რატი ხუციშვილი: „ზელანდიაში რაგბის სურნელი ტრიალებს“

0
66

30 წლის რატი ხუციშვილმა რაგბის თამაში ახლად დაარსებულ ‘ჯიქში’ დაიწყო, თუმცა 1 წელიწადში სხვა გუნდში მოუწია გადასვლა. მან ოთხ სხვადასხვა კლუბში ითამაშა და 2-ჯერ ‘ლოკომოტივთან’, ხოლო ერთხელ ‘ლელო-სარასენსთან’ ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. საბოლოოდ ის მშობლიურ ‘ჯიქს’ დაუბრუნდა და მეოთხე ჩემპიონობა მასთან ერთად, 2017 წელს იზეიმა.
„რაგბი ყოველთვის მომწონდა, თუმცა თავიდან წყალბურთზე დავდიოდი და საკმაოდ კარგად ვთამაშობდი. 14 წლის ვიყავი, როდესაც მივიღე გადაწყვეტილება და წყალბურთი რაგბზე გავცვალე. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი თავად იყო მორაგბე, წინააღმდეგი იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამთანხმდა, რადგან მე ბრძოლა ხმელეთზე მინდოდა და არა წყალში“ – იხსენებს რაგბში მისვლის პირველ დღეებს რატი ხუციშვილი:
„ვარჯიში ‘ჯიქში’, დავით გოცაძესთან დავიწყე, მაგრამ მაშინ მათ არ ყავდათ უფროსი ასაკის გუნდი, რაც ჩემს განვითარებას შეაფერხებდა და ერთ წელიწადში თსუ-ში გადავედი, სადაც ბადრი ბოხუა მავარჯიშებდა. იქიდან ‘ლოკომოტივში’ მოვხვდი, რომელთან ერთადაც 2-ჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი, ერთი წელი ‘ლელო-სარასენსში’ ვიყავი და იქაც მოვიპოვე ოქროს მედლები, საბოლოოდ კი ‘ჯიქს’ დავუბრუნდი და ბედნიერი ვარ მასთან ერთადაც რომ გავხდი ჩემპიონი“.

თავგანწირვით მოთამაშე ‘ჯიქი’
2001 წელს დაარსებულ ‘ჯიქს’ სულ 16 წელი დასჭირდა ოქროს მედლების მოსაპოვებლად. ხუციშვილი ამბობს, რომ ეს იმ მეგობრული ატმოსფეროს შედეგია, რაც ამ გუნდში დაარსების დღიდან სუფევს:
„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გია ამირხანაშვილს, ჩვენს მთავარ მწვრთნელს, რომელმაც ძალიან დიდი შრომა გასწია. სწორედ მის ხელში ავიდა ‘ჯიქი’ ჯერ პირველ და მერე უმაღლეს ლიგაში, მისი მეთაურობით შევიდა პირველად მოწინავე ექვსეულში და ყველასათვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა“.
„გუნდი კაცთა ლიგაში რომ გამოჩნდა მის შემადგენლობაში ბავშვები თამაშობდნენ, არანორმალური თავგანწირვით და სწორედ ამ თავგანწირვით ამოვიდნენ ჯერ პირველ და მერე უმაღლეს ლიგაში. ბიჭები ერთად გავიზარდეთ, მეგობრები ვიყავით და ბოლომდე მხარში ვედექით ერთმანეთს. სწორედ ეს ერთსულოვნება იყო იმის წინაპირობა, რამაც 2017 წელს ჩემპიონობამდე მიგვიყვანა. სეზონის წინ, აგვისტოში, შეკრება გვქონდა ასპინძაში და უკვე იქვე ვიცოდით, ყველას თვალებში ეწერა, რომ ეს ჩემპიონატი ჩვენი იყო“.

ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, დაიწყო ცვლილებები, როგორც მწვრთნელების, ასევე მოთამაშეების. გუნდში ყოველთვის მრავლად იყვნენ სახელოვანი მოთამაშეები, თუმცა საჩემპიონო თამაში არ გამოდიოდა. ეს გუნდი იყო პირველი ქართულ კლუბებს შორის, რომელმაც მთავარ მწვრთნელად ფრანგი სპეციალისტი ჩამოიყვანა, თუმცა შედეგი ვერც ამან გამოიღო:
„ჩემი საქმე მოედანზე გასვლა და მაქსიმუმის გაღებაა, მის მიღმა კი, გადაწყვეტილებას ხელმძღვანელობა იღებს. ფრანგი მწვრთნელის სისტემა, შესაძლოა კარგი ყოფილიყო საფრანგეთისთვის, მაგრამ ვერ გაითვალისწინა ქართული რეალობა და ჩვენი პირობები“.
„გარდა ამისა, როდესაც ხდება შემადგენლობის მნიშვნელოვნად გადახალისება, რაც არ უნდა მაგრები იყვნენ ახალი მორაგბეები, მათ შესათამაშებლად დრო სჭირდებათ. მარტივად ვიტყვი – ‘ტულონი’ ვარსკვლავებით მოჭედილი გუნდია, თუმცა ვერ აღწევს იმ შედეგს, რასაც მისგან ელიან. ალბათ, იყო სხვა პრობლემაც. თავი ძალიან მაგრები გვეგონა და სუსტ მოწინააღმდეგეებთან ვმარცხდებოდით, ძლიერებს კი თავს ვაკლავდით და გვქონდა არასტაბილური შედეგი“.
„ახლა ძველი „ჯიქელებიდან“ გუნდში მხოლოდ 4-5 მორაგბე ვართ დარჩენილი. ვიმეორებ, ახალი მოთამაშეები ძალიან კარგი შემსრულებლები არიან, თუმცა ნებისმიერ გუნდს შესათამაშებლად მინიმუმ 1 წელი მაინც ჭირდება. სამწუხაროდ, იყო ტრავმებიც. მეორე წრეში ჩემი ჩათვლით ძირითადი შემადგენლობის 11 მორაგბე გვაკლდა. გუნდის შესავსებად „ა“ ლიგიდან მოგვიწია მორაგბეების ამოყვანა, რომელთაც დიდი მომავალი აქვთ, მაგრამ ამ ეტაპზე გამოცდილება აკლიათ ბოლო შეხვედრები ასეთი სხვაობით ამის გამო დავთმეთ“.

„უამბიციოდ არასდროს გვითამაშია“
ჩემპიონატის შეჩერებამდე გუნდი 7 მოგებით და ამდენივე მარცხით, ჯამში 29 ქულით, საფლეიოფო მეექვსე ადგილზე იყო, თუმცა წინ კიდევ 4 ტური რჩებოდა და მდევარს ‘ჯიქი’ მხოლოდ 3 ქულით უსწრებდა. მიუხედავად ამისა, გუნდის კაპიტანი დარწმუნებით ამბობს, რომ წელს ის ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა:
„ბევრად მეტის მოლოდინი გვქონდა და შედეგით რა თქმა უნდა უკმაყოფილონი ვართ. მონდომება არავის დაუკლია, მაგრამ იყო მიზეზები რამაც ხელი შეგვიშალა. უამბიციოდ არასდროს გვითამაშია, არასდროს გვქონია მიზნად მეორე-მესამე გუნდად ყოფნა და წელსაც ჩემპიონობას ვუმიზნებდით. მესმის, რომ სახარბიელო მდგომარეობაში არ ვიყავით, თუმცა ოდნავადაც კი არ დაგვიშვია ის, რომ საბოლოოდ საწადელს ვერ მივაღწევდით“.

ხუციშვილს, რომელმაც რაგბში პირველი ნაბიჯი 16 წლის წინ ‘ჯიქში’ გადადგა, წელს კაპიტნის სამკლავური ჩააბარეს, თუმცა ეს მისი სურვილი არ ყოფილა:
„კაპიტნობა არასდროს მნდომებია, მაგრამ ასე მოხდა და დავთანხმდი. ჩემზე არჩევანი ალბათ იმის გამო შეაჩერეს, რომ ძველი ჯიქელი ვარ და გამოცდილება მაქვს. მერჩივნა მხოლოდ თამაშზე ვყოფილიყავი კონცენტრირებული, რადგან კაპიტნობა დამატებითი ნერვიულობაა – გიწევს მსაჯთან საუბარი, გადაწყვეტილებების მიღება“.
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაარსებული გუნდი, 2014 წელს გორის ‘ჯიქი’ გახდა, რისი მიზანიც შიდა ქართლში რაგბის განვითარება და პოპულარიზაცია იყო. გორში ფონდ „ქართუს“ დახმარებით მოეწყო შესანიშნავი სარაგბო სტადიონი, ორი – ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედნით და ‘ჯიქი’ საშინაო შეხვედრებს იქ მართავს, მაგრამ ტრიბუნებზე ხალხმრავლობა ჯერ არ შეინიშნება.
„გორის სტადიონი ერთ-ერთი საუკეთესოა, მდებარეობით, მოედნის საფარით და ინფრასტრუქტურით. ამ პატარა ქალაქში სპორტის რამდენიმე სახეობა მაღალ დონეზეა და ახლა მას რაგბიც დაემატა. ძალიან მინდა, რომ გორელებს რაგბი შევაყვაროთ და ტრიბუნებზე უფრო მეტ მაყურებელს ვხედავდეთ. ეს ჩვენი თამაშის ხარისხზეც აისახება, ატმოსფეროც ბევრად უფრო სასიამოვნი იქნება და ვპირდები ადგილობრივებს, რომ თუ მოვლენ და გვიქომაგებენ, შინ გულნატკენები არ დაბრუნდებიან და დიდი ემოციებით დაიმუხტებიან“.

