თბილისის „ლოკომოტივმა“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა ვერ მოიგო, ხოლო თავის მოედანზე 15 მარტის მერე არ გაუმარჯვია.
მე-12 ტურში „ლოკომოტივმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ანგარიში გორელთა მალაველმა ნახევარმცველმა ფრანსისკო მადინგამ გახსნა, რომელიც ერთ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოს ფარგლებს გარედან ზუსტად დაარტყა – 0:1.
54-ე წუთზე სტუმართა კონტრშეტევა მამარდაშვილთან პირისპირ დარჩენილმა გვინეელმა უსმანე კამარამ ახლო მანძილიდან დარტყმით დაასრულა – 0;2.
64-ე წუთზე, „ლოკომოტივმა“ კუთხური შეასრულა და მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობის სანდოხაძემ ისარგებლა, რომელმაც ვარდნაში ლამაზი გოლი გაიტანა – 1:2.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და „ლოკომოტივმა“ ბოლო 4 თამაშიდაბ 3 წააგო. აქვე გეტყვით, რომ განვლილ შეხვედრაში თბილისელებს „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის ასისტენტმა გიორგი დეკანოსიძემ უხელმძღვანელმა.
ჭიაბრიშვილის მსაჯის ფიზიკური შეურეცხყოფისთვის 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს.
„დილამ“ ზედიზედ 2 ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ მოიგო, ხოლო საერთო ჯამში უკრაინელი ანდრი დემჩენკოს გუნდს 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – 3 გაამრჯვება და 2 ფრე.
წყალტუბოს „სამგურალმა“ „თელავი“ მიიღო და ქულას დასჯერდა – 1:1.
მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდა, რადგან „სამგურალის“ საშინაო არენა 3 შეხვედრითაა დისკვალიფიცირებული.
შეხვედრის მე-11 წუთზე გრიგოლ დოლიძე სტუმართა მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ დარტყმის მაგივრად პასი ირაკლი ლექვთაძეს გაუკეთა, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა.
55-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილმა კუთხური ჩააწოდა და ბურთს „სამგურალის“ კარის შორეულ კუთხესთან რევაზ ინჯგიამ მიასწრო, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. „სამგურალმა“ ზედიზედ მეორე თამაში ვერ მოიგო, ხოლო „თელავმა“ მიჯრით მეორე მატჩი ფრედ დაასრულა.






