საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში ზედიზედ სამი მატჩის მოგების შემდეგ, ივნისის ფანჯარა ბულგარეთთან საშინაო ყაიმით დაასრულა. ამ ნაკრებებს შორის თბილისში შეხვედრა უგოლოდ მეორედ დასრულდა. პირველად საქართველო და ბულგარეთი მსოფლიო 2010 წლის ჩემპონატის შესარჩევ ციკლში 2008 წლის 15 ოქტომბერს დაზავდნენ, როდესაც ჩვენ გუნდს არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა.
თამაშის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ სტუმრებს საჩუქრად თბილისში მომხდარი ავტოავარიის დროს დაშავებული ტოდორ ნედელევის პატივსაცემად ჩარჩოში ჩასმული 8-ნომრიანი მაისური გადასცა. ნედელევი ბულგარელთა რიგებში სწორედ ამ ნომრით ასპარეზობს.
ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრასთან შედარებით ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობაში 7 ფეხბურთელი შეცვალა – პირველი წუთიდან მოედანზე მხოლოდ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ხვიჩა კვარაცხელია და დავით ხოჭოლავა იყვნენ, მიმდინარე შესარჩევში სასტარტოში პირველად მოხვდა ვაკო ყაზაიშვილი, ხოლო ლაშა დვალმა საერთოდ პირველად ითამაშა.
სანიოლმა დაცვის ცენტრში კაშია, ხოჭოლავა და დვალი დააყენა, რომლებსაც მარჯვნიდან ხაბა ლობჟანიძე ეხმარებოდა, ხოლო მარცხნიდან – ირაკლი აზაროვი. ნახევარდაცვის ცენტრში ნიკა კვეკვესკირი და ანზორ მექვაბიშვილი მოქმედებდნენ, მათგან ოდნავ მარჯვნივ ყაზაიშვიოი იყომ მარცხნივ კი – კვარაცხელია. თავდასხმაში მხოლოდ გიორგი მიქაუტაძე ირჯებოდა.
მატჩის დებიუტში კვარაცხელია ბალკანელთა საჯარიმოში ერთ მცველს გასცდა, ხოლო მეორესთან ორთაბრძოლაში დაეცა და მსაჯს პენალტის დანიშვნის საბაბი ჰქონდა, მაგრამ თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა,
მე-8 წუთზე სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ნედელევისადმი მხარდაჭერა აპლოდისმენტებით გამოხატეს. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ბულგარეთის ნაკრები ფრეზე აშკარად თანახმა იყო და ორი ტაიმი თავს იცავდა. მე-18 წუთზე კვარაცხელიას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, კაშიამ ახლო მანძილიდან თავით ბურთი კარს ააცილა. 36-ე წუთზე, კვარაცხელიას მორიგი კუთხურის მერე, ამჯერად დვალის თავური არაზუსტი აღმოჩნდა.
56-ე წუთზე, მარცხენა ფლანგზე საუცხოოდ ითამაშა კვარაცხელიამ, რომელიც ჯერ ერთ მცველს გაექცა, შემდეგ მეორეს და მეტოქის საჯარიმოში გახსნილი მიქაუტაძე მოძებნა, რომელმაც მცველს დაასწრო, მაგრამ ბურთი კარში ვერ გადაგზავნა.

66-ე წუთზე მექვაბიშვილის კარგი გადაცემის მერე, მიხაილოვთან პირისპირ დარჩენილმა კვარაცხელიამ მეკარეს ბურთი თავს ზემოდ გადაუგდო, თუმცა დარტყმული სუსტი აღმოჩნდა და ბულგარელმა მცველმა თავისი გუნდი აშკარა გოლის გაშვებისგან იხსნა. ეს ეპიზოდი ამით არ დასრულებულა და მარჯვენა ფლანგიდან ლობჟანიძის გადაცემის მერე მიქაუტაძემ თავით დაარტყა, მაგრამ მიხაოლოვმა ნახტომში ურთულესი ბურთი მოიგერია.
ბულგარელებმა ლორიას კარში პირველად და უკანასკნელად 73-ე წუთზე დაარტყეს, მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარეს ბურთის ხელებში დაჭერა არ გაჭირვებია. 85-ე წუთზე გიორგი წიტაიშვილი მარცხენა ფლანგზე ერთ მცველს გაექცა და პასი ბუდუ ზივივაძეს მისცა, რომელმაც ვარდნაში დაარტყა, ხოლო ბურთი ბულგარელი მოთამაშის ფეხიდან კუთხურზე გადავიდა.
მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში კვეკვესკირის ჩაწოდების მერე სტუმართა მცველმა თავისი საჯარიმოში ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც ზურიკო დავითაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან მიწაზე დაუშვებლად ხეირიანად ვერ დაარტყა.
თამაშის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა მოედანს წრე დაარტყეს და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს, ხოლო კაშიამ და ლორიამ ქომაგებს თავისი მაისურები უსახსოვრეს.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 4 თამაში 10 ქულა დააგროვა და ჯგუფში ლიდერია. მეორე ადგილზე მაკედონიაა, რომელმაც შინ გიბრალტარი 4:0 დაამარცხა. ბულგარეთი 3 ქულით მესამეა და პირველი ადგილისთვის ბრძოლას გამოეთიშა. გიბრალტარეს 1 ქულა აქვს.
სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ზედიზედ 9 შეხვედრიდან 7 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. ჩვენმა გუნდმა 7 თამაშში გოლი არ გაუშვა.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში მომდევნო შეხვედრას 23 სექტემბერს შინ მაკედონიასთან ჩაატარებს, რომელიც სტუმრად 3:0 დაამარცხა, ხოლო 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტარს შეხვდება.

საქართველო – ბულგარეთი 0:0
12 ივნისი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“.
საქართველო: ლორია; ხოჭოლავა, კაშია, დვალი; ლობჟანიძე, მექვაბიშვილი (დავითაშვილი 63), კვეკვესკირი, აზაროვი (კიტეიშვილი 63); ყაზაიშვილი (წიტაიშვილი 52), მიქაუტაძე (ზივზივაძე 80), კვარაცხელია
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
ბულგარეთი: იხაილოვი; ტურისტოვი, ჩორბაძისკი, გალაბოვი, ნედიალკოვი; მ. მიჩნევი (ჩოჩევი 85), კოსტადინოვი, მილანოვი, კრაევი; ილიევი (გ. მინჩევი 51), სტეფანოვი (მალინოვი 65)
მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი: გეორგი ივანოვი.
გაფრთხილება: მ. მინჩევი (54), დავითაშვილი (67), კოსტადინოვი (75)
მთავარი მსაჯი: ესპენ ესკასი (ნორვეგია).






