ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა ის 43 მორაგბე, რომლებიც 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასისთვის მოემზადება. შემადგენლობის დასახლებასთან დაკავშირებით შევარდენის სანაკრებო ბაზაზე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ისაუბრეს.
სიტყვა პირველმა გოჩა სვანიძემ აიღო: „დღეს გაგაცნობთ იმ გაფართოებულ შემადგენლობას, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება. ეს სახეები ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ვესაუბრე სამწვრთნელო შტაბს და ტრავმის, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, დანაკლისი არ გვაქვს. გუნდში ერთსულოვნებაა, ბიჭები ერთი მიზნის გარშემო არიან გაერთიანებული, რაც წინაპირობა უნდა გახდეს იმ წარმატებისა, რასაც იაპონიაში ველოდებით“.
ჰეიგმა განმარტა, რომ შემადგენლობის შერჩევას წინ უძღვოდა 3,5-წლიანი სასელექციო პერიოდი:„დავასახელეთ გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის მომზადებას დაიწყებს. ჯგუფში არიან ისეთი მორაგბეებიც, რომლებიც კლუბში მიღებული ტრავმების შემდეგ ახლაც რეაბილიტაციას გადიან, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ შეკრების პირველი ნაწილისთვის ისინი მზად იქნებიან. შემადგენლობაში გვყავს გამოცდილი მორაგბეები, რომელთაც დავამატეთ ორი ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშე. ისინი გუნდთან ერთად ივარჯიშებენ და გვაქვს იმედი, რომ მომავალში ნაკრების წარმატებაში დიდ როლს ითამაშებენ“.
„ამ შემადგენლობის შერჩევის პროცესი ბოლო 3,5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში მათ ვაკვირდებოდით კლუბებში, ნაკრებში, ხოლო უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ფიზიკურ მომზადებას“.
„სამი წლის წინ სამწვრთნელო შტაბმა და მორაგბეებმა დავისახეთ მიზნები, გავწერეთ პროტოკოლები, რის მიხედვითაც უნდა მოვმზადებულიყავით. სწორედ ეს პროტოკოლები დაგვეხმარა მსოფლიო თასისთვის შემადგენლობის შერჩევაში. მოხარული ვარ, რომ ვასახელებ ძლიერ გუნდს, რომელიც არის შესანიშნავ კონდიციაში. საქართველოში მყოფი მორაგბეები, განსაკუთრებით ბოლო 6 კვირის განმავლობაში, რეგულარულად ვარჯიშობდნენ ფიზიკური კონდიციების ასამაღლებლად, სარაგბო უნარების დასახვეწად. რაც შეეხება ლეგიონერებს, ისინი მაშინ შემოგვიერთდებიან, როდესაც ამის საშუალება გვექნება“.
ზურაბ ჟვანიას შესახებ
ჟურნალისტებს ყველაზე მეტად ‘უოსპსის’ ბურჯის, ზურაბ ჟვანიას საკითხი აინტერესებდათ, რომელიც გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდა. მორაგბემ სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელა. ამ განცხადებისა და ჟვანიას არ ყოფნის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას გოჩა სვანიძემ უპასუხა:
„ზურაბ ჟვანიას განცხადებამ ჩვენც შეგვაშფოთა. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სელექციის პროცესში გარეშე პირი ჩაერია, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, ამ პროცესში მწვრთნელების გარდა არავინ იღებს მონაწილეობას, მათ შორის კავშირის ხელმძღვანელი პირებიც. დავრწმუნდით, რომ ასეთი საფრთხე არ არსებობს და არც მომავალში იარსებებს. ზურა ყველას ძალიან გვიყვარს და დარწმუნებული ვარ ის ნაკრებში თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის, თუმცა სპორტული კუთხიდან გამომდინარე, ახლა ასე მოხდა“.
სპორტულ ფორმაზე გაამახვილა ყურადღება მილტონ ჰეიგმა და განაცხადა: „ზურაბ ჟვანიას ნაკრების გაფართოებულ სიაში ვერმოხვედრის მიზეზი მარტივია – ის არ იყო სათანადო ფორმაში. არავითარი სხვა მიზეზი არ არსებობს და არც შეიძლება რომ არსებობდეს. ნაწილი პროტოკოლისა, რომელზეც ზევით ვისაუბრე და რომელზეც მოთამაშეებთან შევთანხმდით იყო ის, რომ შეკრების წინ ჩავატარებდით ტესტებს და ყველა მოთამაშე უნდა ყოფილიყო იმაზე უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თუ ვაპირებთ, რომ წლევანდელ მსოფლიო თასზე განსხვავებული შედეგი ვაჩვენოთ, მაშინ ასეთი მიდგომა აუცილებელია. ნაკრების 95%-მა ეს ინდივიდუალური ტესტები წარმატებით ჩააბარა და აჩვენა ისეთი შედეგი, როგორიც აქამდე არასდროს ქონია. 5%-მა ეს ვერ შეძლო – ზურა ამ 5%-ს შორისაა“.
„მოთამაშეთა შერჩევა მხოლოდ ერთი ტესტის მიხედვით არ მომხდარა, თუმცა ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. როდესაც ყველანი, მწვრთნელები და მოთამაშეები შევთანხმდით, რომ თითოეულმა მორაგბემ ყოველ ჯერზე თავიდან უნდა დაიმსახუროს ნაკრებში მოხვედრა, და როდესაც ითქვა, რომ უნდა იყო ისეთ ფორმაში, როგორშიც არასდროს ყოფილხარ, ეს უნდა შეასრულო! ძალიან ბევრი კრიტერიუმია, რის მიხედვითაც მოთამაშეებს ვარჩევთ და როდესაც შეხედავთ ზურას პოზიციის მოთამაშეებს, რომლებიც მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან მიხვდებით, რომ ძალიან დიდი კონკურენციაა“.
