იტალია მუნდიალს მიღმა დარჩა, პორტუგალია ფინალში მაკედონიას შეხვდება

0
47

იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე ვერ გავიდა. მუნდიალზე მოსახვედრი პლეი-ოფის ნახევარფინალში ევროპის მოქმედი ჩემპიონი პალერმოში ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდა და 0:1 წააგო. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ტრაიკოვსკიმ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა მეტოქის კარის მიმართულებით 32-ჯერ დაარტყეს, ხოლო სტუმრებმა 4-ჯერ. „სკუადრა აძურა“ არსებობის ისტორიაში მსოფლიო პირველობაზე ზედიზედ მეორედ ვერ ითამაშებს, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა. 2017 წელს იტალია პლეი-ოფში შვედეთთან დამარცხდა.

29 მარტს ბლაგოია მილევსკის გაწვრთნილი ჩრდილოეთ მაკედონია პლეი-ოფის ფინალში სტუმრად ფერნანდუ სანტუშის დამოძღვრილ პორტუგალიას შეხვდება, რომელმაც პორტუში თურქეთი 3:1 დაამარცხა.
მასპინძლებიდან მე-15 წუთზე ანგარიში ოტავიომ გახსნა, ხოლო ტაიმის დასრულამდე 3 წუთით ადრე ჟოტამ თავურით პორტუგალიელები კიდევ უფრო დააწინაურა. 65-ე წუთზე ილმაზმა კარგი კომბინაცია გაითამაშა უნდერთან და ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.
85-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მიიჩნია, რომ ფონტე თავის საჯარიმოში უნალს ეუხეშა და VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. ილმაზმა თერთმეტმეტრიანი არაზუსტად შეასრულა და ბურთი კარ გადაცდა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე დარვინ ნუნიეშმა პორტუგალიელებს შემდეგ ეტაპზე გასვლა გაუფორმა, ხოლო თურქეთი რომელსაც გერმანელი შტეფან კუნცი თავკაცობს მუნდილზე ვერ მოხვდა.