საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა დამაჯერებელი მოგებით დაიწყო

0
77

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის 2022-2023 წლების გათამაშება C ლიგის მე-4 ჯგუფში გიბრალტართან საშინაო შეხვედრაში გამარჯვებით დაიწყო. ჩვენმა გუნდმა არსებობის ისტორიაში გიბრალტარელებს ზედიზედ 5-ჯერ სძლია და ორჯერ 4 უპასუხო ბურთი გაუტანა.
მატჩის დაწყებამდე ეროვნული გუნდიდან ჯანო ანანიძე გააცილეს, რომელმაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მან 2009 წლიდან მოყოლებული საერთაშორისო დონეზე ჩატარებულ 45 თამაშში 7 გოლი გაიტანა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა და ნაკრებების კურატორმა ალექსანდრე იაშვილმა 29 წლის ანანიძეს სპეციალური ჯილდო გადასცა, რომელიც ფეხბურთელის მიერ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობას ასახავს. ანანიძეს, რომელიც სტადიონზე თავის შვილებთან ერთად იყო, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა საპატიო კორიდორი მოუწყვეს.

ვილი სანიოლმა სამი ცენტრალური მცველი გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა და ოთარ კაკაბაძე დააყენა, რომლებსაც მარჯვნიდან საბა ლობჟანიძე ეხმარებოდა, ხოლო მარცხნიდან – გიორგი წიტაიშვილი.მათ მთელი ფლანგი ებარათ. ნახევარდაცვის ცენტრში ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი აბურჯანია და გიორგი ჩაკვეტაძე მოქმედებდნენ. თავდასხმის დუეტი ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მიქაუტაძემ შეადგინეს.
შეხვედრის დებიუტში მეტოქის მეკარისა და მცველების შეცდომის შემდეგ, კვარაცხელიამ ბურთი ჩაჭრა და ცარიელ კარში გაგზავნა, მაგრამ გიბრა;ტარელმა ფეხბურთელმა გუნდი გოლის გაშვებისგან გადაარჩინა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, კვარაცხელია საჯარიმოში ორ მცველს გაექცა და შორეულ „ცხრიანში“ არაზუსტად დაარტყა.
მე-13 წუთზე წიტაიშვილმა კარგი პასი მისცასტუმართა მცველების ზურგსუკან გახსნილ კვარაცხელიას, რომელმაც ერთი შეხებით კოლეინგს ბურთი თავს ზემოთ ოსტატურად გადაუგდო – 1:0.
ანგარიშის გახსნიდან ორ წუთში გიბრალტარის უკანა ხაზის შეცდომის მერე, თავის გამოჩენის შანსი მიქაუტაძეს ჰქონდა, რომლის დარტყმული მცველმა „დაბლოკა“. ტაიმის შუაწელში ლობჟანიძემ „კედელი“ ჩაკვეტაძესთან გაითამაშა და საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა პასი მიქაუტაძეს მისცა, რომლის დარტყმული მეკარემ ნახტომში მეკარემ გაანეიტრალა. 27-ე წუთზე, მიქაუტაძემ ორი მოწინააღმდეგე „გააბრუა“ და შორეულ კუთხეში დაარტყა – კოლინგმა ისევ იყოჩაღა.
31-ე წუთზე კვარაცხელიამ კუთხური ჩააწოდა და კაშიას თავურის მერე ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. ერთ წუთში მარცხენა ფლანგიდან კვარაცხელიამ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა, სადაც ყველას კაშიამ დაასწრო და ანგარიში გაზარდა – 2:0.
