საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ქართულ რაგბში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაზეთ „ლელოს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. საუბარი შეეხო როგორც ახლახანს დასრულებულ შიდა ჩემპიონატს, ასევე სა ქართველოს ეროვნულ, 20-წლამდე და 7-კაცა ნაკრებებს.
მიგრაცია უნდა შევაჩეროთ
გოჩა სვანიძე ფიქრობს, რომ დიდი 10-ის დონე გათანაბრდა, თუმცა არ გაზრდილა და ამის უმთავრეს მიზეზად მოთამაშეთა მიგრაციას მიიჩნევს. რაგბის კავშირის პრეზიდენტის აზრით, ამ პრობლემის მოგვარება დაფინანსების გაზრდითაა შესაძლებელი:
„ვფიქრობ, ჩემპიონატის დონე არ ამაღლებულა. სავარაუდოდ, გუნდების დონე გათანაბრდა და სწორედ ესაა მიზეზი მრავალი დაძაბული მატჩისა. შეინიშნება გარკვეული სტაგნაცია, რაც, ვფიქრობთ, კლუბების მწირი დაფინანსების ბრალია. ის ბიუჯეტი რაც კლუბებს გააჩნიათ განვითარებისთვის საკმარისი არ არის. იზრდება მოთამაშეთა მიგრაცია და ეს გუნდების თამაშის ხარისხზეც აისახება“.
„ყველაზე სტაბილური მდგომარეობა ‘ბათუმს’ აქვს, რომლიც საბიუჯეტო კლუბია. ეს გუნდის თამაშსაც დაეტყო. ის ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა დასახული მიზნსისკენ და წლეულს დამსახურებულად, ისე რომ კონკურენტი, ფაქტობრივად, არც ყოლია, ჩემპიონი გახდა. ‘ბათუმმა’ რეგულარული გათამაშებაც დიდი უპირატესობით მოიგო და პლეი ოფშიც სათანადო წინააღმდეგობა ვერავინ გაუწია“ – ამბობს სვანიძე და განაგრძობს:
„რუსულმა კლუბებმა ნადირობა გამოაცხადეს ჩვენს მორაგბეებზე. ქართული კლუბები წინააღმდეგობას ვერ უწევენ და იძულებულნი არიან მოთამაშეები გაუშვან. ისინი, ვისაც ჯერ კიდევ აქვს იმის პოტენციალი და იმედი, რომ ნაკრებში ითამაშებს, რუსეთში წასვლისგან თავს იკავებენ. აი 25-27 წლის მოთამაშეების შეჩერება კი, რომლებსაც ოჯახები ყავთ სარჩენი, შეუძლებელია. ცხადია, მათი გადინება ჩვენს კლუბებს ასუსტებს“.
„სიტუაციის გამოსასწორებლად უნდა განვაახლოთ კლუბების დხმარების სახელმწიფო პროგრამა. ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ეს დიდი შეღავათი იქნება ჩვენი გუნდებისთვის. ასევე, საჭიროა რაგბის კავშირმა დააწესოს დამატებითი რეგულაციები, რაც ხელს შეუწყობს მოთამაშეების ინდივიდუალურ ზრდას. როცა კლუბები მოღონიერდებიან, გაიზრდება კონკურენცია, ამაღლდება დონე და რაგბის პოპულარობა, გაიზრდება კერძო სექტორის დაინტერესაბაც, რომლებიც ქართული კლუბების სპონსორობას მოინდომებენ. ზოგადად, განვითარების ახალი სტრატეგიის შექმნაა საჭირო და ამაზე უკვე ვმუშაობთ“.
პარალელურად, სვანიძე ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:
„ცნობილია, რომ უკვე ოფიციალურად ჩაბარდა სარაგბო სტადიონები ნუცუბიძეზე და თელავში. ამჟამად, რაგბის კავშირი მუშაობს არქიტექტორთა ჯგუფთან, რომლებიც შეიმუშავებენ მცირებიუჯეტიან სარაგბო მოედნების პროექტებს. ამით ჩვენ გვინდა დავეხმაროთ რეგიონის ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელებს, რათა მათ შეძლონ რაგბის ახალი კერების გაჩენა. ამასთან ერთად, ჩვენი მიზანია, არა მარტო სარაგბო მოედნის, არამედ ზოგადად სპორტული კომპლექსის მოწყობა, რომელსაც სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებიც გამოიყენებენ. მაგალითად, სარაგბო ბაზაზე აუცილებლად უნდა იყოს ფიტნეს ანუ ძალოსნობისა და ჭიდაობის დარბაზები, რომლებიც სპორტის ამ სახეობების წარმომადგენლებსაც გამოადგებათ“.
