ანტონიო კონტე მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს, იუწყება ავტორიტეტული იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport.
როგორც ირკვევა, ის გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელებთან ვერ თანხმდება.
„ინტერის“ მეპატრონეები დაფინანსების შემცირებას და ხელფასების 20 პროცენტით შეკვეცას გეგმავენ, რაც კონტეს აზრით მილანელთა ამბიციას ეწინააღმდეგება. მისი აზრით, მომავალ სეზონში წარმატებით თამაშისთვის პირიქით შემადგენლობის გაძლიერებაა საჭირო.
La Gazzetta dello Sport-ი აზუსტებს, რომ კონტესა და „ინტერს“ შორის ხელშეკრულება შესაძლოა უახლოეს 48 საათში გაწყდეს, რადგან ეს დროა საჭირო, რათა ყველა იურიდიული საკითხი მოგვარდეს.
კონტე „ინტერს“ სათავეში 2019 წელს ჩაუდგა და პირველ სეზონში ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც მისი გუნდი „სევილიასთან“ 2:3 დამარცხდა, ხოლო წელს მილანელებს 11-წლიანი პაუზის მერე ჩემპიონობა მოაგებინა.
იგი „ინტერამდე“ „არეცოს“, „ბარის“, „ატალანტას“, „სიენას“ და „იუვენტუსს“ ავარჯიშებდა.
