უშიშარი ბასკი

0
117

„მწვრთნელად არ დავბადებულვარ. ამ პროფესიის ადამიანად საკუთარი თავი თავადვე ჩამოვაყალიბე“, – აცხადებს ლონდონის  „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი და იქვე დასძენს, რომ მისი საფეხბურთო სპეციალისტად დამკვიდრების პროცესი ჯერ არ დასრულებულა, გრძელდება და სადამრიგებლო კარიერის მიწურულამდე სრულყოფილებისკენ სწრაფვას გააგრძელებს. ემერი ცნობილია, როგორც ჭკვიანური და ამასთან მაყურებლისთვის საცქერლად მიმზიდველი ფეხბურთის მიმდევარი. ის მკვეთრად განსაზღვრული ტაქტიკის მომხრეა და უნაის მიერ გაწვრთნილი გუნდები გულშემატკივარს სანახაობრივ და ასპარეზობას სთავაზობს.

უნაი ემერი საფეხბურთო სამყაროში იმ ადამიანის რეპუტაციით სარგებლობს, რომელიც მთლიანად თავის საქმეშია ჩართული. აკი ამბობს კიდეც ბასკი სპეციალისტი – თუკი მწვრთნელი სადამრიგებლო ამბებს დღე-ღამის განმავლობაში 24 საათს არ უთმობს, ეს საქმის ღალატიაო. „ეს ჩემი კრედოა და სხვაგვარად არ შემიძლია“, _ დასძენს ემერი.

უნაი ემერი ეჩეგოიენი 1971 წლის 3 ნოემბერს ბასკეთის პროვინცია გიპუსკოას პატარა ლამაზ ქალაქ ფუენტარაბიაში დაიბადა. მისი ბაბუა ანტონიო ემერი 1918-27 წლებში ირუნის „რეალ უნიონის“ მეკარე გახლდათ და სამჯერ ესპანეთის თასის მფლობელი გახდა. ამავე კლუბის კიპერი იყო მომავალი მწვრთნელის მამა ხუან ემერი, რომელიც წლების განმავლობაში პირენელთა პირველი და მეორე საფეხბურთო დივიზიონების კლუბების კარს დარაჯობდა. ბაბუისა და მამის მსგავსად, ამპლუით ნახევარმცველი ემერი სამოთამაშეო წარმატებით ვერ დაიკვეხნის, სამაგიეროდ ემერი-უმცროსი წინაპრებისგან განსხვავებით, მაღალი რანგის მწვრთნელი გახდა.

უნაი ემერი 1990–95 წლებში ესპანეთის ორგზის ჩემპიონის სან სებასტიანის „რეალ სოსიედადის“ ახალგაზრდულ გუნდში ბურთაობდა, 1995/96 წლების სეზონში ბასკეთის სახელოვანი კლუბის ძირითად შემადგენლობაშიც ანდეს თამაში. უნაის მხოლოდ ხუთჯერ მოუწია შეცვლაზე შესვლა, ამ მატჩებში გოლის გატანაც მოახერხა „ალბასეტეს“ კარში, მაგრამ სან სებასტიანელებმა გუნდიდან მაინც დაითხოვეს და 2004 წლამდე ემერი სეგუნდა დივიზიონის В ჯგუფის კლუბების („ტოლედო“, ფეროლის „რასინგი“,„ლეგანესი“,„ლორკა დეპორტივა“) ღირსებას იცავდა.

2004 წლის გაზაფხულზე უნაის მუხლის ტრავმის გამო სამოთამაშეო კარიერის დასრულება მოუწია, იმავე წლის დეკემბერში კი უკვე კლუბ „ლორკას“ დამრიგებლად მოგვევლინა. სადებიუტო სეზონშივე ემერიმ სამწვრთნელო წარმატებას მიაღწია – „ლორკა“ В ჯგუფიდან А–ში გადაიყვანა, მომდევნო სეზონში კი ლორკელები სულაც პრიმერა დივიზიონში გადასვლის პრეტენდენთან აქცია. უნაი ემერის დამოძღვრილ გუნდს ფლეი ოფამდე მისხალი დააკლდა – სეზონის მეხუთე საფეხურზე დაასრულა. 2006 წლის ზაფხულში ემერის „ალმერიას“ გაწვრთნა მიანდეს, რომელიც ბასკმა დამრიგებელმა სეგუნდადან პრიმერაში დააწინაურა, მომდევნო სეზონში კი ნაკლებადცნობილმა გუნდმა ესპანურ გრანდებთან ჭიდილში პირველობა მერვე საფეხურზე დაასრულა და ევროთასის საგზურის დაუფლებასაც ცოტაოდენი დააკლდა. ალმერიელებმა ორჯერ სძლიეს  „სევილიას“,„ბარსელონასთან“ კი შინ 2:2 ითამაშეს. 2006–07 წლებში დამწყები სპეციალისტი მიჯრით ორჯერ დაასახელეს სეგუნდა დივიზიონის საუკეთესო მწვრთნელად და ამ ფაქტის აღსანიშნად პოპულარულმა გამოცემა „მარკამ“ უნაის მიგელ მუნიოსის სახელობის პრიზი გადასცა.

