ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაში რევანშის ასაღებად ჩავა. მან ამის შესახებ ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში სტუმრად ბულგარეთთან 5:2 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
ხვიჩა კვარაცხელია: “პირველ ყოვლია ბულგარეთში ბოლო მარცხისთვის რევანშზე ვფიქრობდით, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, 3 ქულა მოვიპოვეთ და ქართველი გულშემატკივრები გავახარეთ. რა თქმა უნდა, ყველა თამაშში მოსაგებად გავდივართ, მეტოქეს და გვარებს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. მოხარული ვარ, რომ ჩემს გუნდს დავეხმარე და ჩრდილოეთ მაკედონიაშიც რევანშისთვის ჩავდივართ, რადგან მაგათთან გვაქვს ძალიან დიდი რაღაცა დარჩენილი, რაც უკან უნდა დავიბრუნოთ, მოვიპოვოთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი ქომაგები გავახაროთ. ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა. ჩემი აზრით, რამდენ გოლს გავიტანთ მნიშვნელოვანი არაა, მთავარი გამარჯვებაა. რა თქმა უნდა, კარგია, 2:0 ან უფრო დიდი სხვაობით მოგება, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ თითოეული მომენტის გამოსაყენებლად, დღეს შრომა დაგვიფასდა, 5 გოლი გავიტანეთ, მეტის გატანაც შეგვეძლო და მუშაობას გავაგრძელებთ. წაუგებელ სერიასთან დაკავშირებით ერთ მიზეზს ვერ გამოვყოფ. გუნდში ერთსულოვნებაა, კარგი ატმოსფეროა, ერთი ოჯახი ვართ, ყველა გამარჯვებისკენ მივისწრაფვით და როცა ამდენი ხალხი მოგვყვება გასვლაზე, ყველაფერს ვიზამთ, რომ მაქსიმუმს მივაღწიოთ”.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში ჩრდილოეთ მაკედონიას 9 ივნისს სკოპიეში შეხვდება.





