გურამ კაშია: “მწვრთნელის ტაქტიკურ დავალებას თავი კარგად გავართვით”

0
55

გურამ კაშიას მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან პირველი ტაიმი კარგად ვერ ითამაშა, ხოლო შესვენების შემდეგ მწვრთნელის მიერ განხორციელებულმა ტაქტიკურმა ცვლილებებმა გაამართლა. ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანმა ამის შესახებ ერთა ლიგაში სკოპიეში 3:0 მოგებული მატჩის მერე ისაუბრა.
გურამ კაშია: “პირველი ტაიმი კარგად ვერ ვითამაშეთ, მეორე ტაიმში მწვრთნელმა ტაქტიკური ცვლილებები დაგვავალა, რასაც თავი ძალიან კარგად გავართვით. მეორე ნახევარში უფრო გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ და ბევრი მომენტი შევქმენით, რაც მისასალმებელია. საერთო ჯამში, ძალიან მაგარი შეკრებაა, კმაყოფილები ვართ და ვულოცავთ ქართველ გულშემატკივარს. ძალიან კარგია, რომ გასვლაზე გვახლდნენ. ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ, რადგან ძალიან რთული 3 თამაში გვქონდა. 2 დღე გვაქვს ამისთვის და გვინდა 12 ქულა დავაგროვოთ.
10 დღეში 4 თამაშის ჩატარება თითქმის შეუძლებელია ფეხბურთელებისთვის, მაგრამ ამ თამაშიდან იმდენად კარგი ემოცია მივიღეთ, რომ ალბათ კიდევ ერთ თამაშსაც გავძლებთ. რაც მთავარია, ძალები უნდა აღვიდგინოთ, რომ მეოთხე მატჩისთვის 100%-ით მზად ვიყოთ, რადგან ბულგარეთთან მატჩის მოგებით ჯგუფის მოსაგებად დიდ ნაბიჯს გადავდგამთ“.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში მომდევნო მატჩს 12 ივნისს თბილისში ბულგარეთთან ჩაატარებს.