კვერკველია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

0
70

სოლომონ კვერკველია საუდის არაბეთის უმაღლეს დივიზიონში ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა „ალ ახდუდთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრიმლობა ავტომატურად კიდევ ერთი წელი გაგრძელდება. ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან
გასულ კვირაში ბაქსონ „ნეფთჩის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ადრიან მუტუმ ქართველი უკანახაზელი გუნდიდან გაუშვა.
კვერკველია “ნეფთჩიში” შარშან ივნისში გადავიდა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან  აზერბაიჯანის ჩემპიონატში ჩატარებულ 33 მატჩში 2 გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა აზერბაიჯანის თასზე 5-ჯერ ითამაშა და მისი გუნდი ფინალში “გაბალასთან” დამატებით დროში 0:1 დამარცხდა. გარდა ამისა, 31 წლის ფეხბურთელმა უეფას კონეფერნს ლიგაში 4 შეხვედრა ჩაატარა.
ის კარიერის განმავლობაში “ნეფთჩის” გარდა, რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის „რუბინში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“, ვოლგოგრადის “როტორში”, უკრაინის ხარკოვის “მეტალისტში” და “გაგრაში” გამოდიოდა.
მან რუსეთის ჩემპიონატში და თასზე 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაში 10-ჯერ ითამაშა, ხოლო ევროპა ლიგაში 23-ჯერ.
კვერკველიამ რუსეთის ჩემპიონატი მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ერთად ერთხელ მოიგო (2017-2018 წლების სეზონში), ხოლო თასს 2-ჯერ (2016-2017, 2018-2019) დაეუფლა. გარდა ამისა, მოსკოველებთან ერთად სუპერთასი ერთხელ მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა რუსეთის თასი ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაშიც მოიპოვა – 2011-2012 წლების სეზონში.
ის საქართველოს ეროვნულ გუნდში 2014 წლიდან ასპარეზობს და 49 მატჩი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი