სეზონის საუკეთესო „ჯახი“ ბათუმში – „დინამოს“ ახალი სპონსორი ჰყავს

0
44

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში შედგა, სადაც „დინამო“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და ჯერჯერობით სეზონის საუკეთესო დაპირისპირება ფრედ დასრულდა.
ძალიან სანახაოებრივი მატჩის დაწყებამდე ბათუმის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ და დეველოპერული კომპანია „ლიქსინ გრუპის“ წარმომადგენელმა ურთიერთანაშმრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ბათუმელთა ახალი სპონსორი „დინამოში“ ერთი წლის განმავლობაში მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
მე-7 წუთზე მასპინძლების ხანგრძლივი შეტევა მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შესული გრიგოლ ჩაბრაძის გადაცემით და შორეულ ძელთან მყოფი ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტი დარტყმით დასრულდა – 1:0.
მე-9 წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და ილია ახვლედიანმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
მე-12 წუთზე ირაკლი აზაროვმა ძალიან ზუსტი დიაგონალური გადაცემით მეტოქის მცველებს ზურგსუკან გახსნილი წარმოშობით ბრაზილიელი, მაგრამ საქართველოს მოქალაქე ჯოვინო ფლამარიონი მოძებნა, რომელმაც ბათუმელები კიდევ ერთხელ დააწინაურა – 2:1. ამის შემდე, მას დუბლის შესრულება შეეძლო, როდესაც აზაროვის პასიხ შოვნაძესთან პირისპირ გავიდა და დაარტყა, მაგრამ „სამგურალის“ მეკარემ ბურთი მოიგერია.
მე-12 წუთზე, დემურ ჩიხლაძემ „დინამოს“ მცველების პოზიციური შეცდომით ისარგებლა და მასპინძლების საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე ჯეფერსონ ჯერალდო გაიყვანა, ხოლო ბრაზილიელმა თანაფარდობა აღადგინა – 2:2.
29-ე წუთზე კვარაცხელიამ საჯარიმო დარტყმა შეასრულა და შოვნაძემ ბურთი ნახტომში უკუაგდო.
41-ე წუთზე, ფლამარიონმა წყალტუბოელთა ნახევარზე საჰაერო ორთაბრძოლა დავით მაისაშვილს მოუგო, ბურთიანად წინ წაიწია და გამოზომილი პასი მისცა მეტოქის საჯარიმოში შეჭრილ ზურიკო დავითაშვილს, რომელმაც შავიზღვისპირელები კიდევ ერთხელ დააწინაურა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ბათუმელმა გულშემატკივრებმა მოედანზე ე.წ. „რბილი“ სათამაშოები გადმოყარეს და მხარდაჭერა ბავშვებს გამოუცხადეს. მსგავსი აქციები ევროპის სტადიონებზე ხშირად ხდება ხოლმე.
54-ე წუთზე, „სამგურალმა“ კუთხური გაითამაშეს და მიხეილ ბაშალეიშვილის გადაცემის მერე, ახლო მანძილიდან ირაკლი რუხაძემ თავით გაიტანა.
65-ე წუთზე, კვარაცხელია სოლო რეიდის დროს სამ მეტოქეს გაექცა და „სამგურალის“ საჯარიმოში შალვა ბურჯანაძემ წააქცია. მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა წყალტუბოელთა პროტესტის მიუხედავად პენალტი მაინც დანიშნა, რომელიც კვარაცხელიამ გაიტანა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი მე-8 გოლი მიითვალა.
83-ე წუთზე სიმდიაკინმა კუთხური ჩააწოდა და ნიკა კალანდარიშვილმა თავურით ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილი „დინამო“ 10-გუნდიან გათამაშების ცხრილს 35 ქულით ლიდერობს, ხოლო გია მიქაძის დამოძღვრილი „სამგურალი“ 30 ქულით მესამეა.