შერმადინის 14 ქულა – “ტენერიფემ” 1/4-ფინალი გაინაღდა

0
45

გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფემ” სტუმრად “ბილბაო” დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. მართალია, მეორე ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე კიდევ 2 ტურია, თუმცა ტენერიფელებმა ოთხივე შეხვედრა მოიგეს და პლეი ოფის საგზური ნაადრევად გაინაღდეს.
” ბოლო პერიოდის წინ ბილბაოელები 11 ქულით იგებდნენ, თუმცა გადამწყვეტ ათწუთეულში ტენერიფელებმა შეუდარებლად ითამაშეს, პერიოდი 22:9 მოიგეს და შეხვედრაც სათავისო ანგარიშით – 74:72 დაასრულეს.
ამ ამბავში ერთ-ერთი წამყვანი ქართველი ცენტრი გახლდათ. შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 26:22 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 15 შეადგინა, რაც ტენერიფელთაგან მეორე შედეგი გახლდათ. საუკეთესო მარსელინიო ჰუერტასი გახდა, რომელმაც 16 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა მიითვალა.
ჯგუფის დარჩენილ 2 მატჩს ტენერიფე 15 მარტს სტუმრად მურსიასთან და 21 მარტს შინ “დარუშაფაკასთან” გამართავს.