“ბორჯღალონების” ისტორიული გამარჯვება იტალიასთან

0
62

ბათუმის „აჭარაბეთ არენას“ სავსე ტრიბუნებიდან გულშემატკივრების შეძახილებით გამხნევებულმა ბორჯღალოსნებმა, იტალიას ერთის პასუხად სამი ლელო გაუტანეს და ისტორიაში პირველად ტიერ1-ის გუნდი დაამარცხეს – 28:19.
იტალიასთან მანამდე ოთხჯერ გვქონდა ნათამაშები, ოთხივეჯერ სტუმრად და ყველა თამაში მასპინძლებმა მოიგეს (1998 წელს – 31:14, 2000 წელს – 51:7, 2003 წელს – 31:22), ბოლოს 2018 წელს ფლორენციაში 28:17. „აძურის“ საქართველოში ჩამოსვლა ქართული რაგბის და მისი გულშემატკივრის დიდი ხნის ოცნება იყო და ის 10 ივლისს ახდა.
რადგან იტალია ექვსი ერის გუნდებიდან საქართველოსთან ყველაზე ახლოა, თამაშის მიმართ ინტერესი ძალიან დიდი იყო. პირდაპირი ტელერეპორტაჟები გადაიცა Sky TV-ზე და ლათინურ ამერიკაში. ამ მოვლენას ბათუმიდან აშუქებდა საერთაშორისო პრესა, მათ შორის Rugby Pass.
იტალია ტიერ1-ის მეორე გუნდია (შოტლანდიის შემდეგ), რომელიც სათამაშოდ საქართველოში ჩამოვიდა და ქართული რაგბი სათანადოდ მოემზადა. საზეიმო განწყობის შექმნა მატჩამდე ორი დღით ადრე დაიწყო. გაიმართა კონცერტები, მოეწყო მსვლელობები, ჩატარდა ტურნირი ქვიშის რაგბში. შესანიშნავი „აჭარაბეთ არენა“ საზეიმოდ მოირთო. თამაშზე მისულ ყველა გულშემატკივარს სკამზე საქართველოს დროშა დახვდა.
გუნდების სათამაშოდ გამოსვლას ემოციების მოზღვავების კულმინაცია მოყვა. საქართველოს ჰიმნი სოფო ხალვაშთან ერთად გულშემატკივარმა ცოცხლად შეასრულა და სარაგბო ზეიმი საქართველომ ნანატრი მოგებით დაასრულა.

სამი ლელო ერთ ტაიმში

მთელი 80 წუთის განმავლობაში თამაშს უძღვებოდა და გულშემატკივარს იყოლიებდა ლევან ჯობავა. შექმნილმა მუხტმა ბორჯღალოსნებს მოტივაცია გაუასმაგა და პირველიდან ბოლო წუთამდე ჩანდა, ყველა მათგანი მზად იყო მოედანზე ყველაფერი დაედო, ოღონდ გულშემატკივარი გაეხარებინა.
„არ მახსენდება საქართველოში ჩატარებული არცერთი თამაში, რომელშიც გულშემატკივარი ასე აქტიურობდა. საოცრება იყო, 100 წელი რომ ვიცოცხლო არასდროს დამავიწყდება. ძალიან დიდი მადლობა მათ – ამ თამაშში გადამწყვეტი როლი ითამაშეს. მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენ ვგრძნობდით ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას რომ გულშემატკივარისთვის ამ ისტორიულ მატჩში გული არ დაგვეწყვიტა და ეს გამოგვივიდა“ – თქვა ნამატჩევს ბორჯღალოსნების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.
პირველი ტაიმის საწყის და ბოლო 15 წუთში ყველაფერი კარგად გამოდიოდა, შუალედში კი, სტუმრებმა დაწინაურებაც კი მოახერხეს. მთელი თამაში მრავლად იყო ფეხით დარტყმები და საბრძოლო ბურთებს ხშირად ჩვენები იგებდნენ, რასაც ორი ლელოც მოყვა.

თამაში ორივე გუნდმა ნერვიულად დაიწყო, რასაც თან ახლდა ტექნიკური წუნი და შეცდომები. მე-8 წუთზე მეტოქეს ჩვენი 22-ის ხაზთან ამოვაცალეთ ბურთი და კონტრშეტევა წამოვიწყეთ, მაგრამ რადგან წინსვლა არ იყო ფეხით საბრძოლო ბურთი გადავკიდეთ და იტალიელები დავაჯარიმეთ. 45 მეტრიდან დარტყმაც შეიძლებოდა, თუმცა ლელოზე თამაში ვარჩიეთ. 10-მეტრიდან მოლი ვერ დავძარით, ფორვარდების დარტყმებს მცველები მაგრად დაუხვდნენ, ვასილ ლობჟანიძემ ფანტაზია ჩართო და ბურთი ფეხით შეაცურა ლელოში, მას სანდრო თოდუა მიყვა და ზედ კიდესთან დაამიწა, რაც ვიდეო რეფერიმ დაადასტურა. ეს თოდუას 99-ე ტესტ-მატჩი და მე-15 ლელო იყო. თედოს გარდასახვა გაუცუდდა – 5:0 მე-11 წუთზე.
სამიოდე წუთში ფეხით გადაკიდებული ბურთი დავით ნინიაშვილმა ჩვენს ნახევარზე დაიჭირა, ფინტით პირველი მბოჭავი ჩამოიცილა და მარჯვენა ფრთაზე შეუტია, საჭირო დროს ოვალი თედო აბჟანდაძეს გაატანა, რომელმაც თავის მხრივ, ფინტით ბოლო მცველიც ჩამოიშორა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო. მალე მან უპირატესობის გაზრდა ცენტრიდან სცადა, მაგრამ ჯარიმის შესრულებისას მიზანმა ცოტათი უმტყუნა.

