“საბურთალო” მეცხრე ცაზე

0
60

საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს: თბილისის „საბურთალო“. ამ გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელი კლუბზე უფროსია. დიახ, ასეა, „საბურთალო“ 1999 წელს დაარსდა და  სტუდენტობის ასაკშია.

თუმცა ეს იყო ჩანასახი, კლუბი მეტეორივით არ შემოჭრილა, ბავშვთა ფეხბურთზე იყო მიმართული და ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ არათუ უმაღლეს, მომდევნო ლიგაშიც კი არ ჰყავდა გუნდი. გუნდის ხელმძღვანელობაში ისეთი ადამიანები იყვნენ, ჩანდა, „საბურთალო“ მალე თავისას იტყოდა.

სამი წლის წინ პირველად მოეწყვნენ უმაღლესში. პირველ და მეორე სეზონში შედეგი საშუალო; მესამეში მეოთხე ადგილი, ევროსაგზურთან ახლოს; მეოთხეში უკვე ჩემპიონობა. „საბურთალო“ გაისად პირველად გავა ევროარენაზე და პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

აქედანვე მგონია, რომ არ შერცხვებიან. რატომ, რა მაძლევს ამის დაწერის საფუძველს? რამდენიმე ქართული კლუბების ხელმძღვანელთა განსხვავებით, ტარიელ ხეჩიკაშვილს უყვარს და ესმის ფეხბურთი. ეს გამოჩნდა ამ სეზონის დასაწყისშივე. თბილისის „დინამომ“ და სხვა წამყვანმა კლუბებმაც შემადგენლობა არათუ გააძლიერეს, პირიქით, დასუსტდნენ. ამ დროს კი საბურთალოელებმა შევსებაზე კარგად იზრუნეს და აი, შედეგიც. „საბურთალო“ საქართველოს მეცხრე ჩემპიონია.

ლოგიკურია, რომ ასე მოხდა. თამაში როგორ არ ჩაუგდია, დიდი ანგარიშითაც წაუგია, მაგრამ არ მახსენდება, „საბურთალოს“ ზედიზედ სამი მატჩი გადაებას მოუგებლად. სტაბილურობა მაგარი რამეა და ეს შეინარჩუნა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა.

რომ გვკითხონ, თუ ვინ მიგვაჩნია საბურთალოელთაგან საუკეთესოდ, ლეგიონერ ვინგერს, ვაგნერ გონსალვეშს ავირჩევდით. თითქოს სიმბოლურია, რომ სწორედ მან გაიტანა გადამწყვეტი, საჩემპიონო გოლი თბილისის „დინამოსთან“. ისე კი, სულ 11 გოლი და 8 საგოლე პასი მოუგროვდა, რაც ნახევარმცველისთვის მშვენიერი შედეგია.

გუნდის ლიდერები იყვნენ ცენტრალური მცველი გიორგი რეხვიაშვილი, ნახევარმცველები გეგა დიასამიძე და თორნიკე გორგიაშვილი, ფორვარდი გიორგი კოხრეიძე. არ გვინდა, ვინმე გამოგვრჩეს, საჭირო დროს სხვებმაც აჩვენეს კარგი თამაში.

გიორგი ჭიაბრიშვილმა მეორე ქართული გუნდი მიიყვანა ჩემპიონობამდე. ექვსი წლის წინ „ზესტაფონი“, ამჯერად  „საბურთალო“.

ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჭანტურია, გიორგი ხარაიშვილი, ბაჩანა არაბული, ჯიმი ტაბიძე, დავით ხოჭოლავა, ლაშა დვალი, ლაზარე კუპატაძე – მიხვდებით, ამ მოთამაშეებს რაც აქვთ საერთო. ყველას გამოვლილი აქვს „საბურთალოს“ სკოლა და კლუბს შეუძლია ამითაც იამაყოს. ცუდი ფეხბურთელები ნამდვილად არ გაუზრდია. კლუბის აღზრდილებიდან ბევრი მოთამაშე ქვეყნის მთავარ ნაკრებს გამოადგა. დარწმუნებულნი ვართ, სია კიდევ გაგრძელდება.

როცა ამ სტატიას ვწერ, ჩემპიონატის მეორეადგილოსნის ბედიც გასარკვევია. „დინამო“ იქამდე მივიდა, მეორეობაც სათუო გაუხდა, რადგან ქუთაისის „ტორპედო“ წამოეწია. წინა ნომრებში დინამოელთა ცუდ ყოფაზე ბევრი ვწერეთ, მიზეზებიც საკმაოა, ამიტომაც, ამჯერად რაღა დავამატოთ, რაღა განვავრცოთ?..

