ბაქოს “ნეფთჩიმ” სოლომონ კვერკველიასთან კონტრაქტი გაწყვიტა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რუმინეთის ეროვნული ნაკრების „ჩელსის“, „ინტერის“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელი ადრიან მუტუმ ქართველ ფეხბურთელთან თანამშრომლობა არ ისურვა.
კვერკველია “ნეფთჩიში” შარშან ივნისში გადავიდა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან აზერბაიჯანის ჩემპიონატში ჩატარებულ 33 მატჩში 2 გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა აზერბაიჯანის თასზე 5-ჯერ ითამაშა და მისი გუნდი ფინალში “გაბალასთან” დამატებით დროში 0:1 დამარცხდა. გარდა ამისა, 31 წლის ფეხბურთელმა უეფას კონეფერნს ლიგაში 4 შეხვედრა ჩაატარა.
ის კარიერის განმავლობაში “ნეფთჩის” გარდა, რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის „რუბინში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“, ვოლგოგრადის “როტორში”, უკრაინის ხარკოვის “მეტალისტში” და “გაგრაში” გამოდიოდა.
მან რუსეთის ჩემპიონატში და თასზე 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაში 10-ჯერ ითამაშა, ხოლო ევროპა ლიგაში 23-ჯერ.
კვერკველიამ რუსეთის ჩემპიონატი მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ერთად ერთხელ მოიგო (2017-2018 წლების სეზონში), ხოლო თასს 2-ჯერ (2016-2017, 2018-2019) დაეუფლა. გარდა ამისა, მოსკოველებთან ერთად სუპერთასი ერთხელ მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა რუსეთის თასი ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაშიც მოიპოვა – 2011-2012 წლების სეზონში.
ის საქართველოს ეროვნულ გუნდში 2014 წლიდან ასპარეზობს და 49 მატჩი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი





