საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში აღარაა გუნდი, რომელსაც მიმდინარე სეზონში არ მოუგია.
მე-13 ტურამდე ერთადერთი ქუთაისის „ტორპედო“ იყო, ვისაც გამარჯვება არ ჰქომდა და რიონისპირელებმა ნავსი თელავში გატეხეს.
27-ე წუთზე, ქუთაისელთა ბელარუსმა ლეგიონერმა დმიტრი რეკიშმა მარცხენა ფრთიდან კუთხური ჩააწოდა, მეტოქის საჯარიმოში თავით მიმართულება ბურთს ლუკა ქაფიანიძემ შეუცვალა, ხოლო კარის წინ მდგომმა ირაკლი ძარიამ ანგარიში გახსნა – 0:1.
41-ე წუთზე ოთარ კვერნაძემ მასპინძლების საჯარიმოში რეკიში მოძებნა, რომელმაც ცრუ მოძრაობით გიორგი ბერიაშვილი ჩამოიცილა და ზუსტად დაარტყა – 0:2.
მე-60 წუთზე, კვერნაძემ მეტოქის ნახევარზე მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, საჯარიმოში შესულმა ერთი მცველი ჩამოიშორა და მასპინძლების მეკარე კიდევ ერთხელ დაამწუხრა – 0:3.
88-ე წუთზე, “ტორპედომ” კუთხური ჩააწოდა და ალიკო ჩაკვეტაძემ თავური დარყმით მატჩში წერტილი დასვა.
„ტორპედომ“ ამ გამარჯვების წყალობით ბოლო ადგილზე თავი დააღწია და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზე აინაცვლა, ხოლო „თელავი“ მე-10 ადგილზე დაქვეითდა.