2008 წლის მაისში უნაი ემერი ავტორიტეტული და საქვეყნოდ ცნობილი „ვალენსიას“ დამრიგებლად ინიშნება. მესტალიელთა კლუბის მესვეურები ახალ მწვრთნელს ხელფასის სახით მილიონახევარ ევროს უნიშნავენ და წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში პრემიასაც ჰპირდებიან, თუმცა, პირველ სეზონში ემერის ბონუს–თანხა არ მიუღია – „ღამურებმა“ ჩემპიონატი მეექვსე საფეხურზე დაასრულეს. მომდევნო გათამაშებაში ვალენსიელებმა წარმატებით ითამაშეს და სეზონის მიწურულს გათამაშების ცხრილში მხოლოდ მსოფლიო ფეხბურთის ორ გრანდს, „ბარსელონასა“ და „რეალს“, ჩამორჩნენ, მაგრამ კლუბს ფინანსურად გაუჭირდა, რის გამოც ისეთ ვარსკვლავებთან მოუწია განშორება, როგორებიც დავიდ ვილია და დავიდ სილვა იყვნენ. საგრძნობი დანაკლისის მიუხედავად, უნაი ემერის დამრიგებლობით „ვალენსია“ მომდევნო ორ სეზონშიც არ დაქვეითებულა მესამე პოზიციაზე დაბლა, ამასთან, ევროთასებზეც რეგულარულად ფლეი ოფის სტადიაზე აღწევდა. 2009–10 წლების სეზონში ვალენსიელებმა „ევროპა ლიგის“ მეოთხედფინალამდე გააღწიეს და ამ სტადიაზე ტურნირის მომავალ გამარჯვებულ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დამარცხდნენ. ემერის შეგირდებმა მომდევნო წელს უკვე ჩემპიონთა ლიგის საფლეიოფე სტადიას უწიეს, თუმცა, გელზენკირხენის „შალკეს“ მიერ გადებულ შლაგბაუმს ვერ გადაახტნენ. 2012 წელს კვლავ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ და ისევ ევროპა ლიგაზე დამარცხდნენ – ამჯერად ფინალამდე ხელის ერთ გაწვდენაზე, ნახევარფინალში…

„არიან მწვრთნელები, რომელთაც 0:0 აკმაყოფილებთ, მე კი უფრო 5:5 მომწონს. ფეხბურთის არსი თამაშია. ჩვენ, მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა მაყურებელს სპექტაკლი უნდა ვუჩვენოთ, გულშემატკივარს სიამოვნება მივანიჭოთ და გავართოთ. ჩემი უმთავრესი ამოცანა ქომაგებისთვის სიამოვნების მინიჭებაა“, – ამ სიტყვებს ემერი ხშირად იმეორებდა ვალენსიელთა დამრიგებლობისას.

„ვალენსიას“ ფეხბურთელები უნაი ემერის სადამრიგებლო სტილს და მეთოდებზე წუწუნებდნენ, თუმცა, მის ნიჭსა და კვალიფიკაციას ერთხმად აღიარებდნენ: „ემერი ჩვენთვის ნამდვილი თავისტკივილია. მისი წვრთნები მოსაწყენია და უსასრულოდ გრძელდება. უნაი გვაიძულებს საათობით ვუცქიროთ ვიდეოჩანაწერს, ერთსა და იმავეს ყოველკვირეულად ჩაგვჩიჩინებს. თითქოს პატარა ბავშვები ვიყოთ – ყველა წვრილმანს დეტალურად გვიხსნის. მისი შეგონებები და წვრთნები მომაბეზრებელია, მაგრამ ყოველივეს სათანადო შედეგი მოაქვს – მინდორზე გასულებმა მშვენივრად ვიცით, რა გვევალება და რა უნდა მოვიმოქმედოთ ნებისმიერ მომენტსა თუ სათამაშო ეპიზოდში“.

