თუ ჰოლანდიელ მარკო ვან ბასტენს საფეხბურთო გრაციოზულობის ეტალონად მივიჩნევთ, გერდ მიულერს აუცილებლად უნდა დავარქვათ შეუპოვრობის სიმბოლო. გერმანელები კი, მას ათწლეულების წინ “პატარა გოლების ადამიანად” მოიხსენიებდნენ. ამბობენ, რომ იგი სწორედ ისეთივე იყო, როგორიც მისი გოლები. ლეგენდარული გოლეადორი შემთხვევით არ გაგვიხსენებია, დღეს იგი 75 წლის გახდა.
აი რას წერს მის შესახებ ზეპ მაიერი თავის წიგნში: „ჩვენთან „ბაიერნში“ გვყავს ბომბარდირი ნერდლინგენიდან, რომელსაც მეტსახელად „სქელოს“ ვეძახით. ის გუნდში 1964 წელს მოვიდა. როდესაც პირველად დავინახეთ, ისტერიული სიცილი აგვიტყდა. მრგვალთავა, მოკლედ შეჭრილი თმით, არაპროპორციულად დიდი ტორსით და თანაც ფეხებდაგრეხილი…. „მე ვარ ბომბარდირი ნერდლინგენიდან“ – მორიდებით გაგვეცნო მიულერი. ჩვენ კვლავ ხარხარი მოვრთეთ. თუმცა როდესაც გერდი პირველად ვიხილეთ ვარჯიშზე, მისი დაცინვის საფუძველი გაგვიქრა. ვარჯიშს ის ისეთივე სერიოზულობით ეკიდებოდა, როგორც მატჩს. თანაც, ვარჯიშებზე გოლების გატანისასაც ისევე ხარობდა, როგორც ბუნდესლიგის მორიგ მატჩში მეტოქის კარის აღებისას. საერთოდ, როდესაც ის საჯარიმო მოედანს უახლოვდებოდა, თითქოს ზებუნებრივი ენერგიით ივსებოდა. იგი ნებისმიერი მცველისთვის ნამდვილი რისხვა გახლდათ“.
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში გერდ მიულერი ნამდვილად განუმეორებელი პერსონაა. მძლავრი ფეხები მას ნებისმიერ, თუნდაც ძალიან უხეშ, ტანმაღალ ოპონენტთან ძალისმიერი პაექრობისას გამარჯვებულს ტოვებდა. გერდს არ უყვარდა და უბრალოდ, არც შეეძლო წაქცევა. ის ყოველთვის ფეხზე იდგა და თანაც, მუდამ მზად იყო ბურთის კარში დასარტყმელად. აღსანიშნავია, რომ ვარჯიშებზე იგი სპეციალურად ამუშავებდა ასეთ ილეთს: ბურთის დარტყმის მომენტში, როდესაც საყრდენ ფეხზე იდგა, პარტნიორი მის წაქცევას ცდილობდა, თუმცა ოპონენტს ეს ძალიან იშვიათად გამოსდიოდა. მიულერის მოცელვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სწორედ ეს თვისება მას ნებისმიერ ვითარებაში, ყოველგვარი შემზადების გარეშე, ბურთზე დარტყმის განხორციელების შანსს უტოვებდა. გოლებს კი, გერდი ერთნაირი წარმატებით იტანდა შორეული დისტანციიდანაც და ახლოდანაც.
საგულისხმოა, რომ „ბაიერნში“ მოხვედრის შემდეგ, მიულერს გუნდის იმჟამინდელი იუგოსლავიელი მწვრთნელი ზლატკო ჩაიკოვსკი ნამდვილად არ სწყალობდა. „გლეხი ბიჭი უხეში მანერებითა და მეზღვაურის სიარულით, – უთქვამს მაშინ ფეხბურთის იუგოსლავიელ სპეციალისტს ახალგაზრდა გერდის შესახებ, – ჩვენს კლუბს შთამბეჭდავი გარეგნობის, ელეგანტური ფეხბურთელები ესაჭიროება და არა მიწათმოქმედები. ამიტომ, უმჯობესი იქნებოდა, ფეხბურთის თამაშის ნაცვლად, მას მიწა დაემუშავებინა. რა უნდა მექნა ამ დათვისთვის, რომელიც „ბაიერნის“ შემადგენლობაში „სუფთასისხლიან მხტომელთა“ შორის აღმოჩნდა“?
თუმცა გავიდა წლები და ჩაიკოვსკი იძულებული გახდა, გერდ მიულერის შესახებ დიამეტრალურად შეეცვალა დამოკიდებულება: „მაშინ ვერ შევნიშნე, რომ ის დათვის ტყავში გახვეული სუფთასისხლიანი მხტომელი აღმოჩნდა“.
მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად გერდ მიულერმა ყველაზე მაღალი საფეხბურთო მწვერვალები დაიპყრო. იგივე შეიძლება ითქვას, თავდამსხმელის ასპარეზობაზე გერმანიის ეროვნული ნაკრების მაისურით. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე მიულერის მიერ დამყარებულ რეკორდს, (14 გოლი 1970 და 1974 წლების მუნდიალებზე) ბოლო ტურნირამდე ვერავინ იმეორებდა. გერმანიის სტადიონებზე კი, ბრაზილიელ რონალდოს მიეცა თავისი უფროსი კოლეგის მიღწევის გამეორებისა და გაუმჯობესების შანსი. „რა თქმა უნდა ეს ვიცი, – ამბობდა2006 წლის მუნდიალამდე მიულერი, – გულწრფელად ვუსურვებ რონალდოს წარმატების მიღწევას. ის ნამდვილად კარგი მოთამაშეა. თვით თავისი ზედმეტი წონითაც კი, იგი ძალიან სახიფათოა. ერთ დროს მეც „პატარა, მსუქან მიულერს“ მეძახდნენ, მაგრამ გოლებს ხომ მაინც ვიტანდი“.
ჰოდა, ზედმეტად წონამომატებულმა რონალდომაც მანამდე გატანილ 12 გოლს (1998 და 2002 წლების მუნდიალებზე), კიდევ სამი მიუმატა და მიულერის რეკორდიც გააუმჯობესა. „ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, ნათელი იყო, რომ ბრაზილიელის მიერ სამი გოლის გატანით, ჩემი რეკორდი „დაეცემოდა“, ამიტომ, რონალდოს წარმატება ჩემთვის სიურპრიზად არ ქცეულა“, – განაცხადა მუნდიალების საუკეთესო ბომბარდირებს შორის იმხანად მეორე პოზიციაზე გადანაცვლებულმა გერდმა.
საფეხბურთო კარიერა მიულერმა 1981 წელს დაასრულა. „ფეხბურთის გარეშე დარჩენილმა უცბად ვიგრძენი, რომ ცხოვრებას აზრი დაეკარგა. ყოველ დილით ერთსა და იმავე ადგილზე მივდიოდი და უსაქმურებს ვუყვებოდი, თუ როგორ ვიტანდი ამა თუ იმ გოლს. საღამოს კი, შინ დაბრუნებული ვისკის ვწრუპავდი“. თუმცა, როგორც იტყვიან, დრო ყველაფრის მკურნალია და „ერის ბომბარდირად“ მონათლული ფორვარდიც თანდათან შეეგუა იმას, რომ პროფესიონალი ფეხბურთელის ამპლუაში გატარებული საუკეთესო წლები უკვე ისტორია იყო…