გასული გაზაფხული პარი სენ-ჟერმენისთვის განსაკუთრებით ცუდი გამოდგა. ყველაფერი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნით დაიწყო. მსოფლიოს ლამის ყველაზე მდიდარი კლუბის მორიგი ევროდრამა მწვრთნელის გათავისუფლებით არ დამთავრებულა, მაგრამ ყველაფერი აქეთკენ მიდის.
თუ მარტში კლუბის ხელმძღვანელობა საჯაროდ საუბრობდა ტომას ტუხელის მხარდაჭერის შესახებ, მაისისთვის ვითარება შეიცვალა. L’Equipe-მა დაწერა, რომ მწვრთნელი იმ ფეხბურთელებს წაეჩხუბა, რომლებიც, მისი აზრით, სათანადო პატივს აღარ სცემენ.
სეზონი პსჟ-სთვის უკვე დამთავრდა. ქვეყნის ჩემპიონი გახდა. შედეგად მოთამაშეები მოდუნდნენ. ბოლო ექვსი მატჩიდან გუნდმა მხოლოდ ერთი მოიგო. ზედიზედ სამი გასვლითი შეხვედრა წააგო. სამარცხვინო სტატისტიკაა. ტუხელს მიაჩნია, რომ ეს ფეხბურთელების ბრალია, რომლებიც დროზე ადრე „გავიდნენ შვებულებაში“.
ახსენებენ მწვრთნელის კონფლიქტს მენეჯმენტთან, ტრანსფერების თაობაზე. მაგალითად, ის ლეანდრო პერედესის შეძენითაა უკმაყოფილო. მიაჩნია, რომ არგენტინელი პსჟ-ს დონეს არ შეეფერება. ზაფხულში ტუხელს ცვლილებებისთვის დიდი ფული დასჭირდება, რომლის გამოყოფასაც მფლობელები აღარ აპირებენ.
უფრო მეტიც, Le Parisien-მა ამას წინებზე სენსაციური ამბავი გახეთქა: ორიოდ წელიწადში პარიზული კლუბი სულაც უფულოდ შეიძლება დარჩეს, რადგან მფლობელ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანი სიტუაციით უკმაყოფილოა და კლუბზე გული აიცრუაო.
ისტორია კი ასეთია: 2011 წელს ყატარელი შეიხები სერიოზულად ჩაერთვნენ ევროპულ ფეხბურთში. გათვლა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქის კლუბზე გაკეთდა. პსჟ იმ პერიოდში ვალებში ჩაფლულიყო და გამოსავალიც არ ჩანდა. ალ-ტანისა და მისი ფონდის Qatar Sports Investments-ის გამოჩენამ სიტუაცია გამოასწორა. ყატარელები ფიქრობდნენ, რომ სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობაში ჩადებული ინვესტიცია, მნიშვნელოვნად გამოასწორებდა მათ (ყატარელების), რბილად რომ ვთქვათ, შელახულ იმიჯს, რომელიც ბოლო წლებში ევროპაში და ამერიკაში ჩამოყალიბდა. მათი გათვლით, ეს იქნებოდა გრანდიოზული პროექტის პირველი ეტაპი, რომელსაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დააგვირგვინებდა.
მაგრამ შეიხებმა ბევრი წვრილმანი ვერ გაითვალისწინეს. მაგალითად ის, რომ საკმარისი არ არის ტომრებით ფულის დაყრა ყველა ტურნირში გასამარჯვებლად. ისიც, რომ წარმატებული გუნდის შექმნას თანხის გარდა დრო და კვალიფიციური სპეციალისტები სჭირდება. კიდევ ვერ გაითვალისწინეს, რომ ფეხბურთში უკვე ყოფილან ფულიანი ბიჭები, რომლებიც საკუთარ წესებს ამკვიდრებდნენ და ამ წესებით ცხოვრობდნენ. თუ ამ ბიჭებს კიდევ უფრო დიდ ფულს მისცემდნენ, მათ გაუხარდებოდათ და ბიზნესი უფრო ეფექტური გახდებოდა.
ერთი ხანი პსჟ-ს წინააღმდეგ ლამის მთელი ესპანური ლა ლიგა ამხედრდა. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა ყატარელებმა ბარსელონადან ნეიმარი გადაიყვანეს და 222 მილიონი ევრო გადაიხადეს.
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა საჯაროდ განაცხადა, ყატარელმა შეიხებმა სატრანსფერო ბაზარი ჩამოაქციეს, ყოველგვარ წესებს უგულებელყოფენო. „რაც უნდა ძვირი ღირდეს მოთამაშე, გახსნიან ნავთის ონკანს და ასტრონომიული თანხებიც მათთვის არაფერს ნიშნავს. მას უამრავმა წონიანმა ფეხბურთის კაცმა დაუჭირა მხარი.
პსჟ ეგრემც ვერ გახდა დიდი კლუბი. კლუბი, რომელიც მსოფლიოს ყველა ვარსკვლავის ოცნება იქნებოდა. ის ამჟამად რაღაც ჩინურსა და ევროპულ ტოპ-გუნდს შორისაა – კარგი ფულის შოვნა შეიძლება, პარიზში იცხოვრებ და ჩემპიოთა ლიგაშიც ითამაშებ. აი, ევროტიტულებისა კი რა მოგახსენოთ.
Le Parisien აღნიშნავს, რომ პსჟ-ის პროექტს მთლად უკვალოდ არ ჩაუვლია. ნეიმარის, მბაპესა და დი მარიას თამაშს ევროპაში ყოველ უქმეებზე სიამოვნებით უცქერენ და ამით საფრანგეთის ჩემპიონატიც უფრო წონიანი გახდა.
ალ-ტანი კი უკმაყოფილოა და კლუბის მიტოვებას აპირებს. არ მოსწონს, რომ საფრანგეთში ყატარელების მიმართ ცუდი დამოკიდებულებაა. პოლიტიკური სიტუაციაც შეიცვალა, ქვეყანაშიც და უეფაშიც. ნიკოლა სარკოზი და მიშელ პლატინი გაცილებით გახსნილნი იყვნენ ყატარელების მიმართ, ვიდრე დღევანდელი ხელმძღვანელები. სარკოზი ამჟამადაც არცერთ მატჩს აცდენს „პარკ დე პრენსზე.“
და მთავარი – ეტყობა ალ-ტანი მიხვდა, რომ მხოლოდ ფულის ტომრებით ტიტულებს ვერ მოიგებ. მიხვდა, თან დაიღალა კიდეც.
ასე რომ, გამორიცხული არ არის, 2022 წლის მუნდიალის შემდეგ, პსჟ ისევ ერთ ჩვეულებრივ, რიგით კლუბად გადაიქცეს.