ამის აუცილებლობა არ იყო, ვინაიდან ისედაც დარწმუნებული ვიყავი. ჩემთვის ამ წინადადების მიღება ადვილი იყო“ – განაცხადა 31 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ „ბეტისის“ ლეგენდა ხოაკინი და ისკო ერთად „მალაგაში“ 2011-2013 წლებში თამაშობდნენ.
გასულ სეზონში მადრიდის „რეალის“ ექსნახევარმცველმა „სევილიაში“ 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ის კლუბიდან სკანდალურად წავიდა, ვინაიდან სევილიელთა სპორტულ დირექტორ მონჩისთან მწვავედ იკამათა და კინაღამ ხელითაც შეეხო.





