ნიკა კვეკვესკირი: “მაღალი კლასის ფეხბურთელები გვყავს”

0
100

ნიკა კვეკვესკირის მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს ძალიან მაგარი ხარისხის ფეხბურთელები ჰყავს. ეროვნული გუნდის ვიცეკაპიტანმა ამის შესახებ ერთა ლიგაში რაზგრადში ბულგარეთთან 5:2 მოგების შემდეგ განაცხადა.
ნიკა კვეკვესკირი: “ვულოცავ გულშემატკივარს და მთლიანად საქართველოს. მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვება იყო თუ იმას გავითვალისწინებთ, რა ისტორიაც გვაქვს ბულგარეთთან და განსაკუთრებით გასვლით მატჩებში. ეს ფაქტი ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია იყო. ვფიქრობ, სამწვრთნელო შტაბმა მთლიანად მიაგნო ოპტიმალურ ტაქტიკას, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ჩვენს გუნდს, ჩვენს სათამაშო სტილს, ფეხბურთელების ინდივიდუალურ მახასიათებლებს. პლუს ამას, მართლა ძალიან მაგარი ხარისხის ფეხბურთელები გვყავს, როგორც ძირითადში, ისე სკამზე. ამას დამატებული უდიდესი მოტივაცია, რომელიც გაგვაჩნია. სათამაშო დისციპლინამ გამოიწვია ის შედეგი, რომელიც გვაქვს, მაგრამ ჯერ არაფერი დამთავრებულა და საქმე გასაკეთებელია. არ იყო სრულფასოვანი რევანში, იმიტომ, რომ პენალტი ვერ გავიტანე და 6:2 მოგვეგო სჯობდა. უბრალოდ გვინდა, რომ ერთა ლიგაზე წარმატებით გამოვიდეთ და უპირველესი მოტივაცია ეს იყო. ის მწარე გამოცდილება, რომელიც წინა ერთა ლიგიდან გვაქვს, გვინდა, რომ გამოვასწოროთ”.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში ჩრდილოეთ მაკედონიას 9 ივნისს სკოპიეში შეხვდება.