ქუთაისის „ტორპედო“ მთავარი მწვრთნელი სტივ კინისთვის „სარაევოსთან“ მატჩის შედეგით კმაყოფილი არაა, მაგრამ მიაჩნია, რომ ჯერ დაკარგული არაფერია. შოტლანდიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისში ბოსნიელებთან 2:2 დასრულებული მატჩის მერე განაცხადა.
სტივ კინი: “ვფიქრობ, კარგი ამ მატჩში ის იყო, რომ პირველი ტაიმის ბოლოს თამაში გამოვასწორეთ და მეორე ნახევარი უკეთ ჩავატარეთ. პირველი 25 წუთი „სარაევო“ ჩვენზე გაცილებით უკეთ თამაშობდა და საკმაოდ ბევრი შანსი შექმნეს. ამის შემდეგ ჩვენ ტაქტიკური ცვლილებები განვახორციელეთ: ორი ფორვარდითა და 1 ფლეიმეიქერით განვაგრძეთ თამაში, რამაც ნახევარდაცვა გააძლიერა და პირველი ნახევრის ბოლოს მეტოქეს ვაჯობეთ.
მეორე ნახევარში, ვფიქრობ, რომ „სარაევოზე“ უკეთესები ვიყავით, თამაშის მოსაგებად და მეტი გოლი გასატანად საკმარისი შანსები გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ მესამე ბურთი ვეღარ შევაგდეთ. თუმცა, წინ საპასუხო შეხვედრაა და ყველაფერი სარაევოში გადაწყდება.
თამაშის მოგება გვინდოდა და შეცვლები ამ მიზნის შესაბამისად გავაკეთე. მეორე ტაიმში მეტოქეს ვჯობდით, მეტ შანს ვქმნიდით. სანამ საგოლე მომეტების შექმნა არ გვიჭირდა, შეცვლების საჭიროებასაც ვერ ვხედავდი. ამიტომ, არ მიმაჩნია, რომ ფეხბურთელების შეცვლა დაგვიანებული იყო. შემდეგ გიორგი ფანცულაია ძალიან დაიღალა, ირაკლი ბუღრიძეც და მოედანზე ახალი მოთამაშეები დაგვჭირდა. ფანცულაია ენერგიის გამოცლამდე იმიტომ არ შევცვალე, რომ უკანასკნელ 3 შეხვედრაში 3 გოლი ჰქონდა გატანილი და მისი ბოლომდე გამოყენება ვცადე.
თავიდან მეტოქემ მეტი შანსი შექმნა, თუმცა საბოლოოდ მაინც ჩვენ გვქონდა უპირატესობა. ამისი მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ მათ ფიზიკური მომზადებით ვაჯობეთ. ვფიქრობ, მეორე ტაიმში 3-4 გოლის გატანა შეგვეძლო.
დასაწყისით ძალიან იმედგაცრულებულები ვიყავით. თავდასხმისა და ნახევარდაცვის ხაზს მეტოქის შეტევების დროს გადაწყობა უჭირდა და „სარაევოს“ ფეხბურთელები შანსებს იოლად ქმნიდნენ. ტაქტიკურმა ცვლილებებმა შედეგი გამოიღო და უკეთ ავთამაშდით. მატჩის შედეგი სრული დროის გათვალისწინებით დგება, დასაწყისი და დასასრული კარგი არ გვქონია, შუა ნაწილს არა უშავდა. ვერ ვიტყვი, რომ შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან მეორე ტაიმში რამდენიმე გოლის გატანა შეგვეძლო. თუმცა თამაშის განსხვავებული ეპიზოდებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ლოგიკური იყოს.
ვფიქრობ, გასვლაზე ძალიან რთული შეხვედრა გველოდება. დღეს პოზიტიური ის იყო, რომ მეტოქეზე იმაზე მეტი გავიგეთ, ვიდრე აქამდე ვიცოდით, როგორც გუნდზე, ისე ინდივიდუალურად ფეხბურთელებზე. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოსამზადებლად წინ 1 კვირა გვაქვს, სარაევოში მათ, რაც შეიძლება ნაკლები შანსი უნდა შევაქმნევინოთ. არ ვიცი შანსი 50/50 არის თუ არა, მაგრამ იმით ვარ კმაყოფილი, რომ ჯერ არაფერი დაგვიკარგავს.
პირველი 20 წუთი ისეთი იყო, მეგონა გადაგვივლიდნენ და ბევრ გოლს გაგვიტანდნენ. ახლა მოსამზადებლად 7 დღე გვაქვს, ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ გუნდში, ისინიც უკეთ შეეწყობიან კოლექტივს. მათზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ჩვენ მოედანზე მომდევნო მატჩში უფრო ძლიერები გავალთ, ვიდრე დღეს ვიყავით. მიზანი, ცხადია, გოლების გატანა, საკუთარი კარის მშრალად შენახვა, მოგება და შემდეგ ეტაპზე გასვლა იქნება.“.