„ნაკრების გახსენებაზე ჟრუანტელი მივლის“
ხუციშვილს წილად ხვდა პატივი, საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ეთამაშა, ასეთი კი იმ პერიოდში მრავლად იყო – 17-იდან 21-წლამდე, 2013 წელს ასევე გამოძახებული იყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, თუმცა მოედანზე გასვლამ არ მოუწია. მას ნათამაშები აქვს როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე და ამ ამბის გახსენება დღესაც ჟრუანტელს გვრის:
„ახლაც ჟრუანტელი მივლის, როდესაც მახსენდება როგორ ვიდექი ჩემი ქვეყნის დროშის ქვეშ და ვისმენდი საქართველოს ჰიმნს. ჰიმნის დასრულებამდე თვალს არასდროს ვახელდი და ვინც არ უნდა ყოფილიყო მეტოქე ვფიქრობდი, რომ სჯობდა მოედანზე მოვმკვდარიყავი, ვიდრე იქიდან შერცხვენილი გამოვსულიყავი. შენი ქვეყნის სახელის დაცვა, ესაა სპორტული კარიერის აზრი, სული, გული და ღირსება“.

რატი იხსენებს მისთვის დაუვიწყარ საერთაშორისო მატჩსაც და იქვე მიზეზებს განმარტავს:
„ძალიან ბევრი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მითამაშია, მათ შორის ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკასთან, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში გაჭირვებით მოგვიგო, თუმცა განსაკუთრებით მახსენდება 2008 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი რუსეთის ნაკრებთან. პოლონეთში ტურნირი სექტემბერში გაიმართა, მანამდე იყო აგვისტოს ომი და ნახევარფინალში რუსეთი შეგვხდა. ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდებოდა ჩვენს გულებში? ყველას სხვანაირად გვეხებოდა ეს თამაში, ერთგვარი სამაგიეროს გადახდა გვსურდა და 37:0 გავიმარჯვეთ!“.

საოცრებათა ქვეყანაში
რატი ხუციშვილი იმ მცირერიცხოვან იღბლიან მორაგბეთა რიცხვს განეკუთვნება, რომელმაც რაგბი ახალ ზელანდიაში ითამაშა. ეს სულ 4 თვით გაგრძელდა, თუმცა 30 წლის მორაგბის მეხსიერებაში დღესაც საუკეთესო მოგონებადაა ჩარჩენილი:
„თუ ვინმეს უნდა რაგბის სურნელი შეიგრძნოს, აუცილებლად უნდა ჩავიდეს ახალ ზელანდიაში. ისინი რაგბის სათამაშოდ არიან დაბადებული და პრიორიტეტად შვილის მორაგბედ აღზრდა აქვთ დასახული. თუ აქ 1-2-კვირიანი შეკრება უსასრულობად მიგვაჩნია, იქ სულ შეკრებაზე არიან. ვარჯიშები დილის 7 საათზე გვეწყებოდა და ყოველ დღე 3-4 ვარჯიში გვქონდა“.
„სტადიონი ნებისმიერ საკლუბო თამაშზე ბოლომდე ივსებოდა და ქალაქში რომ გავდიოდი ისეთ პატივს გვცემდნენ, თითქოს ჯონა ლომუ ვიყავი (იცინის). მე მხვდა წილად ბედნიერება და ერთ შეხვედრაში ‘ტარანაკის’ ძირითად შემადგენლობაში ვიყავი. მოედანზე 80 წუთი გავატარე და ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი“.
„ეს იყო რაგბის თვალსაზრისით ახდენილი ოცნება. თანაგუნდელად „ოლ ბლექსის“ მორაგბეები მყავდა, რომლებიც ბავშვებივით იქცეოდნენ, სულ ხუმბრობდნენ, იცინოდნენ და ვერც კი შეამჩნევდი ამ დონის ვარსკვლავები თუ იყვნენ. მე რომ მაგდენისთვის მიმეღწია და ამ დონეზე მეთამაშა, არც კი ვიცი რა დამემართებოდა“.
„გუნდში ძალიან ბევრი მწვრთნელი გვყავდა, ყველა კომპონენტზე ცალ-ცალკე სპეციალისტი მუშაობდა. ერთ-ერთი იყო სამოელი მწვრთნელი, ვისთან ერთადაც ვარჯიშზე მივდიოდი და გვერდზე ლამაზმა ქალბატონმა ჩაგვიარა. მე მას თვალი გავაყოლე, მწვრთნელმა კი თითი დამიქნია და მითხრა – ჯერ მხოლოდ ბურთზე იფიქრე და სხვა ფიქრი თავში მხოლოდ შაბათს, თამაშის შემდეგ გაივლეო. ისინი მოედანს მიღმაც კი, ძალიან დისციპლინირებული და მონდომებულები არიან, რაც შედეგზეც აისახება“.