– რით გამაკვირვა საქართველოს ნაკრებმა? არაფრით. ვიცოდით საქართველო რა გუნდიცაა და ის კალათბურთი ითამაშა, რასაც ველოდით. როგორც აღვნიშნე, ჩვენს მეტოქეს ფარქვეშ დიდი უპირატესობა ჰქონდა, ვერ მოვახერხეთ მოხსნებისას სათანადოდ ხელის შეშლა. დავმარცხდით ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაკრებთან. საქართველო გუნდია, – ასეთი იყო ესტონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ტიიტ სოკის რეზიუმე ტალინში 73:80 დამარცხების შემდეგ.
სოკი 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონია საბჭოთა ნაკრებთან ერთად და საქართველოს კალათბურთელობისასაც იცნობდა და მწვრთნელობისას კიდევ უკეთ გაიცნო. იგი დიდი ხანია, ესტონეთის ნაკრებს ხელმძღვანელობს და თბილისშიც არაერთხელ ჩამოძღოლია. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში სოკმა ასეთი რამე მითხრა:
– არ ვიცი, რისი ბრალოა, შესაძლოა ბუნების, სხვა გარემო ფაქტორების, მაგრამ ფაქტია, რომ საბჭოთაპერიოდშიც და შემდეგშიც, საქართველოში უამრავი ტალანტი მყავს ნანახი. საკვირველია, საიდან ამდენი, ასეთ პატარა ქვეყანაში.
ამის მიზეზებზე ცალკე ძიება შეიძლება დაიწეროს, აქ კი ერთს შევნიშნავთ: საქართველოს ნაკრებში შექმნის პირველივე წელს (1995) ნიკოლოზ დერიუგინი თამაშობდა, იგი ვლადიმერ სტეფანიამ ჩაანაცვლა, ვოვას შემდეგ – ზაზა ფაჩულია მოვიდა, რომელსაც თამაში მოუწია გიორგი შერმადინთან და გოგა ბითაძესთან… საქართველოს ნაკრებში თითქმის უწყვეტად იყვნენ ევროპისა თუ მსოფლიოს მასშტაბის ცენტრები.
ასეთ უპირატესობას კი გამოყენება უნდა, რასაც აქამდე მეტ-ნაკლებად კარგად ვახერხებდით. რატომ “მეტ-ნაკლებად”? იმიტომ, რომ იგორ კოკოშკოვის ტაქტიკაში ზაზა ფაჩულიას გიორგი შერმადინი ენაცვლებოდა. ისინი ერთმანეთის გვერდით, მოედანზე სულ ორი წუთი მახსოვს. არადა, ზაზა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაშიც მშვენივრად დასდევს მძიმე ფორვარდებს და შეიძლებოდა მისი მეოთხე ნომრად დაყენება, შერმადინისა – ცენტრად. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ შემოგვეხვია მეტოქეებისთვის “ორმაგი ცენტრის” ტაქტიკა, ისინი გვახვევდნენ სწრაფ თამაშს და ზოგჯერ ცენტრის გარეშეც გვათამაშებდნენ.
იგორ კოკოშკოვთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, როგორ შეიძლება “ფინიქსის” ამჟამინდელ მწვრთნელს რიგითმა ქართველმა ჟურნალისტმა ჭკუა ასწავლოს, უბრალოდ ფაქტს ვამბობ: კოკოშკოვის მემკვიდრემ, ბერძენმა ილიას ზუროსმა ნაკრებში მოსვლის პირველივე წელს (2016) მოსინჯა ფაჩულია და შერმადინი ერთად. ეს იყო მაკედონიასთან. კმაყოფილიც დარჩა – მეტოქეს ორი მაღალი კლასის ტანმაღალი მეფარე ჰყავდა და ჩვენც ჩვენეული ტაქტიკა დავუპირისპირეთო.
მას მერე ათასმა წყალმა ჩაიარა – ევრობასკეტმა, მსოფლიოს თასის პირველმა საკვალიფიკაციომ და იიას ზუროსმა მეორე საკვალიფიკაციოზე, 30 ნოემბერს, ესტონეთში “ორმაგი ციხე” თავიდან ბოლომდე გამოსცადა: მატჩის დასაწყისშივე მოხსნა ბექა ბურჯანაძე და მის ნაცვლად შერმადინს ბითაძე შეუწყვილა. ამის გამო ბურჯანაძეს სათამაშო დრო შეეზღუდა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ დიდი შესვენების შემდეგ კარგად ათამაშებული ბექა ზუროსმა 3 დეკემბრის მატჩისთვის, ისრაელისთვის შემოინახა, რადგან არავინ იცის, რამდენად გაამართლებს ორმაგი ცენტრის ტაქტიკა ესტონეთზე გაცილებით ძლიერ გუნდთან.
ტალინში კი მარტივი კალათბურთი ვიხილეთ: ქართველების ამოცანა შერმადინამდე ან ბითაძემდე ბურთის მიტანა იყო. ეს საქმე გიორგი ცინცაძესა და თად მაკფადენს ევალათ. ბურთის მიღება და მეტოქეს კალათისკენ შეტრიალება ერთი იყო – ვერც გოგას და ვერც გიორგის ესტონელები წინ ვერ უდგებოდნენ. ორივე ჩვენი ტანმაღალი ხომ შეტევაში გამორჩეული ცენტრია – მეტოქის კალათთან “თბილი დამოკიდებულება” აქვთ.
იანარ ტალტსი და მისი მეფარე კომპანიონები ჯარიმებით დაიტვირთნენ, შერმადინი და ბითაძე – ქულა-მოხსნებით. გიორგიმ 23 ქულას 11 მოხსნა მიამატა, გოგამ – 19 ქულა და 11 მოხსნა გაიფორმა.
ესტონელები სამქულიანებით მოგვდევდნენ, მაგრამ მატჩი ისე მორჩა, ვერ დაგვეწივნენ – 80:73 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
– აქამდე იშვიათად უწევდათ ორ ტანმაღალ ცენტრს, გიორგი შერმადინსა და გოგა ბითაძეს ერთმანეთის გვერდით თამაში. ესტონეთში დიდი დროის განმავლობაში ორივე მოედანზე იყო და მათი ურთიერთქმედებით კმაყოფილი ვარ. გოგა არა მხოლოდ საქართველოსი, მსოფლიოს მასშტაბის დიდი ტალანტია და ეს ტალინშიც დაამტკიცა. გიორგისთვის და გოგასთვის რთული იყო ტანდაბალი, სწრაფი მეტოქეების დევნა, მაგრამ თავი ყველა დავალებას კარგად გაართვეს და ფარქვეშ დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ, – კმაყოფილი იყო საქართველოს ნაკრების ბერძენი თავკაცი ილიას ზუროსი.
ეს იყო ჩვენი გუნდის მეოთხე გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ჯგუფში საბერძნეთის, გერმანიისა და სერბეთის შემდეგ მეოთხე ადგილზე ვართ და ერთი მოგებით ჩამოვრჩებით სერბებს. დარჩენილ სამ მატჩში რთული იქნება მათი გადასწრება, მაგრამ მსოფლიო თასზე გასვლის შანსი ჯერად გვაქვს. ჯგუფიდან ხომ სამი საუკეთესო გადის.
3 დეკემბერს ისრაელს ვმასპინძლობთ.
გოჩა კაჭარავა