უნაი ემერი აღიარებს, რომ მოთამაშობისას გამბედაობა აკლდა, რის გამოც დიდ სიმაღლეებს ვერ მიაღწია, ამიტომაც თავისი ფეხბურთელებისგან ხასიათის სიმტკიცეს და ვაჟკაცობას ითხოვს. „მწვრთნელობისას როგორც დადებით, ასევე უარყოფით კრიტიკას ვისმენ. არც რჩევა–დარიგება მაკლია, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები მაინც მწვრთნელია და მან სხვა თვისებებთან ერთად სიმშვიდეც უნდა შეინარჩუნოს. ემოციის გადმოფრქვევას რაც შეეხება, ამას მხოლოდ საკუთარ კაბინეტში, განმარტოებით ვაკეთებ. ასე იყო „შალკესთან“ მატჩის შემდეგ, როდესაც მთელი მატჩის განმავლობაში დაგროვილი ბრაზი ოთახში ჩაკეტილმა გადმოვაფრქვიე. ფეხბურთი გრძნობებსა და ემოციაზეა დაფუძნებული, თუმცა, მწვრთნელმა გარეგანი სიმშვიდე მუდმივად უნდა შეინარჩუნოს“, – ამბობს უნაი ემერი და დასძენს: „კოლექტიური თამაში მომწონს. მაშინებენ მწვრთნელები, რომლებიც თავს იმტვრევენ სასტარტო შემადგენლობის შერჩევაზე. გუნდს ისე ვწვრთნი, რომ ბრძოლაში ჩასართავად 25 ფეხბურთელი იყოს მზად, საწყის თერთმეტეულზე კი მხოლოდ ბოლო მომენტში ვფიქრობ. გუნდის მდგომარეობის ანალიზს ვაკეთებ და არა ცალკეული მოთამაშეების. თუკი რომელიმე ფეხბურთელი ცუდად თამაშობს ბრალი მე მეკისრება, რადგან მასთან მუშაობას რაღაც დავაკელი“.

2012 წლის აპრილში უნაი ემერიმ საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ სეზონის მიწურულს „ვალენსიადან“ წავიდოდა. ბასკ მწვრთნელს მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა, იმხანად გავრცელებულ ხმებს თუ ვერწმუნებით, კლუბის ხელმძღვანელები და გულშემატკივრები მას „ღამურათა“ მიერ ტიტულების ვერდაუფლებას უწუნებდნენ.

2013 წლის 3 იანვარს უნაი ემერი „სევილიას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ანდალუსიელთა კლუბის პრეზიდენტი გაფორმებული კონტრაქტით სიხარულს ვერ მალავდა – ჩვენი გუნდისთვის იდეალური დამრიგებელი შევარჩიეთ და სამომავლო წარმატებების იმედი ჩამესახაო. ასეც მოხდა – უნაი ემერის წინამძღოლობით 2016 წლის 18 მაისს „სევილიამ“ ზედიზედ მესამედ მოიგო ევროპა ლიგის თასი და მიუხედავად იმისა, სამხრეთპირენელებთან ხელშეკრულების გათვალისწინებით კიდევ მინიმუმ წელიწადი უნდა ემუშავა, „პარი სენ ჟერმენის“ მაცდურ წინადადებას ვერ გაუძლო და მალე პარიზელებთან გააფორმა ორწლიანი კონტრაქტი. სადებიუტო მატჩში ემერიმ პსჟ–ს საფრანგეთის სუპერთასი მოაგებინა, თუმცა, სეზონი წარუმატებელი გამოდგა. დედაქალაქელებმა ქვეყნის პირველობა დათმეს, ჩემპიონთა ლიგიდან კი ფლეი ოფის საწყისი ეტაპიდან გავარდნენ. არადა, მერვედფინალის პირველ შეხვედრაში პარიზელებმა შინ „ბარსელონა“ 4:0 დაამარცხეს, თუმცა, „კამპ ნოუზე“ ჩატარებული საპასუხო მატჩის მიწურულს კატალონელთაგან გოლები ბლომად გაუშვეს, 1:6 განადგურდნენ და ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირსაც დაემშვიდობნენ. პსჟ–ს აქტივში მხოლოდ საფრანგეთისა და ლიგის თასის მოპოვება იყო, რაც კლუბის ბოსებს არ აკმაყოფილებდათ.

