საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რუსთავის აკადემიის მოედანზე, სომხეთის ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში – 3:2 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 21-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს – სწრაფად განვითარებული კონტრშეტევა გოლით დასრულდა. პირველი ტაიმის ბოლოს კი სომხებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს.
ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა, მატჩის შემობრუნება მეორე ტაიმის ბოლო 5 წუთში შეძლო. შეცვლაზე შემოსულმა ლუკა პარკაძემ 87-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა. 91-ზე პარკაძეს პასით გაბრიელ სიგუამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი ლაშა კალანდაძემ გაიტანა, რომელმაც ლუკა წულუკიძის მიერ შესრულებული გადაცემა ზუსტად გამოიყენა.
18-წლამდელები, ამ შეკრების ფარგლებში, სომხეთთან მეორე ამხანაგურ მატჩს 8 ივნისს, 12:00 საათზე, ისევ რუსთავის აკადემიის მოედანზე ჩაატარებენ.
ლაშა ფირცხალაიშვილი: “ვერ ვიტყვი, რომ მეტოქის დაუფასებლობას ჰქონდა ადგილი. გვქონდა მომენტები, ძირითადად ინიციატივა ჩვენი იყო, შეცვლებმაც გაამართლა და ის ერთსულოვნება, რაც ამ გუნდს აქვს, გამოჩნდა კიდევ ერთხელ და ეს არის ჩემთვის ყველაზე სასიხარულო”.
მატჩის ოქმი – საქართველო 3:2 სომხეთი