არგენტინიდან კარგი თამაშის მოლოდინში
რამდენიმე დღეში უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში (4-22 ივნისი) ჩაერთვებიან. ისინი უკვე არგენტინაში არიან და მეოთხე ტურნირისთვის ადგილზე ემზადებიან. რაგბის კავშირის პრეზიდენტი კარგი თამაშის და შედეგის მოლოდინშია:
„ამ ნაკრების მოსამზადებლად ყოველ წელიწადს თანხას არ ვიშურებთ. ყველანაირად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ. ტრადიციად იქცა სამხრეთ აფრიკაში საწვრთნელი შეკრება და იქ საკონტროლო მატჩების გამართვა. ეს ხელს უწყობს მორაგეებს ახლოს ეზიარონ დიდ რაგბის და მსოფლიოს ჩემპიონატზე პლანეტის საუკეთესო გუნდებთან თამაშისას თავი უცხოდ არ იგრძნონ. გუნდის მწვრთნელებს დეტალურად გაწერილი გეგმა აქვთ და რაგბის კავშირი ყველა ღონეს ხმარობს მზადებას სწორედ ამ გეგმის მიხედვით შეუწყოს ხელი“.
„ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები აგერ უკვე მეხუთე წელიწადია უცვლელად მუშაობენ. ყოველ წელიწადს გუნდი საინტერესო, კარგ, ხარისხიან რაგბის თამაშობს და იმედი გვაქვს არც არგენტინაში გასამართი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი იქნება გამონაკლისი“.
7-კაცა ნაკრებზე
ივნისში კიდევ ერთი ჩვენი ნაკრები, 7-კაცა გუნდი 2020 წლის ტოკიოს ზახულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირში ჩაერთვება. მის მიზნებთან დაკავშირებით სვანიძე ამბობს:
„საკვალიფიკაციო შეჯიბრებები ივნისში, საფრაგეთის ქალაქ ტულუზში დაიწყება. გამარჯვებული პირდაპირ იღებს ოლიმპიადის ლიცენზიას. მეორე და მესამეადგილოსანი კი, რეპეშაჟში ჩაერთვება. ჩვენი მიზანი სწორედ ამ მოწინავე სამეულში მოხვედრაა. ბოლო ერთი წელიწადია, რაც თვისობრივად ახალი გუნდის შექმნა მიმდინარეობს. იყო ტურნირები, სადაც ეროვნული ნაკრების მოთამაშეები ემატებოდა ამ გუდს და გარკვეულ, სერიოზულ წარმატებას ვაღწევდით. თუმცა, მერე ეს მოთამაშეები ეროვნულ ნაკრებს უბრუნდებოდნენ და შვიდკაცა ნაკრებს იგივე დონის შენარჩუნება უჭირდა. ამჟამად, ნაკრების მწვრთნელებმა უარი თქვეს ეროვნული გუნდის მოთამაშეებზე და ნელ-ნელა საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე მორაგბეებზე დაყრდნობით საკმაოდ ბრძოლისუნარიანი, ამბიციური გუნდი შექმნეს. იმედი გვაქვს, რომ ჩენი შვიდკაცა რაგბის ნაკრები დასახულ მიზანს მიაღწევს“.
მსოფლიო თასზე
თვეზე ნაკლებ დროში ბორჯღალოსნები 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადებას შეუდგებიან. იაპონიაში ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებებს უნდა შევხვდეთ. გოჩა სვანიძე ფიქრობს, რომ რთულ ჯგუფში მოხვედრა ნაკრებს მოტივაციას კიდევ უფრო აუმაღლებს:
„საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე 24 ივნისიდან დაიწყებს ვარჯიშს. ივლისში მზადების მეორე ეტაპზე გუნდი თურქეთში, ანტალიაში გაემგზავრება და აგვისტომდე იქ იქნება. მესამე ეტაპი ისევ თბილისში გაიმართება. 27 აგვისტოს რუსეთის ნაკრებს ვუმასპინძლებთ. 31 აგვისტოს კი, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში ელიტური, პირველი დონის ქვეყნის, შოტლანდიის ეროვნული ნაკრები გვეწვევა. ერთი კვირის თავზე საპასუხო ვიზიტით ედინბურგში გავემგზავრებით. იქიდან კი, გეზს პირდაპირ იაპონიისკენ ავიღებთ, სადაც ოსაკასთან ახლოს მდებარე ბაზაზე დასკვნით საწვრთნელ შეკრებას გავივლით“.
„ჩვენი გუნდისთვის ცუდი ის არის როცა სუსტ ჯგუფში ვართ. როცა მეტოქე ძლიერი გვყავს მეტად კონცენტრირებულიც ვართ და მონდომებულიც. ვფიქრობ, ჩვენი ნაკრები საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენს“.