35-ე წუთზე ჩაკვეტაძემ საუცხოოდ „შეუცურა“ პასი სტუმართა საჯარიმოში გახსნილ ლობჟანიძეს, რომელმაც მახვილი კუთხიდან დაარტყა და მეკარემ ბურთი უკუაგდო, ხოლო საჯარიმოს გარედან მექვაბიშვილის „გასროლის“ მერე კოლეინგს ბურთი მკერდში მოხვდა. ამ ეპიზოდის მერე კაკაბაძე გიბრალტარელ მოთამაშეს ეუხეშა და ორივე გუნდის ფეხბურთელები შეკამათდნენ, თუმცა ყველაფერი მშვიდად დასრულდა. 37-ე წუთზე, გიბრალტარის მეკარისა და მცველების მორიგი შეცდომის შემდეგ. წიტაიშვილი შორი მანძილიდან გოლის გატანას უშედეგოდ ეცადა. მე-40 წუთზე წიტაიშვილი გურამ გიორბელიძემ შეცვალა, რადგან მოწინააღმდეგესთან საჰაერო ორთაბრძოლის დროს თავის ტრავმა მიიღო. ტაიმის მიწურულს კვარაცხელიამ ცრუ მოძრაობით ერთო მცველი ჩამოიცილა, მაგრამ მეორე ბურთი ვერ ააცილა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში კვარაცხელიამ და ჩაკვეტაძემ სტუმართა საჯარიმოში „კედელი“ გაითამაშეს, ხოლო ხვიჩას დარტყმის მერე მეკარე ბურთს გადაეღობა. 54-ე წუთზე საჯარიმოში მარჯვნიდან შესული აბურჯანიას პასის შემდეგ, გიბრალტარელთა მცველმა ბურთი ცუდად მოიგერია, ლობჟანიძის დარტყმის მერე კი, ჩვენი მეტოქე მორიგი გოლისგან ზედა ძელმა იხსნა.
55-ე წუთზე ჩაკვეტაძემ ძველი დრო გაიხსენა და ჩვეულ სტილში რეიდი განახორციელა, რომელიც უზუსტო დარტყმით დაასრულა.
კაშიას შეცვლის შემდეგ, კაპიტნის სამკლავური კაკაბაძემ ჩაიბარა, რომელმაც ის მოგვიანებით ვიცეკაპიტან ნიკა კვეკვესკირს გადაულოცა.
75-ე წუთზე, ლობჟანიძის გადაცემისა და მიქაუტაძის მორიგი დარტყმის მერე, კოლეინგის ხელიდან ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 81-ე წუთზე, კვეკვესკირმა საუცხოო დიაგონალური პასით მოწინააღმდეგის საჯარიმოში გიორბელიძე მოძებნა, რომელიც ორ მცველს გვერდი აუარა, მაგრამ შეტევა გოლით ვერ დაასრულა.
87-ე წუთზე, ოთარ კიტეიშვილი ფილიგრანული პასის მერე, მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ლობჟანიძეს გატანა თავად შეეძლო, მაგრამ ბურთი მიქაუტაძეს გადააწოდა, რომელმაც ამჯერად შანსი ხელიდან არ გაუშვა – 3:0. ერთ წუთში შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ლობჟანიძემ თითქმის ანალოგიურ ვითარებაში უკვე ყაზაიშვილს გაატანინა.
სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა – 10 გაიტანა და 1 გაუშვა. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებს ზედიზედ 5 შეხვედრაში თავის კარში ბურთი არ მიუღია, რაც ახალი რეკორდია. მანამდე, ჩვენ გუნდს მიჯრით ოთხ მატჩში გოლი არ გაუშვია.
საქართველოს ნაკრები 5 ივნისს რაზგრადში ბულგარეთს შეხვდება, რომელმაც შინ პირველ თამაშში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ქულები გაიყო – 1:1.
საქართველო – გიბრალტარი 4:0 (2:0)
2 ივნისი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“.
საქართველო:
ლორია, კაკაბაძე, კაშია (კობახიძე 63), ხოჭოლავა; ლობჟანიძე, აბურჯანია (კიტეიშვილი 63), მექვაბიშვილი, წიტაიშვილი (გიორბელიძე 40); ჩაკვეტაძე (კვეკვესკირი 78), მიქაუტაძე, კვარაცხელია (ყაზაიშვილი 63).
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
გიბრალტარი: კოლეინგი, ვისემანი, ბრიტო, ანესლი (მუეჰლი 66), ჩიპოლინა; რონანი (ტორილა 46), ლოპესი, ჯოლი (ვალარინო 66); უოლკერი (ერნანდესი 73), სტიხი (კუმბესი 46), კაშიარო.
მთავარი მწვრთნელი: ხულიო რიბასი.
გოლები: 1:0 კვარაცხელია (12), 2:0 კაშია (33), 3:0 მიქაუტაძე (87), 4:0 ყაზაიშვილი (88)
გაფრთხილება:
ჯოლი (32), ბრიტო (36), ჩაკვეტაძე (36), გიორბელიძე (44) 
მთავარი მსაჯი:
მორტენ კროგი (დანია)