ლევან მაისაშვილი: “შეგვიძლია “დიდ გუნდებს” ვეთამაშოთ”

0
43

“ბორჯღალოსნების” მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილს მიაჩნია, რომ მის შეგირდებს “დიდ გუნდებთან” თამაში შეუძლია. მან ამის შესახებ ბათუმში იტალიასთან (28:19) ისტორიული გამარჯვების შემდეგ განაცხადა. 
ლევან მაისაშვილი:
“გამარჯვებას ვგეგმავდით, უიმედოდ ნამდვილად არ ვყოფილვართ. წინა დღესაც ვთქვი, რომ მარტივი არაა, იტალიის ნაკრებთან გამარჯვება დაგეგმო და განახორციელო. ის სამუშაო, რაც ერთი კვირის განმავლობაში შევასრულეთ, იმედის უფლებას იძლეოდა. თამაშის წინ საჯაროდ რაღაცის თქმა მეზიზღება. იტალიელებმა თქვეს, რომ მოგვიგებდნენ, მაგრამ საქმე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლაპარაკი. ის მონახაზი და გეგმა შევასრულეთ, რაც დავგეგმეთ
არ ვიცი, რამ მომანიჭა ამხელა სიხარული. ეს დიდი გამარჯვებაა, რომელიც ყველამ ერთად შევქმენით. დღევანდელი შედეგით არავინ არაფერს გადაწყვეტს და 6 ერში არავინ შეგვიშვებს. ჩვენ გუშინ დაგპირდით, რომ კარგ რაგბის ვითამაშებდით. ტიერ ერთთან მხოლოდ ერთი თამაში არაფერია, ჩემი მესიჯი ასეთია: გვათამაშეთ დიდ გუნდებთან! ამ თამაშმა რაგბის მამები უნდა დააფიქროს, რომ ეს ვიწრო თამაში არაა და უნდა გახსნან კარი.
კრიტიკაზე ნეგატიური დამოკიდებულება არ გვაქვს, მთავარი ისაა, რომ საქმის კეთებას არასდროს ვაკლებთ. ძალიან რთული პრობლემები გავიარეთ. მაგალითად, თაობათა ცვლა. ახალგაზრდა მოთამაშეს სადღაც უნდა ენდო, ზოგჯერ ეს არ ამართლებს. ბევრი დასანანი მატჩი გვქონდა.
“რვა ერზე” ასეთი მესიჯი გვქონდა – ყველა შეხვედრაში ბოლომდე გვეთამაშა და ტაბლოზე არ შეგვეხედა. დღეს ასეთი დღე არ იყო და ტაბლოს შევხედეთ. ჩვენზე ბევრი კრიტიკა მოდის, სელექციას გვიწუნებენ და ერთის ნაცვლად მეორეს გვთავაზობენ. ეს ხომ ამ ბიჭების შეურაცხყოფაა. ამ გამარჯვების შემდეგ დიდი თავდაჯერება გვექნება და ამ გზაზე ძალიან გამოგვადგება.
იტალიის მწვრთნელმა მომილოცა და მითხრა, პოზიტიური კითხვები გექნებაო. კრიტიკაზე ნეგატიური დამოკიდებულება არ გვაქვს. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ხალხს ჩვენი სჯეროდეს როგორც წაგების, ისე მოგების დროსაც. იტალიამ ყველაფერი სცადა, რომ მოეგო, მაგრამ ჩვენ მოვიგეთ.
გაწბილებული გულშემატკივრის ნახვა წაგებულ მატჩზე უარესია. მარტივი მატჩი არ იყო. იტალიელებმა ყველა ეტაპზე სცადეს, ეს შედეგი ყველა მეთოდით დაეტრიალებინათ.
აბულაძემ ეს ნდობა დაიმსახურა. მან ძალიან ბევრი იშრომა. ამდენი ხნის განმავლობაში ნაკრებში შანსს ელოდებოდე, მარტივი არაა. ჩაჩანიძეს დიდი ხანია ვაკვირდებოდით. ის არ აკმაყოფილებდა ეროვნული ნაკრების პარამეტრებს და მისი გამოძახება ამიტომაც დავაგვიანეთ. მწვრთნელებისგან ნდობა და გარკვეულწილად, რისკიც იყო, თუმცა ამის არ შეგვშინებია.
იტალიელები ემოციურები არიან. ზუსტად ვიცოდით, ტემპერატურა იმაზე მაღლა არ ამეწია, ვიდრე საჭირო იყო. ჩვენ უკეთ ვმართეთ ემოციები და შესაბამისად – თამაშიც”.
16 ივლისს ბორჯღალოსნები ზაფხულის სერიის მესამე მატჩს ქუთაისში, პორტუგალიასთან გამართავენ. შარიქაძემ აღნიშნა:
„გასახდელში რომ შევედით რამდენიმე მოთამაშემ ერთმანეთს გადავხედეთ და ვთქვით, ისე არ დაგვემართოს, რომ ახლა პორტუგალიასთან სირცხვილი ვჭამოთო. იოლი არ იქნება, მაგრამ ვნახეთ როგორი კარგი გუნდი ყავს პორტუგალიას, დაუფასებლობას არავინ გვაპატიებს და სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ მაგ თამაშისთვის მომზადება“.
„სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო. მოსამზადებელი პერიოდით და თამაშის ორგანიზებით კმაყოფილი ვარ. ის სრულად შეესაბამებოდა ტიერ1-ის დონეს. შეხედეთ რამდენი ჟურნალისტია, რამდენი კამერაა, ბოლოს აღარც მახსოვს როდის ვიყავი ასეთ პრესკონფერენციაზე“ – განაცხადა იტალიის მთავარმა მწვრთნელმა ქირან ქროულიმ და თამაში შეაფასა:„ეს შესანიშნავი დღეა საქართველოსთვის, მათ მოგება ჩვენზე მეტად დაიმსახურეს. საქართველოს კარგი უკანახაზელები ყავს, ნინიაშვილი საოცრება იყო. რთულ მატჩს ველოდით და კარგად მოვემზადეთ. სიურპრიზი არ ყოფილა, უბრალოდ ვიღაცას უნდა წაეგო და მეტოქემ მოგება მეტად დაიმსახურა“.