გოგა ბითაძის ბრწყინვალე მატჩი – 23 ქულა, 9 მოხსნა, მოგება და MVP-ის ტიტული

0
74

საქართველოს ნაკრების მეფარე გოგა ბითაძემ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გაიბრწყინა. “ინდიანა პეისერზის” ჩვენმა თანამემამულე ცენტრმა “ჰიუსტონ როკითსთან” შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შთამბეჭდავადაც იასპარეზა.
გოგამ პარკეტზე 26 წუთი გაატარა და ამ სათამაშო დროის განმავლობაში 23 ქულა (შედეგიანობის მისი პირადი რეკორდი), 9 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), სამ-სამი შედეგიანი გადაცემა-ჩაჭრა (აქამდე გოგას ერთ მატჩში სამი ჩაჭრა შესრულებული არ ჰქონდა) და ერთიც დაფარება გააკეთა. ბითაძემ ექვსივე ორქულიანი და სამი სამქულიანი ზუსტად შეასრულა. ქართველი კალათბურთელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
მატჩი ინდიანელებმა 121:118 მოიგეს, მომდევნო შეხედრას კი “პეისერზი” 20 მარტს “პორტლენდ თრეილ ბლეიზერსთან” ჩაატარებს.
ინდიანაპოლისელთა მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა ნამატჩევს ბითაძე შეაქო – ქართველმა დიდებულად იასპარეზა და მისი ამგვარი თამაში ძალიან მახარებსო…