თბილისის “დინამოდან” გაბრიელ სიგუას ტრანსფერი შვეიცარიის ერთ-ერთ წამყვან კლუბ “ბაზელში” მხარეებმა ოფიციალურად დადასტურეს.
“დინამო” თბილისსა და “ბაზელს”შორის გაბრიელ სიგუას ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური შეთანხმება შედგა. 18 წლის ქართველი ნახევარმცველი კარიერას შვეიცარიის ერთ-ერთ ყველა ტიტულოვან და წარმატებულ კლუბში გააგრძელებს.
გაბრიელ სიგუა დინამოს აკადემიის აღზრდილია, იგი კლუბში 2017 წლიდან ირიცხებოდა. თბილისელთა პირველ გუნდში სიგუას დებიუტი 2022 წელს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე სამტრედიას წინააღმდეგ შედგა. საერთო ჯამში ნახევარმცველმა ლურჯ-თეთრების რიგებში 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.
“დინამო” თბილისი მადლობას უხდის გაბრიელს კლუბში გატარებული წლებისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში”- იუწყება “დინამოს” პრესსამსახური.
“ბაზელის” პრესსამსახურის ინფორმაციით, სიგუამ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
გაბრიელ სიგუა: “მოხარული ვარ, რომ „ბაზელთან“ ხანგრძლივი კონტრაქტი გავაფორმე. „ბაზელი“ შვეიცარიასა და მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული კლუბია. დარწმუნებული ვარ, აქ თამაში ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და განვითარებაში დამეხმარება. ეს კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელებს განვითარების შესანიშნავ შანსს აძლევს“.
ლაშა თაბაგარი





