თბილისში ზემოაღნიშნული სათაურით გამოიცა წიგნი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო საფეხბურთო მსაჯად აღიარებული, ბორჯომში დაბადებულ -გაზრდილი და სოხუმში დავაჟკაცებულ და დაქორწინებულ უკრაინელ-ქართველის, ანატოლი მილჩენკოს (1938-2011) ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. წიგნის ავტორები არიან ჟურნალისტები თენგიზ პაჭკორია და დემიკო ლოლაძე.
ავტორები მადლობას უხდიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილსა და პირველ ვიცე-პრეზიდენტს კახა ჭუმბურიძეს, რომელთა მხარდაჭერითა და ხელშეწყობით გამოიცა ეს წიგნი.
შესავალ სიტყვაში ბატონი დემიკო წერს:”დასამალი არ არის და მკითხველმა უნდა იცოდეს – ეს გამოცემა მზის სინათლეს ვერ იხილავდა, რომ არა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ჩვენი სოხუმელი მეგობარი თენგიზ პაჭკორია. მან 1996-2010 წლებში ა.მილჩენკოსთან ინტერვიუებისა და მოგონებების მთელი ციკლი ჩაიწერა, რომლის მცირე ნაწილიც თავის დროზე გამოქვეყნდა ქართულ და უცხოურ პრესაში, ამ მასალების უდიდესი ნაწილი კი პირველად ქვეყნდება ამ წიგნში. 2008-2011 წლებში თენგიზი აგრეთვე დაუკავშირდა სახელოვან უცხოელ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, არბიტრებს და კომენტატორებს და მათი აზრი დააფიქსირა წიგნის გმირზე. უცხოელი კოლეგების დახმარებით თენგიზმა აგრეთვე მოიპოვა ევროპულ პრესაში 1970-1980 წწ დაბეჭდილი მასალები იმ მატჩებზე, რომლებსაც მსაჯობდა ანატოლი. ეს ინტერვიუები და მასალები დაედო საფუძვლად გამოცემას».
თავად თენგიზ პაჭკორია წიგნში აღნიშნავს, რომ “ანატოლი მილჩენკოს ახასიათებდა მსაჯობის ორიგინალური სტილი, მაღალი კომპეტენცია, დახვეწილი სუბორდინაცია, სიმშვიდე, პრინციპულობა,ანატოლი იყო მსაჯი-არისტოკრატი”. ის 14-ჯერ დასახელდა სსრკ-ს საუკეთესო არბიტრების ათეულში, 1967 წლიდან იყო საკავშირო კატეგორიის მსაჯი, 1979 წლიდან – ფიფა-ს არბიტრი. ის იყო მეორე მსაჯი სსრკ-დან (ნიკოლაი ლატიშევის შემდეგ), რომელიც “უემბლიზე” ოფიციალურ თამაშში მთავარი რეფერი გახლდათ- 1985 წ.იყო მსოფლიო ჩემპიონატის (1986) შესარჩევი ტურნირის თამაშის მთავარი მსაჯი ინგლისისა და თურქეთის ნაკრებებს შორის”.
გაგაცნობთ ანატოლი მილჩენკოს ბიოგრაფიას.
ანატოლი ვასილის ძე მილჩენკო დაიბადა 1938 წლის 26 მარტს ბორჯომში, შუშის ჩამომსხმელი ქარხნის ინჟინერ-ტექნოლოგის,უკრაინიდან “გოლოდომორის” პერიოდში გადმოსახლებული ვასილი პეტრეს ძე მილჩენკოს ოჯახში. ანატოლი იყო საქართველოს ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული ახალგაზრდებს შორის ფრენბურთისა და ციგურების სახეობებში და ამ სახეობებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საპრიზო ადგილებიც ჰქონდა დაკავებული სსრკ-ს ახალგაზრდულ სპარტაკიადებზე. თუმცა, მას ფეხბურთი უფრო იზიდავდა. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში თამაშობდა ბორჯომის “ჩანჩქერისა” და თბილისის “ტოდოს” საფეხბურთო გუნდებში, 1961 წლიდან 1993 წლის სექტემბრმდე ცხოვრობდა სოხუმში-თავოდან თამაშობდა ადგილობრივი “დინამოს” შემადგენლობაში, 1964 წ. ტრავმის გამო იძულებული გახდა მიეტოვებინა ფეხბურთელის კარიერა, 1964 წელს დაიწყო მსაჯობა – ჯერ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ემსახურებოდა, 1965 წლიდან – სსრკ-ს ჩემპიონატის შეხვედრებს. ანატოლი მილჩენკო მსაჯობდა 1979 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს იაპონიაში (სადაც არგენტინა მარადონას ლიდერობით მსოფლიო ჩემპიონი გახდა), 1980 წლის ოლიმპიური თამაშების, ევროპის ჩემპიონატის ( 1972, 1976, 1980 და 1984 წ.წ.) და მსოფლიოს ჩემპიონატის ( 1974, 1978, 1982 და 1986 წ.წ) შესარჩევ მატჩებს, უეფა-ს თასის ფინალური მატჩს 1972 წელს “ტოტენჰემსა” და”ვულვერჰემპტონს” შორის, ევროპის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალს “ბაიერნი”-“უიპეშტ დოჟა” 1975 წ.
