ვაისი „სლოვანში“ კაშიასა და კანკავას აღარ გაწვრთნის

0
59

საქართველოს ეროვნული ნაკრები ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მომავალ სეზონში ბრატისლავას „სლოვანს“ აღარ გაწვრთნის. ამის შესახებ სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახური იუწყება.
კლუბის გენერალური დირექტორის ივან კმოტრიკ-უმცროსის განცხადებით, ვაისთან განშორების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მწვრთნელი ახალი ფეხბურთელებით შემადგენლობის გაძლიერებას ითხოვდა, ხოლო „სლოვანის“ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ეს შეუძლებელი იყო. ამის გამო, ბრატისლაველებმა 57 წლის სპეციალისტს ახალი ხელშეკრულება არ შესთავაზეს.
ვაისმა „სლოვანს“ 2020-2021 წლების სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატი და თასი მოაგებინა, ხოლო გასულ სეზონში მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ოქროს მედლები ზედიზედ მეორედ მოიპოვა, თასის ფინალში კი, ტრნავის ”სპარტაკთან“ დამარცხდა.
სწორედ ვაისმა მიიწვია „სლოვანში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ვიცეკაპიტანი ჯაბა კანკავა.