სეზონის მეორე ნახევარში ქუთაისის „ტორპედო“ გვაოცებს. 23 ივნისის მერე, ქართულ გუნდებთან წაგება არ იცის. მაშინდელი მარცხი „საბურთალოსთან“ 1:2 და მორჩა. მას შემდეგ კი ხუთ თვეზე მეტი გავიდა. არადა, რამდენჯერ იყო „ტორპედო“ წაგების მიჯნაზე, მაგრამ ცალკე ხასიათი, ცალკე იღბალი.

ცალკე უნდა ითქვას 26 წლის თავდამსხმელ თორნიკე კაპანაძეზე. მისი „ჩიხურასთან“ გატანილი მაკრატელა შედევრი იყო და უცხოურმა საიტებმა დაწერეს კიდეც, ყველაზე ლამაზი გატანილი გოლისთვის ფერენც პუშკაშის პრიზის კანდიდატიაო. კრიშტიანუ რონალდუზე მეტად მარკო ვან ბასტენის მაკრატელა გამახსენდა, „აიაქსში“ რომ აქვს გატანილი. ბურთიც სწორედ იმ კუთხეში წავიდა, ახლო ძელთან, მაღლა.

კაპანაძე და გიორგი გაბედავა – ეროვნულ ჩემპიონატში ეს ორი ცენტრფორვარდი წლეულს გამორჩეულია. ვინ იცის, თავდამსხმელთა ტრავმიანობაში და გვალვაში, ვლადიმირ ვაისმა ისინი ეროვნულ ნაკრებშიც გამოიყენოს. ლეგიონერი შემტევებიდან კი კარგები არიან უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკი და ბრაზილიელი ლეანდრო რიბეირო, თუმცა ბრაზილიელმა მეორე წრეში აშკარად უკლო.

მეოთხე ადგილზე, ანუ ევროტურნირებზე, ან „დილა“ გავა, ან „ჩიხურა“. დანარჩენ კლუბებს კი ადგილის შენარჩუნებაზე უწევდათ ფიქრი.

ფოთის „კოლხეთი“ გავარდა, „სამტრედიას“ გადათამაშება მოუწევს ქვედალიგელ „ვიტ ჯორჯიასთან“, ხოლო „სიონი“ ან “რუსთავი“ ასევე გადათამაშებაში იქნებიან „გაგრასთან“, ან “ნორჩ დინამოსთან“. მოკლედ, დეკემბერში დაძაბულობა მოიმატებს.

ბათუმის „დინამო“ კი უმაღლესს დაუბრუნდა და ეს გასახარია: სხვებთან შედარებით წელში გამართული კლუბია, გუნდში დისციპლინაა, გულშემატკივარიც აქტიურია. ვისაც უნახავს, ბათუმში სტადიონზე საფეხბურთო ატმოსფეროა, ტრიბუნასაც ავსებენ. შემთხვევით არ ყოფილა, რომ ფედერაციამ სწორედ იქ გადაწყვიტა დავით ყიფიანის თასის ფინალის ჩატარება.

ახალი სახეები, ახალგაზრდები, ჭაბუკები – აი, რა გვაინტერესებს კიდევ სხვა ამბებზე მეტად. ეროვნულ ლიგაში ბლომად ნახავთ ფეხბურთელებს, რომლებიც კლუბიდან კლუბში გადადიან, რეალურად არც არაფერს მატებენ და არც აკლებენ, პროგრესი დაასრულეს და შრომითი დასაქმებით კმაყოფილდებიან.

აი, ჭაბუკებს კი ბევრს ვერ ნახავთ, რადგან და უბრალოდ, არ ენდობიან.  ზოგი იტყვის, კარგად ითამაშონ და გზას გაუხსნიანო, მაგრამ დაგვიჯერეთ, ასე არაა. „სტარტაპისთვის“  ყოველთვის საჭიროა.

„ლოკომოტივში“ ენდნენ 17 წლის რევაზ ინჯგიას, შეცვლაზე შეჰყავთ და ბიჭიც, მეტწილად გავლენას ახდენს თამაშზე: საგოლე პასი, პენალტის მონადირება, გოლი, ბოლნისის „სიონს“ რომ გაუტანა. ლამის მთელი მინდორი ირბინა ტალახში და ბოლოს გარე ტერფით გაიტანა. ინჯგია ამ ლიგის აღმოჩენაა. ეროვნულ ლიგა 2-შიც თამაშობენ 18-19 წლის იმედისმომცემი ფეხბურთელები, თუმცა ისე ჩანს, რამდენიმე კლუბის გარდა, სელექცია არავის აინტერესებს, ფუჭი საქმე ჰგონიათ. არადა, გზა მიეცი და ვინ იცის, რამხელა ინვესტიციაა სამომავლოდ.

არა, არ აკეთებენ. დღევანდელი კვერცხის ამბავია.

ილია ნანობაშვილი