გასული საუკუნის 30–40–იან წლებში ქართული ფეხბურთის სიმბოლოდ ბორის პაიჭაძე ითვლებოდა, მომდევნო დეკადაში კი ეს არაოფიციალური ტიტული გულშემატკივრებმა ავთანდილ ღოღობერიძეს მიაკუთვნეს. მისი თამაშის სტილი ნატიფი ტექნიკით და არტისტიზმით, სტრატეგიული სიბრძნით და შრომისმოყვარეობით, პარტნიორებისადმი კოლეგიალობის გრძნობით და მოწინააღმდეგისადმი კორექტულობით გამოირჩეოდა. ავთანდილ ღოღობერიძე 17 წლის განმავლობაში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას და 10 წლის განმავლობაში გუნდის კაპიტანი იყო.
ავთანდილ ღოღობერიძემ დინამოელთა მაისურით ასპარეზობისას 127 გოლის გატანა მოახერხა, რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდო შედეგია. საუკეთესოდ რჩება მისი კიდევ ერთი შედეგი – ღოღობერიძემ 1950 წლის საკავშირო ჩემპიონატში 25 გოლი გაიტანა.
ავთანდილ ღოღობერიძის საფეხბურთო ნიჭისა და ოსტატობის სრულად წარმოჩენის ხანა 1950–53 წლებია, რაც „დინამოს“ კიდევ ერთ აღმავლობის ხანას დაემთხვა. ღოღობერიძე საბჭოთა კავშირის პირველობების ორგზის ვერცხლის, ოთხგზის ბრინჯაოს პრიზიორია, საკავშირო თასის ფინალებში ორჯერ ითამაშა, ხუთჯერ კი 33 საუკეთესოთა სიაში შეიყვანეს.
ავთანდილ ღოღობერიძემ შესანიშნავი თამაში ვეტერანის ასაკშიც განაგრძო. 1959 წელს მან „დინამოსთან“ ერთად ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. იმავე წელს გუნდთან ერთად შესანიშნავად ჩაატარა საერთაშორის მატჩები საფრანგეთში და კანონზომიერი იყო, 37 წლის ასაკში ავთანდილ ღოღობერიძე საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში რომ მიიწვიეს.
ავთანდილ ღოღობერიძის თამაშში კარგად იყო შეხამებული გოლეადორული და ორგანიზატორული თვისებები. იგი შესანიშნავად გრძნობდა პარტნიორებს, ამარაგებდა მათ მოსახერხებელი და ზუსტი გადაცემებით. სწორედ ღოღობერიძის დროული პასების შემდეგ არაერთი გოლი გაუტანიათ ბორის პაიჭაძეს, გაიოზ ჯეჯელავას, ანდრო ზაზროევს, ზაურ კალოევს, მიხეილ მესხს.
ფეხბურთის ჯენტლმენად წოდებულ ავთანდილ ღოღობერიძეს ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მსაჯებისგან ერთი შენიშვნაც კი არასდროს მიუღია.
ავთანდილ ღოღობერიძის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა.





