სხვა იყო

0
128

ახლა, როგორღაც, მოდაში აღარ არის ასეთ რამეებზე  წერა – ეგ  არ იყო  ნამდვილი ამბავიო, ქვეყანაც არასწორი იყო და იმიტომ იყო ეგრეო, სხვა არაფერი გვქონდა შემორჩენილიო და ეგეთი რამეების შემყურე ვიყავითო, იმიტომ, რომ ეგეთი რამეები არ გვქონდა წართმეული, მეტიც, განგებაც კი დაგვიტოვეს, რომ ყურადღება ასეთ რამეზე  გადაგვეტანა და ნამდვილი ამბავი კი განზე დაგვრჩენოდაო.

ამბობენ და, რა ვიცი. რამდენად მართალია თუ ტყუილია, მგონი, არც აქვს  მნიშვნელობა იმიტომ, რომ  წარსულია და ვერ შეცვლი. რაც არ უნდა ფურცლები ხიო ძველი ამბებიდან და სხვა ფურცლები ჩააწებო, ერთ დღეს მაინც გაირკვევა. ზოგჯერ ისეც კი წავა ლაპარაკი, რომ საკუთარი განცდების შეგრცხვება, ესე იგი, რა გულუბრყვილო ვყოფილვარ, მაგრამ მაშინდელი მაინც ფერადად და ტკბილად მახსენდება-თქო.

უბრალო საქმეა, სულ უბრალო. ნამდვილი განცდა რო გაქვს ნამდვილ რაღაცაზე.

მაშინაც ეგრე იყო, რომ ადამიანზე უამრავი რამე ახდენდა გავლენას. ბიჭზე – განსაკუთრებით. სკოლა, წიგნები, ქუჩა… რა ვიცი, მართლა ბევრი რამ. ოღონდაც, მაშინ ისე იყო, რომ პიროვნების დანახვა ჭირდა, არ ჩანდა ტელევიზორში და არც  სადმე სხვაგან. თუ იყო და ძალიან ცოტა. იმათზე ვამბობ, ვინც ირიბად ახდენდნენ გავლენას, ოღონდ კი ვერსად ნახავდი. თორემ, ქუჩაში ვინც იყვნენ და ვისაც ხედავდი, ისინი ბევრად იოლად ახდენდნენ გავლენას. ამიტომ ცხოვრება სხვანაირი იყო. მაშინდელი წყობა და ის მოგონილები კი არა, თვითონ ცხოვრება იყო სხვანაირი.

ერთადერთი, რასაც ყველაზე მეტი ხალხი ერთად ხედავდა, ცოცხლად და სინამდვილეში, ფეხბურთი იყო და ფეხბურთი ახდენდა ზეგავლენას ყველაზე და ყველაფერზე. ადამიანების უმრავლესობის გუნება-განწყობა, განსაკუთრებით, ფეხბურთზე იყო დამოკიდებული, თორემ იმ დროს თბილისში შაქარი და კარაქი ტალონებზეც კი იყო.

1976 წლიდან მანამდე კაი ხნის მიძინებული თბილისის „დინამო“ ისევ გამოფხიზლდა და ისევ სახალხო საქმედ შეიქნა.

რბილად რომ ვთქვა, ფეხბურთის გარდა, ბევრი არაფერი მაინტერესებდა და ცხოვრებას აზრი და აზარტი „დინამოს“ თამაშიდან თამაშამდე ჰქონდა. რატომ და იმიტომ, რომ, ალბათ, ეს იყო ნამდვილი, საერთო სიხარულის ერთადერთი საშუალება. არც ისეთი გემრიელი და ბედნიერი სურათი მინახავს ოდესმე, გაზაფხულის საღამოს ჩვენი სტადიონი რომ წარმოადგენდა. არ მინახავს და რა ვქნა! თამაშის დაწყებამდე, ეგრე ორმოცი წუთით, ნახევარი საათით ადრე.

არც ისეთი სურათი მინახავს ოდესმე, მეორე ტაიმის დაწყების წინ, სტადიონზე პროჟექტორებს რომ აანთებდნენ და მინდორი სულ სხვანაირ მწვანე ფერს რომ  მიიღებდა. სხვათა შორის, „დინამოს“ სტადიონიდან განათებული თამაშების ტელეგადაცემა ცუდად ჩანდა. თურმე, რაღაცა ლუქსები არ იყო საკმარისი, თუ მერე დაცოტავდა, არ ვიცი. სანამ  შუქს ჩართავდნენ, პროჟექტორებზე უამრავი ჩიტი იჯდა.

