თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
ბორჯღალოსნებმა 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში რუსეთს ბონუსით, 22:6 სძლიეს და ტურნირი მერვედ მოიგეს სლემით, ანუ ყველა მეტოქის დამარცხებით!
რაგბი ევროპის ჩემპიონატის (2000 წლიდან, ყოფილი ერთა თასი) დაარსებიდან დღემდე, ბორჯღალოსნებმა ტიტული მე-11-ედ შემართეს და წელი მე-13-ედ დაასრულეს პირველ ადგილზე. შეგახსენებთ, რომ სამჯერ ტურნირი ორ წრედ (ორი წლის ჯამით) ჩატარდა და შედეგად, ჩემპიონი სულ 17-ჯერ გამოვლინდა (5-ჯერ თასი რუმინეთმა და ერთხელ პორტუგალიამ მოიგო). აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 9 გათამაშებაში 8-ჯერ გამარჯვებული საქართველო გახდა და აქედან 6-ჯერ სლემით!
ნახევარი საათი გაგვიძალიანდნენ
მატჩის წინ, ჰიმნებზე, კრასნოდარის „ყუბანის“ სტადიონზე ბორჯღალოსნები სპეციალური მაისურებით გავიდნენ, რომელზეც ერთიანი საქართველო იყო გამოსახული.
„ამით ხაზი გავუსვით, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!“ – განაცხადა ნამატჩევს გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.
თამაში წვიმაში დაიწყო და მან მის მსვლელობაზე გარკვეული გავლენა იქონია. ხშირი იყო შეცდომები და თითქმის მთელი პირველი ტაიმი შეტევაში თამაშის დალაგება გაჭირდა. გარდა ამისა, რუსები საწყის წუთებში მოტივირებული ჩანდნენ და სამჯერ სცადეს გუნდური ჩხუბის წამოწყება, მაგრამ ბორჯღალოსნები პროვოკაციას არ წამოეგნენ და პასუხი თამაშით გასცეს.
ანგარიშის გახსნის შანსი პირველმა იური კუშნარიოვმა მიიღო, მაგრამ ჯარიმა ვერ გაიტანა, სოსო მათიაშვილის დარტყმა კი ზუსტი იყო და საქართველო მე-7 წუთზე დაწინაურდა. ჩვენი შეცდომების პარალელურად, მასპინძლები ხშირად თამაშობდნენ ფეხით და დაახლოებით 20 წუთი დაცვაში მოგვიწია გარჯა, მერე კი მეტოქის ნახევარზე გადავედით, ჯარიმები კარში აღარ დავარტყით და ორჯერ ლელოსთან ახლოს ვიყავით, მაგრამ რეფერიმ ორივეჯერ ბლოკისთვის დაგვაჯარიმა.
30-ე წუთზე კუშნარიოვმა საპასუხო ჯარიმა 40 მეტრიდან გაიტანა, თუმცა შეტევაში თამაში უკვე დალაგებული გვქონდა და ტაიმის ბოლოს პირველი ლელო გავიდა. თედო აბჟანდაძის ფეხით თამაშის შემდეგ 5-მეტრიანი შერკინება მივიღეთ, ბორჯღალოსნებმა ნაცადი ხერხი გამოიყენეს და ზედიზედ სამი ჯარიმისთვის საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს – 10:3.
სრული უპირატესობით
მეორე ტაიმში მილთონ ჰეიგის შეგირდები სრულად დაეუფლნენ ბურთსა და ტერიტორიას, რაც მალევე ანგარიშში აისახა. 45-ე წუთზე მეტოქე საკუთარ 22-ში შევავიწროვეთ, კუშნარიოვს ფეხით თამაშისას გიორგი ცუცქირიძემ დაუფარა და ლელოც თავადვე გაიტანა.
ტაიმის შუაში კუშნარიოვმა ჩვენი შეცდომით ისარგებლა და 20 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა, თუმცა მალევე ცუცქირიძემ ხაზი გაჭრა და რუსებმა ქართველთა შეტევა მხოლოდ ჯარიმით, ლელოდან 5 მეტრში შეაჩერეს. მიწოლაში დიდი უპირატესობის ფონზე, ბურთი მერაბ შარიქაძეზე გავიდა, რომელმაც ორი მბოჭავი აირიდა, მესამეზე ჯიქურ მივიდა და ლელოშიც შევიდა, მაგრამ რეფერიმ დამიწება ვერ დააფიქსირა. სამაგიეროდ მირიან მოდებაძე არ დაიბნა, ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და ლელო გაიტანა, ხოლო ლაშა მალაღურაძემ გარდასახა – 22:6.