მომდევნო სეზონში პარიზელებმა სამივე საშინაო ტიტული მოიხვეჭეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ ვერ გადალახეს სამერვედფინალე ბარიერი. პსჟ ამჯერად ტურნირის მომავალ ტრიუმფატორ, მადრიდის „რეალთან“ ჭიდილისას დაემშვიდობა გათამაშებას, რაც უნაი ემერის პოსტის დატოვებად დაუჯდა. პარიზიდან აბარგების შემდეგ უნაი ემერიმ გულდაწყვეტით აღნიშნა, რატომღაც ჰგონიათ, „პარი სენ ჟერმენისთვის“ საფრანგეთში ტიტულის მოპოვება იოლა საქმეა, მაგრამ გარწმუნებთ, ასე ნამდვილად არააო…

2018 წლის 23 მაისს ემერი „არსენალის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ბასკ დამრიგებლს კარგად აქვს გასიგრძეგანებული, რას ნიშნავს იმ კლუბის გაძღოლა, რომლის მესაჭეც 25 წლის განმავლობაში ლეგენდარული ფრანგი სპეციალისტი არსენ ვენგერი იყო: „არსენალის“ მწვრთნელობა ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა, ამასთან, მეტად საპატიო მისიაცაა, თანაც, ამ ლონდონურ კლუბში მუშაობას სამწვრთნელო ოცნების ახდენას ვუწოდებდი. გამოწვევა მიღებულია და ვამაყობ, კლუბმა არსენ ვენგერის მემკვიდრედ რომ ამირჩია“.

პრემიერლიგის სტარტზე ყველა მოუთმენლად ელოდა ძველი ნაცნობების პეპ გვარდიოლასა და უნაი ემერის შეხვედრას. ამჯერად ეს მწვრთნელები ერთმანეთს „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ დამრიგებლების რანგში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩი მანჩესტერელებმა 2:0 მოიგეს, შეხვედრის შემდეგ კი გვარდიოლამ ემერი საუკეთესოდ დაახასიათა – უნაი მაღალი რანგის სპეციალისტია, რაც ესპანეთშიც დაადასტურა, როდესაც მისი „ვალენსია“ მხოლოდ „ბარსელონასა“ და „რეალს“ ჩამორჩებოდაო…

უნაი ემერის წინამძღოლობით „არსენალი“ ინგლისის პრემიერლიგის სტარტზე მშვენივრად თამაშობდა. საწყისი ცხრა ტურის შემდეგ ლონდონელებს შვიდი მოგება ჰქონდათ და მხოლოდ გვარდიოლას „სიტის“ ჩამორჩებოდნენ. შემდეგ გუნდმა მიჯრით სამი მატჩი ითამაშა ფრედ, ერთ–ერთი კი იურგენ კლოპის „ლივერპულთან“. ეს თამაში საინტერესო გამოდგა. მერსისაიდელებმა ტემზის ნაპირებზე მილნერის გოლის წყალობით დაწინაურება მოახერხეს, მაგრამ ასპარეზობის მიწურულს ემერიმ სამწვრთნელო სითამამე კიდევ ერთხელ გამოავლინა, სამარქაფო სკამზე მჯდომი შემტევები მინდორზე შეუშვა და ასპარეზობაც 1:1 დასრულდა.

„ფეხბურთში ყველაფერი ბუნების მიერ ნაბოძებ ტალანტზე დამოკიდებული არაა. დასახული მიზნის მიღწევა მხოლოდ საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობით და ამოცანის გადაჭრის გზის ჯიუტად დაძლევის შედეგად მიიღწევა. გულშემატკივრისთვის მიმზიდველი და საინტერესო ფეხბურთის საჩვენებლად არაა აუცილებელი გუნდში მესის, რონალდუსა და კაკას ყოფნა. სხვებსაც შეუძლიათ და უნდა მოვთხოვოთ მაღალი კლასის ფეხბურთის დემონსტრირება“, – ამბობს უნაი ემერი და საკუთარ სადამრიგებლო კრედოსაც ამხელს: „მწვრთნელი მომთხოვნი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელები კონცენტრაციას დაკარგავენ. ჩემი უმთავრესი ამოცანა მოთამაშეებისთვის მოტივაციის მინიჭება და შემდგომ მისი შენარჩუნებაა. მშიშარასთვის ფეხბურთი არ არსებობს. საკუთარ მოთამაშეებს შიშს ვუკრძალავ“.

გოჩა კაჭარავა