იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ურჩ კლუბებს მკაცრად დასჯის

0
45

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია კლუბებს, რომლებიც ევროპის სუპერლიგაში დარჩებიან, სერია A-დან მოკვეთს.

დღეს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც დაადგინეს, რომ გუნდებს ეკრძალებათ იმ ტურნირებში თამაში, რომლებიც უეფასა და ფიფას ეგიდით არ ტარდება.

მსგავს ტურნირებში მონაწილეობის გამო იტალიურ კლუბებს ჩემპიონატში აღარ დაუშვებენ. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს კლუბი რომელ ლიგაში ასპარეზობს.

ახალი წესი ყველა ტურნირს ითვალისწინებს, რომლებიც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის, უეფასა და ფიფას კომპეტენციაში არ შედის. აქედან გამომდინარე, კლუბებმა ფედერაციასთან უნდა შეათანხმონ თუ რომელ ტურნირში ითამაშებენ სეზონის წინ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“, „მილანი“ და „ინტერი“ ევროპის სუპერლიგაში თამაშს გეგმავდნენ.