“რუსთავმა” “დელტას” აჯობა

0
24

გურჯაანის დელტას 5-მატჩიანი წაუგებელი სერია რუსთავში დასრულდა. ირაკლი ძიძიგურისა და გიორგი ლაშქარაძის გაწვრთნილმა გურჯაანელებმა სუპერლიგის პირველ ტურში თსუ-სთან რომ წააგეს, მას შემდეგ ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგეს და სუპერლიგაში გალიდერდნენ კიდეც. დღესაც ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, თუმცა რუსთავული მატჩის ბოლო წუთზე ყურადღება მოადუნეს და დაძაბულ ბრძოლაში – 73:75  წააგეს.
რუსთავმა სუპერლიგა 3 მოგებით დაიწყო, თუმცა შემდეგ ზედიზედ 2 მარცხი განიცადა (კავკასიასთან და კაკტუსთან) და სარეაბილიტაციოდ უშუალო კონკურენტის ძლევა საუკეთესო საშუალება იქნებოდა. მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს ლიდერობა, რაც გუნდური, კომბინირებული გარჯის დამსახურება გახლდათ. სწრაფ გარღვევებს ქვემოქართლელები  ფარქვეშა, პოზიციურ თამაშს უნაცვლებდნენ და ხელჩასაჭიდ უპირატესობასაც მიაღწიეს.
პირველი პერიოდი რუსთავმა 26:21 მოიგო, ტემპი არც მეორე ათწუთეულში დააგდო და დიდ შესვენებამდე ლიდერობა კიდევ უფრო გაზარდა – 49:43. დიდი შესვენების შემდეგ ორივე გუნდმა დაცვა გაამაგრა, თუმცა მატჩის სცენარი არ შეცვლილა. რუსთაველები განაგრძობდნენ შედეგიან თამაშს და ერთხანს 13 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა ბოლო პერიოდის წინ 8 ქულას იგებდნენ.
ბოლო პერიოდში ვითარება კარდინალურად შეიცვალა. ამერიკელი ლეგიონერების, რიკარდო ლინჩისა და ეივი ტუმერის ლიდერობით გურჯაანელებმა 15:0 გაქცევა მოაწყვე. მე-4 პერიოდის დაწყებისთვის დელტა 58:66 აგებდა და 6-წუთიანი შტურმის შემდეგ 73:66 დაწინაურდა. რუსთაველები წაგების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ, თუმცა მალევე გამოერკვნენ, რაც ტრეი კროფტის დამსახურებაა. ამ უკანასკნელმა ზედიზედ 2 ბურთი ჩააგდო, შემდეგ ეივერი დიგსსაც ჩააგდებინა და მასპინძლებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 72:73 დასრულებამდე 2 წუთით ადრე.
აქ კი ცხადი გახდა, ვისაც გაუმართლებდა, ის გუნდი მოიგებდა. რუსთაველებმა კარგი დაცვა დააყენეს, რის გამოც გურჯაანელთა შეტევების დაგვირგვინება ახალგაზრდა და ნაკლებად გამოცდილ ლუკა სიხარულიძეს უწევდა. მისი არაზუსტი სამქულიანის შემდეგ რუსთაველთა გამთამაშებელმა 2-დან 1 საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა – 73:73. გურჯაანელთა საპასუხო შეტევაში სხვებს რომ არ გამოუვიდათ, ისევ სიხარულიძემ ესროლა სამქულიანი, რომელიც კვლავ არ ჩავარდა და თამაშის დასრულებამდე 7 წამით ადრე ეივერი დიგსმა კროფტის აცილებული ბურთი დელტას კალათში ჩააბრუნა და რუსთავი 75:73 დააწინაურა. ბოლო სროლის კარგი ორგანიზება გურჯაანელებმა ვერ მოახერხეს და სიხარულიძის უიმედო სროლის შემდეგ საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.
რუსთაველთაგან საუკეთესო შედეგი ანზორ ნადირაძემ დააფიქსირა – 15 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი. 17 ქულა და 7 მოხსნა დიგსის ანგარიშზე დაგროვდა. რევაზ როგავამ 14 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. დელტაში 16 ქულითა და 6 პასით ეივი ტუმერი გამოირჩა. ირაკლი სულხანიშვილისა და ზურაბ მაჩალაძის ანგარიშზე 10-10 ქულა დაგროვდა.
სუპერლიგის მე-7 ტურის დარჩენილი 1 შეხვედრა (ტიტები – ქუთაისი) 7 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.