ანატოლიმ სოხუმში დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით, 1974- 1993 წწ იყო სასტუმრო “სოხუმის” დირექტორი. 1990 წელს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებისთანავე სამსაჯო მოღვაწეობას დაუბრუნდა (4 წლიანი შესვენების შემდეგ) და შვილთან – ზურაბ მილჩენკოსთან (რესპუბლიკური კატეგორიის არბიტრი, 1994 წლიდან ცხოვრობს მოსკოვში) ერთად 1992 წლის მაისამდე მსაჯობდა საქართველოს ჩემპიონატისა და თასის მატჩებს. 1992-1993 წლებში მას არ მიუტოვებია ომის ქარ-ცეცხლში გახვეული მისთვის უძვირფასესი სოხუმი, სადაც ის ცხოვრობდა 1961 წლიდან.
1994-1998 წწ თავის მეუღლესთან სულიკო ტყებუჩავასთან ერთად ანატოლი კიევში ცხოვრობდა- მუშაობდა საქართველოს საელჩოში. 1998 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ა. მილჩენკო დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. საქართველოს სიყვარულმა ათქმევინა უარი მისთვის შეთავაზებულ უკრაინის მოქალაქეობაზე და თავისი პროფესიით იქ სამსახურზე და დააბრუნა საქართველოში.
1998 წლის ბოლოს საქართველოს უმაღლესი ხელისუფლებისა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ა.მილჩენკო გადმოყვანილი იქნა თბილისში და 1999 წლიდან 2006 წლის თებერვლამდე მუშაბოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო-საინსპექტორო კომიტეტის ხელმძღვანელად. 2002 წელს მისი ინიციატივით თბილისში უეფას ეგიდით დაარსდა საქართველოს ფეხბურთის მსაჯების მოსამზადებელი აკადემია – იყო ამ აკადემიის რექტორი. ეს გახლდათ პირველი ამდაგვარი სასწავლო დაწესებულება ყოფილ სსრკ-ში.
2006 წლის ივლისიდან ანატოლი იყო საფეხბურთო კლუბის “ვიტ-ჯორჯიას” სპორტული დირექტორი, 2009 წლიდან – ამ გუნდის ტექნიკური დირექტორი. 2003-2006 წწ. იყო უეფა-ს დელეგატი – ევროპის საკლუბო ტურნირების 10-ზე მეტ მატჩს მოემსახურა უეფას დელეგატის რანგში.
2000 წელს ანატოლი მილჩენკო აღიარეს საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მსაჯად.
2010-2011 წწ. ანატოლი მუშაობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. გარდაიცვალა 2011 წლის დეკემბერში, თბილისში.მის აუხდენელ ოცნებად დარჩა სოხუმში დაბრუნება, ქალაქში, რომელიც მშობლიურ ბორჯომთან ერთად უსაზღვროდ უყვარდა.
წიგნის სათაური “ანატოლი მილჩენკო: ბორჯომი, სოხუმი, უემბლი” 2011 წელს თენგიზ პაჭკორიასთან ერთად შეარჩია თავად ანატოლიმ. ის ამით გამოხატავდა უზომო სიყვარულს ბორჯომის, სოხუმისა და ერთიანი საქართველოს მიმართ და “უემბლისათვის”, როგორც მეოცე საუკუნის ელიტარული საფეხბურთო არენის მიმართ, რომლის მოედანზე მსაჯობა დიდი პრესტიჟი იყო იმდროინდელი არბიტრებისთვის.
წიგნის ავტორები მადლობას უხდიან მხარდაჭერისთვის კომენტატორ-რეკორდსმენს, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს და ჟურნალისტს ჯამლეტ ხუხაშვილს.
210 გვერდიან წიგნში ბევრ საინტერესოს შეიტყობთ ანატოლი მილჩენკოს ქართველ და უცხოელ მეგობრებზე, კოლეგებზე, სპორტსმენებზე, საზოგადო მოღვაწეებზე, იხილავთ ბევრ საინტერესო ფოტოს,რომელიც წიგნის ავტორებს მიაწოდეს თბილისში მცხოვრებმა ანატოლის მეუღლემ სულიკო ტყებუჩავამ და შვილიშვილმა თეა დოჩიამ. წიგნის მხატვრული გაფორმება ეკუთვნის დიზაინერს კახა ბახტაძეს.