თბილისის “დინამოს” მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს მიაჩნია, რომ მისი გუნდის პლუსი სისწრაფე და ახალგაზრდული ჟინია. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვალ “დინამო არებაზე” ყაზახეთის “ასტანასთან” გასამართ საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც შემტევი ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილიც დაესწრო.
გიორგი ჭიაბრიშვილი: “ასტანამ” ცენტრალური მცველი და ნახევარმცველი დაიმატა. დიდად ამით არაფერი იცვლება, ასტანას თამაში არ შეიცვლება. მეტოქე შესწავლილი გვყავს. ვიცით, რასაც თამაშობენ. მთავარია, ჩვენ როგორ ვითამაშებთ.
ტრავმირებულები შემოგვიერთდნენ, მექვაბიშვილიც და მარუშიჩიც გვიბრუნდებიან. თორნიკე კირკიტაძე ვერ დაგვიბრუნდება მომდევნო მატჩებში. მოისწრაფიშვილს რაც შეეხება, ის ნებისმიერ დროს გვაძლიერებს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.
ახლა მინდორი ხელს არ გვიშლის, ასტანაში ამის პრობლემა იყო. ქომაგიც გვეყოლება და დინამოს მხარდაჭერა ექნება. მიმაჩნია, რომ “ასტანას” მოედნის პრობლემა არ ექნება, რადგანაც ბუნებრივ საფარზე თამაში ყველას ურჩევნია.
ორი თანაბარი დონის გუნდი ვართ, “ასტანა” თამაშობდა ევროტურნირებს. მათ ეროვნული ნაკრების მოთამაშეები ჰყავთ. ჩვენი გუნდიდან მხოლოდ ორი მოთამაშეა, რომელიც ნაკრების ღირსებას იცავს. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს, ჩვენი პლუსები სისწრაფე და ახალგაზრდული ჟინია, რაც მეორე ტაიმში კარგად გამოჩნდა.
ერთი წელია დინამოში ვარ და ყველაზე სასურველი ტრანსფერი გავაკეთეთ. რომან ფიფიამ გიორგი ლორიას დასათანხმებლად ყველაფერი გააკეთა. ლორიას მოსვლით თავდაჯერებულობა შეგვემატა, გიორგი ძალიან ძლიერი პიროვნებაა. იმედი მაქვს, რომ ბევრ ასეთ ტრანსფერს გავაკეთებთ. ნახევარი გუნდია, როდესაც ასეთი დონის მეკარე გყავს.
ჩვენ ვმუშაობთ პენალტების სერიაზე. ეს ტურნირი გავარდნაზეა, სადაც პენალტები შეიძლება დაინიშნოს. სუპერთასი ფორმაში შესვლაში.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ძალების აღდგენა მოვახერხე და მზად ვარ მატჩისთვის. პირველ მატჩში გოლის გაშვების შემდეგ, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ, გავიტანეთ და მეტოქეზე კარგი ფეხბურთიც ვითამაშეთ. ასტანა ძლიერი გუნდია. ვფიქრობ, რომ ამ ბარიერის გადალახვა შეგვიძლია და გულშემატკივარს მოვუწოდებ, რომ სტადიონზე მოვიდეს”.
გიორგი მოისწრაფიშვილი: “21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის მერე თავს კარგად ვგრძნობ, ძალები აღვიდგინე და სათამაშოდ მზად ვარ. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, სადაც მწვრთნელი გადაწყვეტს იქ ვითამაშებ. წინა შეხვედრაში პირველი 15 წუთი სათანადოდ ვერ გამოვიყურებოდით. შემდეგ დავლაგდით, ანგარიშიც გავათნაბრეთ და მეორე ტაიმში ვაჯობეთ. ასტანა ძლიერი გუნდია, ეს პირველ შეხვედრაშიც გამოჩნდა. ამ ბარიერის დაძლევა შეგვიძლია. მინდა გულშემატკივარს ვთხოვო, რომ მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ”.
ხვალ შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში ჩატარებული პირველი მატჩი 1:1 დასრულდა.