ლელოს გატანის შანსი კიდევ ორჯერ გვქონდა, ხაზი სუფთად გაიჭრა, თუმცა რეფერიმ ორივეჯერ ბლოკისთვის დაგვაჯარიმა. მატჩის მიწურულს მასპინძლებმა ერთი ლელოს გატანით ხასიათის გამოსწორება სცადეს, მაგრამ ჩვენმა დაცვამ მათ უკან დაახევინა, მერე ბურთიც აართვა და საფინალო სასტვენთან ერთად, გუნდმა კუთვნილი თასი და ოქროს მედლები ჩაიბარა.
„არა მხოლოდ მორაგბეებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, ეს თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. ჩვენ გულშემატკივრებს დავპირდით, რომ ბოლომდე დავიხარჯებოდით. ღვთის წყალობით ეს პირობა შევასრულეთ და შინ გამარჯვებული ვბრუნდებით“ – განაცხადა მერაბ შარიქაძემ.
21-ედ რუსეთთან, ზედიზედ მე-18-ედ
ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრები 1993 წლიდან დღემდე, 23-ე შეხვედრაში 21-ედ დაამარცხეს, ზედიზედ მე-18-ედ 2002 წელს ნათამაშები ფრის შემდეგ. შეგახსენებთ, მეტოქემ ერთადერთი გამარჯვება პირველ მატჩში, 1993 წელს მოიპოვა.
ქართველებს „დათვებთან“ მატჩში ზედიზედ მეორე მატჩია ლელო არ მიუღიათ, სულ კი ასეთი შემთხვევა მე-12-ედ დაფიქსირდა. ჯამში მეტოქისთვის 50-ით მეტი ლელო გვაქვს გატანილი – 66 16-ის საპასუხოდ.
*რაგბი ევროპის* ჩემპიონატი | 2019
საქართველო 22:6 რუსეთი
საქ (5ქ) მათიაშვილი (ხმალაძე 56) მოდებაძე შარიქაძე^კაპ მალაღურაძე (კაჭარავა 67) კვესელაძე <10-9> აბჟანდაძე ლობჟანიძე (აფრასიძე 61) / გიგაშვილი (გოგიჩაშვილი 67) მამუკაშვილი (ჟვანია 67) ჩილაჩავა(მელიქიძე 53) ჭეიშვილი (სუთიაშვილი 41) ნემსაძე; გიორგაძე (თხილაიშვილი 61) ცუცქირიძე გორგაძე – შ [გორგაძე] + 2ლ: ცუცქირიძე მოდებაძე; გ: მალაღურაძე; ჯ: მათიაშვილი
რუს (0ქ) არტემიევ^კაპ დავიდოვ ოსტრო’უშკო გერასიმოვ ბაბაევ (მოროზოვ 63-72, კონონოვ 73) <10-9> კუშნარიოვ (გაისინ 67) შჩერბან (პეროვ 67) / მოროზოვ (სეკისოვ 61 სბ 63-72) სელ’სკი (მატვეევ 61) ზიკოვ (ბიტიევ 57) ოსტრიკოვ (ფედოტკო 51) გარბუზოვ; სიჩოვ გაჯიევ (ხოდინ 68) ჟივატოვ – 2ჯ: კუშნარიოვ
რეფ ფოლი (ინგ)
3:0(8) 3:3(31) 10:3(80+3შ) / 15:3(45) 15:6(57) სბ(63რ) 22:6(66) დას(80+1)
17/03 | რუსეთი | 06:22 | საქართველო $ | კრასნოდარ | 16.00 | ფოლი (ინგ) |
17/03 |
გერმანია | 10:33 | ესპანეთი $ | კიოლნ |
16.00 |
პიარდი (იტა) |
17/03 | ბელგია | 17:43 | რუმინეთი $ | ბრიუსელ | 16.00 | ევანს (ირლ) |
საბოლოო |
ქ |
სხვ |
ლელო |
გატ | : | გაშ |
მ |
– | წ | *ფ |
$ |
||
საქართველო |
24 | +128 |
25 |
/ | 02 |
162 |
: | 034 | 5 | – | 0 | 4 | |
ესპანეთი |
18 | +052 | 18 | / | 09 | 127 | : | 075 | 4 | – | 1 |
2 |
|
რუმინეთი |
15 | +044 |
14 |
/ |
12 |
130 | : | 086 |
3 |
– |
2 |
3 |
|
რუსეთი |
11 | +045 |
20 |
/ | 08 |
130 |
: | 085 |
2 |
– | 3 |
3 |
|
ბელგია |
4 |
–154 |
8 | / | 33 | 068 | : | 222 | 1 | – | 4 |
0 |
|
გერმანია |
1 |
–115 |
7 |
/ | 28 |
063 |
: | 178 | 0 | – | 5 |
1 |
უკან დაბრუნება |