“ულსანმა”, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი გამოდის სამხრეთ კორეის K ლიგა 1-ში ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო. მე-5 ტურში ულსანელებმა “სეულს” უმასპინძლეს და 2:1 სძლიეს. სტუმრებმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნეს და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. მე-60 წუთზე “ულსანმა” საპასუხო ბურთი გაიტანა და ყაზაიშვილმა ამ ეპიზოდში საგოლე პასი მიითვალა. 90-ე წუთზე მასპინძლების ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ლეონარდომ პენალტი გამოიყენა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა. “ულსანი” 13 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.





