„გაგრა“ კონფერენს ლიგას ბრძოლით დაემშვიდობა

0
46

„გაგრას“ დებიუტი კონფერენს ლიგაში წარუმატებელი აღმოჩნდა. გაგა კირკიტაძის გაწვრთნილებმა სტუმრად მონტენეგროს „სუტიესკათან“ პირველი თამაში 0:1 წააგო, ხოლო საპასუხო შეხვედრა 1:1 დაასრულა და ტურნირს გამოეთიშა.

ამის მიუხედავად, ნამდვილად დასაფასებელია გაგრელი ფეხბურთელების ბრძოლისუნიარიანობა როგორც პირველ, ასევე მეორე მატჩში.

უბრალოდ, ამ შემთხვევაში ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე გუნდმა თავისზე ოდნავ მაღალი დონის მეტოქეს ვერ აჯობა – როგორც იტყვიან „თავს ზემოთ ძალაა არაა“.

„სუტიესკამ“ თბილისური მატჩი აქტიურად დაიწყო და მატანოვიჩმა პარტნიორთან „კედელი“ გაითამაშა, რის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში ბურთი მიწაზე დაუშვებლად უფრო ძლიერად რომ დაერტყა, შესაძლოა ანგარიშიც გაეხსნა, თუმცა კერესელიძემ საიმედოდ ითამაშა.

ამ ეპიზოდში ცოტა ხანში ვუკოვიჩმა „სტამდარტულის“ შესრულების დროს ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო მატანოვიჩმა თავით დაარტყა, მაგრამ კერესელიძემ ისევ დამაჯერებლად ითამაშა.

ამის შემდეგ, „გაგრა“ რამდენჯერმე შეეცადა სიტუაციის მეტოქის კართან გამწვავებას, მაგრამ საქმე რეალურ საგოლე მომენტამდე არ მისულა.

მასპინძლებმა მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით პირველად 38-ე წუთზე დაარტყეს, როდესც ხაბელაშვილი მარჯვენა ფლანგზე ორ მონტენეგროელს გასცდა და პასი ნოზაძეს მისცა, რომელმაც ისე სუსტად დაარტყა, რომ გილიენს ბურთის ხელში დაჭერა არ გაჭირვებია.

„სუტიესკამ“ მეორე ტაიმი სახიფათო მომენტით განაახლა – მარჯვენა ფლანგიდან გრივიჩის გადაცემის შემდეგ ნიკაჩმა თავით ძალიან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ კერესელიძემ მასპინძლები გოლის გაშვებისგან იხსნა.

51-ე წუთზე, მატანოვიჩის პასის მერე იანიჩმა ერთი საუცხოო ცრუ მოძრაობით ორი გაგრელი ჩამოიცილა და საჯარიმოში მარჯვნიდნ შეჭრილმა შორეულ კუთხეში დაარტყა – ბურთი ჯერ ძელს შეეხო, ვიდრე კარში აღმოჩნდებოდა.

გაშვებული გოლის შემდეგ „გაგრა“ გააქტიურდა და 64-ე წუთზე, სტუმართა მცველმა თავის ნახევარზე ბურთი ცუდად მოიგერია, რომელიც ხაბელაშვილს მიუვიდა და გადაცემა „სუტიესკას“ საჯარიმოში შეჭრილ სამუშიას გაუკეთა, რომელსაც უკეთესად რომ დაერტყა ანგარიშს გაათანაბრებდა, საბოლოოდ კი ბურთს გილიენი დაეუფლა.

ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში თამაზ მაქაცარიას კარგი გადაცემის შემდეგ, ბალკანელთა საჯარიმოში შეჭრილმა სამუშიამ კარიდან გამოსულ გილიენს გვერდი აუარა და მარჯვენა მახვილი კუთხიდან კარში დაარტყა – დრინჩიჩმა ბურთი თავით მოიგერია.

საპასუხო შეტევაში ქართველების კარის წინ მდგომი მატანოვიჩი მოწინააღმდეგის კარს დაემუქრა, თუმცა კერესელიძემ იყოჩაღა და გუნდი გოლის გაშვებისგან გადაარჩინა.

მალე, მონტენეგროელთა კონტრშეტევის დროს მარუშიჩი გაგრელ მცველს გაექცა და საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა დაარტყა – ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.

„გაგრა“ წაგებისგან მაქაცარიამ იხსნა, რომელმაც 86-ე წუთზე შორი მანძილიდან უძლიერასად დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა.

„გაგრამ“ ევროთასებზე მეორე იასპარეზა და ერთი ეტაპი ვერც ამჯერად გაიარა.

 

„გაგრა“ – „სუტიესკა“ (მონტენეგრო) 1:1 (0:1)

15 ივლისი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

„გაგრა“: კერესელიძე; ხოსიტაშვილი, ნოზაძე, ჩადუნელი, ქობულაძე (გაზდელიანი 71); კაკიაშვილი (ვეკუა 59), სულთანიშვილი; სამუშია (მარკოზაშვილი 81), ხაბელაშვილი, ღვიშიანი (კიკაბიძე 71); მაქაცარია

მთავარი მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე

„სუტიესკა“: გილიენი; გრივიჩი, დრინჩინი, ბუბანია, სტიეპოვიჩი; ჩაგასი, მატანოვიჩი (დუბლიევიჩი 89); ვუკოვიჩი (მიტროვიჩი 87), ერაკოვიჩი, იანიჩი (ვუჩიჩი 60); ნიკაჩი (მარუშიჩი 65)

მთავარი მწვრთნელი: მილიე სავოვიჩი

გოლები: 0:1 იანიჩი (51), 1:1 მაქაცარია (86)

გაფრთხილება: სულთანიშვილი (31), ქობულაძე (43), სამუშია (45), მაქაცარია (71), ნოზაძე (74), მატანოვიჩი (75).

მთავარი მსაჯი: ფერენც კარაკო (უნგრეთი)