მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ „ოქროს ბურთის“ 2022 წლის გამარჯვებული გახდა. 34 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა კუთვნილი ჯილდო პარიზში გამართულ ცერემონიაზე მიიღო. გამოკითხვაში, რომელშიც ჟურნალისტები, ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები და კაპიტნები მონაწილეობდნენ, მეორე ადგილზე სენეგალელი სადიო მანე (“ბაიერნი”) გავიდა, ხოლო მესამეზე – ბელგიელი კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”).
ბენზემამ გასულ სეზონში მადრიდელთა შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა მოიგო (კარიერაში მეხუთედ) და ასევე ესპანეთის ჩემპიონი (კარიერაში მეოთხედ) გახდა.
გარდა ამისა, ის ორივე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – ჩემპიონთა ლიგის 15 მატჩში 12 გოლი გაიტანა, ხოლო ლა ლიგის 32 შეხვედრაში – 27.
საერთო ჯამში, ბენზემამ 2021-2022 წლების სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 46 თამაშში მეტოქეთა კარი 44-ჯერ აიღო.
ბენზემამ „ოქროს ბურთი“ კარიერაში პირველად მოიგო. მანამდე, მისი საუკეთესო შედეგი გასულ სეზონში მეოთხე ადგილი იყო.
შეგეხსენებთ, რომ აგვისტოში საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი უეფას ვერსიით სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ბენზემა მეხუთე ფრანგია, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო. მანამდე, „ფრანს ფუტბოლის“ მიერ დაწესებული ჯილდო რაიმონ კოპამ (1958), მიშელ პლატინიმ (1983, 1984, 1985), ჟან-პიერ პაპენმა (1991) და ზინედინ ზიდანმა (1998) მოიგეს.
ამასთანავე ბენზემა „რეალის“ მე-8 ფეხბურთელია, რომელიც „ოქროს ბურთს“ დაეუფლა.
ბოლო 66 წლის მანძილზე ბენზემა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო. მხოლოდ ინგლისელი სტენლი მეტიუზი იყო ფრანგზე უფროსი, როდესაც ამ საპატიო ჯილდოს დაეუფლა – 41 წლის და 321 დღის. ბოლო 9 „ოქროს ბურთიდან“ ექვსს „რეალის“ მოთამაშეები დაეუფლნენ.
„ფრანს ფუტბოლის“ ვერსიით „ბარსელონას“ პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ზედიზედ მეორედ სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად აღიარეს. საუკეთესო მეკარისთვის განკუთვნილი ლევ იაშინის სახელობის პრიზი „რეალის“ ბელგიელმა მეკარე ტიბო კურტუამ მიიღო. საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო „ბარსელონას“ ნახევარმცველ გავის გადაეცა. სეზონის საუკეთესო გუნდად ინგლისის „მანჩესტერ სიტი“ დაასახელეს.