ტაიმის შუაში იტალია გააქტიურდა და მძლავრად შემოგვიტია, მათი მოლი შევაჩერეთ, თუმცა ბურთი ფრთაზე გავიდა, ორი ბოჭვა გაფუჭდა და ტომაზო მენონჩელომ ერთი ლელო გაქვითა, ტომაზო ალანმა კი გარდასახა. 27-ე წუთზე ჩვენს ნახევარზე დავკარგეთ ბურთი და სწრაფი კონტრშეტევა მივიღეთ, კარის წინ დავჯარიმდით და ალანმა სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა.
თამაში განახლდა თუ არა ბექა გორგაძე მეტოქეს ბურთში ჩაუჯდა და დააჯარიმა. აბჟანდაძის დარტყმული ძელმა აისხლიტა, ბურთი მაინც ჩვენ დაგვრჩა, თუმცა იტალიამ კარგი დაცვა დაგვახვედრა. 32-ე წუთზე სტუმრებმა კარის წინ 40 მეტრიდან ჯარიმა გაიტანეს და ერთი ქულით დაწინაურდნენ. პასუხად ნინიაშვილმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, 36-ე წუთზე ჩვენს ნახევარზე, ცენტრის სიახლოვეს ორ იტალიელს საჰაერო ბრძოლა მოუგო და დაიძრა, ერთ მცველს მარჯვენა ფრთაზე გაექცა და შიგნით შესულს ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა. რაქს ფორვარდების სამი დარტყმა მოყვა, რის შემდეგაც ბურთი ხაზზე გავიდა და აბჟანდაძემ კარის წინ ხაზი გაჭრა, ლელო ძელებსშუა გაიტანა და თავადვე გარდასახა – 19:13.
შესვენებამდე სტუმრებმა დიდი შტურმი მოგვიწყვეს, თუმცა ტრიბუნების შეძახილების ფონზე, ბორჯღალოსნებმა თავდადებული დაცვა ითამაშეს, მომაკვიდნებელი ბოჭვით კი ბექა გიგაშვილმა ტაიმი დაასრულა.

დაძაბულობის პიკი

შესვენების შემდეგ საწყისი წუთები სტუმრების იყო. მათ რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა და შეტევა განახორციელეს და ლელოსთან ახლოს იყვნენ, თუმცა წითელ ზონაში დაცვა მაგრად დადგა. მერე მასპინძლებმა შეძლეს თამაშის სასურველ ზონაში გადატანა და სასურველი ჯარიმების გამომუშავება. კარგად ითამაშეს შეცვლაზე შესულმა მორაგბეებმა, მათ შორის დებიუტანტებმა ნიკა აბულაძემ და ლადო ჩაჩანიძემ.
მეორე ტაიმიც იტალიის შეტევებით დაიწყო. მასპინძლები შეცდომებს უშვებდნენ, რის გამოც რამდენიმე კონტრშეტევა ვერ წამოვიღეთ, თუმცა თავგანწირვამ აქაც გამოიღო შედეგი და სტუმრებმა 52-ე წუთზე ჯარიმითღა შეძლეს 3 ქულის აღება. საქართველომ წნეხი გააძლიერა, 56-ე წუთზე მეტოქეს შეცდომა დააშვებინა და აბჟანდაძემ ახლოდან 6-ქულიანი სხვაობა აღადგინა. ტაიმის შუაში გიორგი ჭყოიძე და გიგაშვილი ჩავიდნენ ბურთზე და იტალია კიდევ ერთხელ დააჯარიმეს. გელა აფრასიძემ კარიდან მარჯვნივ, 40 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი კვლავ ძელმა აისხლიტა.

დაძაბულობა პიკს აღწევდა, როდესაც აფრასიძემ თავისი ნახევრიდან მიუთითა კარისკენ, 55 მეტრიდან დაჰკრა და ბურთი ძელებსშუა გააძვრინა. იტალიამ თამაშის გადარჩენა სცადა და 73-ე წუთზე გატანილი ჯარიმით კვლავ 6 ქულის ფარგლებში დაბრუნდა. დასკვნითი წუთები საქართველომ დამაჯერებლად ჩაატარა. მართალია 75-ე წუთზე მეტოქის შერკინებაში მოპოვებული ჯარიმა აფრასიძემ ვერ გაიტანა, მაგრამ 77-ე წუთზე აბჟანდაძე კარის წინიდან ზუსტი იყო. ამან იტალია აიძულა საფინალო სასტვენამდე 40 წამით ადრე ჯარიმა კარში დაერტყა, მაგრამ სიჩქარეში ბურთი მიზანს აცდა და საბოლოო, ისტორიული შედეგი დაფიქსირდა – 28:19!

ნამატჩევს

საფინალო სასტვენისთანავე მოედანზე ზეიმი დაიწყო. მოედანზე გავიდნენ ვეტერანი მორაგბეები, რომლებმაც ქართული რაგბი სისხლით და ოფლით აქამდე მოიყვანეს. ბორჯღალოსნებს გამარჯვება პირადად მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყნის და აჭარის მთავრობის წევრებმა, რაგბის კავშირის პრეზიდემტმა სოსო ტყემალაძემ და სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა.

10 ივლისი. ბათუმი. აჭარაბეთ არენა
საქართველო – იტალია 28:19 (19:13)
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემურ თაფლაძე.

3 ლელო: თოდუა, აბჟანდაძე (2)

2 გარდასახვა: აბჟანდაძე

3 ჯარიმა: აბჟანდაძე (2), აფრასიძე