ნიკა კვეკვესკირის თქმით თუ საქართველოს ნაკრები ხვალ სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაიმარჯვებს, ამ ფაქტს 2020 წლის ნოემბერში ერთა ლიგის D ლიგის ფინალში განცდილი მარცხისთვის რევანშად ვერ აღიქვამს. ეროვნული გუნდის ვიცეკაპიტანმა ამის შესახებ მომავალი მატჩის წინ გამათულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნიკა კვეკვესკირი: „ის თამაში ყველას გვახსოვს, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი. იმ თამაშის წარუმატებლობა ისევ ჩვენთან ერთად არის და მთელი კარიერა გაგვყვება ის მიუღწეველი მიზანი, რასაც ვერ მივაღწიეთ. თუმცა, რევანშისტულ განწყობაზე საუბარი რთულია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი თამაში არ არის და მე პირადად გამარჯვების შემთხვევაშიც კი ვერ აღვიქვამ, როგორც რევანშს.
უბრალოდ ხვალ გვაქვს კონკრეტული მიზანი, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ გუნდის ატმოსფერო იმიტომ არის ასეთი კარგი, რომ ყველას ჩათვლით, ვთამაშობთ საქართველოსთვის, ამით არის ყველა ბედნიერი და ამიტომაც არის გუნდური სულისკვეთება, კარგი ატმოსფერო, ფეხბურთელებს შორის კარგი ურთიერთობა. ხვალინდელი თამაში რევანშზე უფრო ჩვენი ხალხისთვის თამაშია, რომ ისინი გავახაროთ და მგონი, რომ ხმამაღალი განცხადებები და რევანშისტული განწყობა მეორე პლანზეა ამ ეტაპზე. ახლა კონკრეტული მიზანი გვაქვს, რომელიც უნდა შევასრულოთ.
პენალტის შესრულება? ზოგადად, ისეთი ფეხბურთელების კატეგორიას მივეკუთვნები, ვისაც საგოლე პასი და თანაგუნდელების დახმარება ურჩევნია გოლს. პენალტის შესრულება ჩემი და გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომ ნაკრებში პირველი გოლი გამეტანა, რაც სამწუხაროდ ვერ გავაკეთე. რა თქმა უნდა, გავიტან თუ არა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გოლის გატანის მოტივაციით არ გავდივარ მინდორზე, იმისთვის გავდივარ, რომ გავიმარჯვოთ – ეს მოტივაცია მქონდა, მაქვს და ყოველთვის მექნება”.
საქართველოს ნაკრები 6 ქულით მე-4 ჯგუფის ლიდერია, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონია 4 ქულით მეორეა.
ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის მატჩი სკოპიეში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.