ბელგიის ჩემპიონატის 32-ე ტურში „სერენმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის ლევან შენგელიას „ლუევენი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. მიქაუტაძე ტრადიციულად სერენის სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. თუმცა, გოლი ვერც ამჯერად გაიტანა. შენგელია სასტარტოში ისევ ვერ მოხვდა და თამაშში 30-ე წუთზე ტრავმირებული ვლიეტინკის მაგივრად ჩაერთო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. სტუმრებიდან 47-ე წუთზე ანგარიში დე სარტმა გახსნა, ხოლო მაზიზმა საპასუხო ბურთი 81-ე წუთზე გაიტანა. „სერენმა“ ზედიზედ მეორე თამაში არ წააგო. „ლუევენი“ 41 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადილზეა, ხოლო „სერენი“ 27 ქულით – მეჩვიდმეტეა. შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლმა მარტში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ალბანეთთან სტუმრად გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში მიქაუტაძე და შენგელია არ გამოიძახა.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-20 ტურში „ზირემ“ აგდამის „ყარაბაღი“ მიიღო და 0:3 წააგო. მასპინძლების სასტარტოში საქართველოს ნაკრების ფორვარდი დავით ვოლკოვი იყო, რომელიც პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. „ყარაბაღის“ კარში ამჯერად ლუკა გუგეშაშვილის ნაცვლად მაჰამადალიევი იდგა. „ყარაბაღი“ 46 ქულით 8-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს, ხოლო „ზირე“ 35 ქულით – მესამეა.