იმ მოთამაშეებიდან, რომლებმაც ტესტის ჩაბარება ვერ მოახერხეს, გაფართოებულ სიაში მხოლოდ ერთი მოხვდა და ჰეიგის თქმით, ეს გადაწყვეტილება სათამაშო პოზიციამ და ტრავმებმა განაპირობა:
„გაფართოებულ სიაში მხოლოდ ერთი ისეთი მორაგბე შევიყვანეთ, რომელიც 5%-ში მოხვდა. ეს მისი პოზიციის გათვალისწინებით მოხდა, რადგან ამ პოზიციის ძალიან ბევრი მორაგბე ტრავმირებულია. სამედიცინო შტაბის ინფორმაციით, ის ტრავმირებული მორაგბე სრულად გამოტოვებს მზადების პირველ ეტაპს და ვერც მეორე ეტაპზე ივარჯიშებს სრული დატვირთვით. სწორედ ამიტომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. თუ მოსამზადებელი პერიოდისას ზურას პოზიციის რომელიმე მორაგბე დაშავდება, არაა გამორიცხული ჟვანია შეკრებაზე შემოვიყვანოთ“.
კიდევ ორი მოთამაშე, რომელთა ნაკრებში ვერმოხვედრამ კითხვები გააჩნია გიორგი ფრუიძე და მიხეილ გაჩეჩილაძე არიან. ჰეიგის თქმით, მათ კონკურენციას ვერ გაუძლეს:
„მიხეილ გაჩეჩილაძეს და გიორგი ფრუიძეს ნაკრებში უთამაშიათ და მათ შესაძლებლობებს ძალიან კარგად ვიცნობთ. გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო თასზე ჩვენ უნდა წავიყვანოთ 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშე. შეკრებაზე შეგვყავს 26 მორკინალი და 17 ხაზის მოთამაშე. ძალიან დიდია კონკურენცია და კრიტერიუმების გათვალისწინებით, სამწუხაროდ ისინი ამ სელექციაში ვერ მოხვდნენ“.
ორი ახალი სპეციალისტი
მსოფლიო თასისთვის მზადების პერიოდში, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს ორი ახალი სპეციალისტი დაემატება – დაცვის, ბოჭვის არის და მიწაზე თამაშის მწვრთნელი ჯო ვურზლი და ფიზ.მომზადების მწვრთნელი ფილ ჰილი: „რაგბის კავშირის დახმარებით, დაგვემატა ორი მაღალი დონის სპეციალისტი, რომლებიც მოსამზადებელ პერიოდში ჩვენთან ერთად იმუშავებენ. ერთი არის ინგლისის ნაკრებისა და „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ ყოფილი მორაგბე ჯო ვურზლი, რომელიც ამჟამად ტოპ 14-ის კლუბ ‘ბორდოში’ მუშაობს. ის იქნება ტექნიკური მრჩეველი და ლევან მაისაშვილს დაეხმარება დაცვის ორგანიზებაში, იმუშავებს რაქისას მიწაზე თამაშის მიმართულებით. მეორეა ფილ ჰილი, რომელიც იმუშავებს ფიზ.მომზადებაზე. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, მუშაობდა ზე-რაგბის ზელანდიურ გუნდებში, მათ შორის ‘ჩიფსში’ და ის მოგვიანებით შემოგვიერთდება“.
სამი საკონტროლო ტესტ-მატჩი
ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, რუსეთის ნაკრები 27 აგვისტოს „მიხეილ მესხზე“ გასამართი საკონტროლო მატჩისთვის საქართველოში არ ჩამოვიდეს, თუმცა ეს არაოფიციალური ინფორმაციაა და სვანიძის თქმით, ამ ეტაპზე ცვლილებები არ იგეგმება, საჭიროების შემთხვევაში კი, სარეზერვო ვარიანტი გამოჩნდება: „რუსეთის რაგბის კავშირისგან ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია. ეს თამაში მსოფლიო რაგბის ინიციატივით დაიგეგმა. ის შეყვანილია მსოფლიო რაგბის ოფიციალურ კალენდარში და მისი გაუქმება ასე მარტივად ვერ მოხდება. თუ იქნება უარი, რისი სიგნალებიც ჯერ არ გვაქვს, აუცილებლად მოვძებნით სარეზერვო ვარიანტს“.
მიზანი – მინიმუმ წინა მსოფლიოზე მიღებული შედეგის გამეორებაა
ჰეიგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ წლევანდელ მსოფლიო თასზე მიზანი მინიუმ წინა მსოფლიო თასზე მიღებული შედეგის გამეორებაა, თუმცა არის სხვა მიზნებიც, რომელთა შესახებაც მწვრთნელმა ამ ეტაპზე არ ისაუბრა: „ყველა მიზანზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან ეს იმ პროტოკოლის ნაწილია, რომელიც გუნდის მზადების შემადგენელია. ჩვენი სურვილია, რომ გავიმეოროთ მინიმუმ ის შედეგი, რასაც გასულ მსოფლიო თასზე მივაღწიეთ. ეს ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე 4 წლის წინ იყო, რადგან ჩვენს მსგავსად მეორე დონის ნაკრებები – ფიჯი და ურუგვაი, ძალიან ძლიერი გუნდები არიან. მომავალი სამი თვე სწორედ იმას დაეთმობა, რომ კარგად მოვემზადოთ დასახული მიზნის შესასრულებლად“.