ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ ერთა ლიგაში შინ საქართველოს ნაკრებთან 0:3 წაგების შემდეგ, თავის ფეხბურთელებს არ უსაყვედურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს მისი გუნდის მაქსიმუმია.
ბლაგოია მილევსკი: “პირველ ყოვლისა, საქართველოს გამარჯვებას ვულოცავ, ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. თამაშს 50 წუთი მაინც ვაკონტროლებდით, შემდეგ ფიზიკურმა დაღლილობამ თავი იჩინა, საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ჩვენზე უკეთ მომზადებული იყო.
ბიჭებს ვერაფერს დავაბრალებ, ეს არის ჩვენი მაქსიმუმი ამ დროსთვის, ვწუხვარ, რომ იმ მომენტში, როცა უპირატესობას ვფლობდით, ორი ან მეტი გოლი ვერ გავიტანეთ. ბოლო პასის პრობლემა გვქონდა. კალენდარი ძალიან მჭიდროა, ამიტომ როტაცია მოგვიწევს და ხვალიდან ვნახავთ ვინ იქნება მზად კვირის მატჩისთვის. ერთა ლიგის გრაფიკი სიგიჟეა, ათ დღეში ოთხი მატჩის ჩატარება არაადამიანურია.
მადლობელი ვარ ყველას, ვინც საგულშემატკივროდ მოვიდა. ეს იმის ნიშანია, რომ ისინი ხედავენ მოედანზე ბიჭების დახარჯულ ენერგიას. ეს აპლოდისმენტები ჩვენთვის რაღაცას ნიშნავს, მიუხედავად ცუდი შედეგისა, ჩვენი მოვალეობაა, რომ მომდევნო მატჩში ფანებს ვალი გადავუხადოთ.
პირველი ადგილის შანსი დავკარგეთ? ჩემი ნაკრებში მოსვლის პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც მოგვიანებით იწყება. ერთა ლიგის მატჩები იმ საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ნაწილია. ამ ტურნირის შემდეგ სექტემბერში უფრო ნათელი სურათი გვექნება რა პოტენციალი გვაქვს. ერთა ლიგის დასრულებამდე კიდევ სამი მატჩია, ადვილი მეტოქე არ არსებობს, ნახეთ, რომ გიბრალტარმა ბულგარეთთან არ წააგო, ყველა მეტოქე იმსახურებს პატივისცემას, ყველა პროგრესირებს. სანამ არის შანსი, ჩვენი მიზანი იგივეა, ვიბრძოლებთ სასურველი მიზნისთვის. ჯერ კვირას უნდა მოვიგოთ და შემდეგ სექტემბერში ბოლო ორი მატჩი”.
საქართველოს ნაკრების ერთა ლიგაში მომდევნო მატჩს 12 ივნისს თბილისში ბულგარეთთან ჩაატარებს.





