ფერნანდუ სანტუში: „მაკედონიასთან თამაში ძალიან რთული იქნება“

0
56

პორტუგალიის მთავარი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ სტუმრად იტალიის 1:0 დამარცხებით გაკვირვებული არაა და მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის ფინალში ბალკანელებთან რთულ დაპირისპირებას ელოდება. მან ამის შესახებ პორტუში თურქეთთან 3:1 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ჩრდილოეთ მაკედონიის გასვლით გაკვირვებული არ ვარ. ყოველი ასეთი მატჩი ფინალივითაა და შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. ჩვენი პირველი თამაში მოვიგეთ და ახლა მეორეშიც უნდა გავიმარჯვოთ. ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაპირისპირება ძალიან რთული იქნება.
თავის ისეთ მდგომარეობაში აღარ უნდა ჩავიყენოთ, როგორც თურქეთთან მატჩში მოხდა, როდესაც ბოლო წუთებში ჩვენს კარში პენალტი მივიღეთ. ყველაფერს ვაკონტროლებდით, ვიდრე ცოტა მოქმედების ინტენსივობას შევამცირებდით. თუმცა, ფეხბურთელები რობოტები არ არიან. ჩვენ შანი გვქონდა ანგარიში 3:0 გაგვეზარდა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ და კინაღამ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით.
რონალდუს ყოველთვის გატანილი გოლებით აფასებენ, მაგრამ ჩემი აზრით მან თურქეთთან საუცხოოდ ითამაშა – გუნდს აკავშირებდა, ინტენსიურად მუშაობდა, პრესინგს მიმართავდა. მან ვერ გაიტანა, მაგრამ ეს რონალდუს კარგ თამაშს არ აკნინებს. მას რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, რომლებიც ვერ გამოიყენა. თუმცა, სხვებისთვის ბევრი შესაძლებლობა შექმნა, რაც აღსანიშნავია“ – ციტირებს სანტუშს abola.pt.