საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ცნობილია. დღეს, ბუქარესტში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი A ჯგუფში ბელგიასთან, ნიდერლანდებთან და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს. 21 ივნისს A ჯგუფის გახსნითი მატჩი საქართველოს-პორტუგალია იქნება, რომელიც ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩატარდება.
კენჭისყრამდე მომავალი ტურნირის სამზადისის შესახებ რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რაზვან ბურლიანუ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმაა ლევან კობიაშვილმა ისაუბრეს. კენჭისყრის ცერემონიის ერთ-ერთი წამყვანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ოთარ გიორგაძე იყო. რუმინეთის დედაქალაქში კობიაშვილის გარდა, 21-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი სვანაძე და ფედერაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე იმყოფებოდნენ.
უშუალოდ სცენაზე კენჭისყრის პროცედურა უეფას გენერალური მდივნის მოადგილე ჯორჯო მარკეტისთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ალექსაანდრე იაშვილმა და რუმინეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა იანის ჰაჯიმ წაიყვანეს. ორივე მათგანი ტურნირის ელჩია.
A ჯგუფი: საქართველო, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები.
B ჯგუფი: რუმინეთი, ესპანეთი, უკრაინა, ხორვატია.
C ჯგუფი: ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი.
D ჯგუფი: ნორვეგია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია.
A და B ჯგუფის მატჩები: 21 ივნისი (I ტური), 24 ივნისი (II ტური), 27 ივნისი (III ტური)
C და D ჯგუფის მატჩები: 22 ივნისი (I ტური), 25 ივნისი (II ტური), 28 ივნისი (III ტური)
მეოთხედფინალები: 1 და 2 ივლისი
ნახევარფინალები: 5 ივლისი
ფინალი: 8 ივლისი
ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): “ჩვენი ქვეყნისთვის მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობა ნამდვილად განსაკუთრებულია. ცხადია, ის, რომ ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული სანაკრებო ღონისძიება საქართველოში იმართება, უდიდესი ნდობის გამოხატულებაა ჩვენს მიმართ. ჩემპიონატისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს, როგორც საორგანიზაციო კუთხით, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით. რაც ყველაზე მთავარია ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები წარმატებით ემზადება მოახლოებული ჩემპიონატისთვის, გუნდს აქვს სურვილი და ვფიქრობ რესურსიც, რომ წარმატებით ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე მითუმეტეს საკუთარ ქვეყანაში.
ჩვენი ახალგაზრდები საკმაოდ წარმატებით თამაშობენ სხვადასხვა ევროულ ლიგაში და ეს რა თქმა უნდა, ინტერესს კიდევ უფრო ზრდის გულშემატკივრებში ფეხბურთისადმი. ამას გარდა, ამ ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოში უამრავ ახალგაზრდა ვარსკვლავს ველოდებით ამჯერად უკვე სხვა ევროპული ნაკებებიდანაც. ამას გარდა, ქვეყნის მასშტაბით იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა და ვფიქრობთ, რომ ეს ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარიზაციასა და გოგონათა და ბიჭების ჩართულობას ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ სპორტის სახეობაში”.
ალექსანდრე იაშვილი (ტურნირის ელჩი): “ვულოცავ ჩემპიონატის ყველა მონაწილე ნაკრებს ფინალურ ეტაპზე გასვლას. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, საქართველოს გამოვყოფ, რომელიც დებიუტანტი იქნება ევრო2023-ზე. ჩვენ ქვეყანაში დიდი მოლოდინია. გულშემატკვირები, ელოდებიან ევროპული ფეხბურთის ამჟამინდელ და მომავალ ვარსკვლავებს. მიხარია, რომ ჩვენი ქვეყნის სტადიონებზე ნამდვილი საფეხბურთო გარემო შეიქმნება მომავალი წლის ზაფხულში. ახალგაზრდებისთვის უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ, რაც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დაეხმარებათ წარმატების მიღწევაში”.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებს 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ და რუმინეთს ორ ქალაქში ჩატარდება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ. საქართველოში A და C ჯგუფის მატჩებთან ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.
საქართველო
ბათუმი, ბათუმი არენა: C ჯგუფის სამი მატჩი, ნახევარფინალი, ფინალი.
ქუთაისი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი: C ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი.
თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი.
თბილისი, პაიჭაძის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით.
რუმინეთი
ბუქარესტი, გიულეშტი: B ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი.
ბუქარესტი, სტიაუას სტადიონი: B ჯგუფის სამი მატჩი რუმინეთის ნაკრების მონაწილეობით, ნახევარფინალი.
კლუჟ-ნაპოკა, კლუჟის სტადიონი: D ჯგუფის სამი მატჩი.
კლუჟ-ნაპოკა, კლუჟ არენა: D ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი.
მომავალ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ფეხბურთელება აქვთ.
A ჯგუფის კალენდარი
21 ივნისი
„დინამო არენა“
საქართველო – პორტუგალია
„მიხეილ მესხი“
ნიდერლანდები – ბელგია
24 ივნისი
„დინამო არენა“
საქართველო – ბელგია
„მიხეილ მესხი“
ნიდერლანდები – პორტუგალია
27 ივნისი
„დინამო არენა“
საქართველო – ნიდერლანდები
„მიხეილ მესხი“
ბელგია – პორტუგალია
C ჯგუფის კალენდარი
22 ივნისი
ბათუმის არენა
ჩეხეთი – ინგლისი
ქუთაისი, „რამაზ შენგელია არენა“
გერმანია – ისრაელი
25 ივნისი
ბათუმის არენა
ჩეხეთი – გერმანია
ქუთაისი, „რამაზ შენგელია არენა“
ინგლისი – ისრაელი
28 ივნისი
ბათუმის არენა
ინგლისი – გერმანია
ქუთაისი, „რამაზ შენგელია არენა“
ისრაელი – ჩეხეთი