ფეხბურთის გარდა, გარშემო სხვა სალაპარაკო მე არ მახსოვს. სპორტს, ისევე როგორც კულტურას, მოგეხსენებათ, საზღვრები არ აქვს და ფეხბურთით რაღაცნაირად  მაინც ხედავდი მსოფლიოს. რაღაცნაირად.

იყო ასეთი მოლოდინი: როდის მომჯობინდება ყიფო. დათო ყიფიანი ხშირად იყო ხოლმე დამტვრეული, მაშინ ფეხებში რტყმევაზე ბარათებს იშვიათად იძლეოდნენ.

ეს იყო სერიოზული მოლოდინი. რა თქმა უნდა, ეს იყო უბრალო გულშემატკივრის მოლოდინიც, რომ გუნდს ლიდერი მწყობრში ჰყოლოდა, ანდა უფრო შემოქმედებითი ხალხისთვის – მოლოდინი მისი თამაშით ტკბობისა, ანდა ორივე ერთად. თანაც, ყიფო იყო ყველაზე  ცნობილ ადამიანთა შორის ლამის ერთადერთი, ვისაც ცოცხლად ნახავდი კვირაში ერთხელ. შეიძლება, ვერ მისწვდებოდი, ვერ დაელაპარაკებოდი, მაგრამ ხომ ხედავდი. ყველაზე ახლოს იყო.

ყიფო მხოლოდ ფეხბურთი არ იყო. დღევანდელი სიტყვით რომ ვთქვათ, ისე გამოვიდა, რომ იმ წლებში მთელი იმ პატარა და მსოფლიოსთვის უცნობი ქვეყნის იმიჯი იყო ყიფო, ესესერშიც და იმის გარეთაც.

ეს იყო იმიჯი, რომელიც არა მხოლოდ მოგვწონდა და ვეთანხმებოდით, რომ, აი, ჩვენ, ეს ვართ, ჩვენ ეს გამხდარი, მხრებში ოდნავ მოხრილი, ულვაშა, მაღალი კაცი ვართ, ძალიან ჭკვიანი, მდუმარედ ემოციური, დახვეწილი. არა მხოლოდ მოგვწონდა, არამედ, აღფრთოვანებული ვიყავით, რომ ასეთი იმიჯი გვქონდა.

ეს ნამდვილად ასე იყო. ასე მახსოვს. ასეთი უკიდეგანო გავლენა ქვეყანაზე არავის ჰქონდა. პოლიტიკას და იმეებს კი არ ვამბობ, ცეკა-ტეკა, ძალა, კანონები, მთავრობა, მილიცია-პოლიციები და რაღაცები რომ გაქვს და შენი რომ ეშინიათ, იმიტომ, რომ რაც გინდა, იმას უზამ და გავლენაც დიდი გაქვს იმათ ფიქრებზე და გუნებაზე.

არა, უბრალო, სახალხო გავლენისას მოგახსენებთ. ანუ მე ვიცი, რომ ასეთი ვარ. კი ბატონო, შეიძლება, არ ვარ ასეთი, მაგრამ ყიფოს თამაშისა და იერის შემხედვარე ყველა ფიქრობს, რომ მე ასეთი ვარ და ეგ უკვე ძალიან მაგარია. იმიტომ, რომ ასეთი კარგი, ასე ყველას დასანახად, მე მეტი არაფერი მაქვს.

ეგრე იყო გავლენის ამბავი, მე მომწონდა და, ალბათ, სხვებსაც, ძალიან ბევრს.თორემ ჩემზე სხვა რაღაცებმაც მოახდინეს გავლენა: ფილმმა „არ დაიდარდო“, გაბრიაძის წიგნმა „უცხო ჩიტი“ და სპექტაკლმა „კავკასიური ცარცის წრე“.

ოღონდ, ყიფო სხვა იყო. სულ სხვა. კიდევ როდის მოხდება, რომ რაღაც მსგავსი იყოს, არ ვიცი.

გიო  ახვლედიანი
ათიანი  2011