“კავკასიამ” პირველად “კაკტუსთან” წააგო

0
9

სუპერლიგაში დაუმარცხებელი აღარავინაა. 5 მოგებით მოლიდერე “კავკასიამ” პირველი მარცხი განიცადა. კავკასიელთა მძლეველი გამოდგა მათი უშუალო კონკურენტი “კაკტუსი”, რომელსაც თავის მხრივ ერთადერთი წაგება ჰქონდა და ამ გამარჯვებით ლიდერს გაუთანაბრდებოდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა კაკტუსელებმა შეხვედრა ზუსტად ისე ჩაატარეს, როგორც დაგეგმეს და საბოლოოდ დამსახურებულად გაიმარჯვეს – 78:63 .
პირველ პერიოდში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, რომლის ბოლოსაც კაკტუსმა მცირე ლიდერობა მოიპოვა და პირველ შესვენებაზე 16:14 იგებდა. მეორე ათწუთეულში ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა და დიდ შესვენებაზე 4 ქულით დაწინაურდა. კაკტუსმა სტაბილურობა არც მესამე პერიოდში დაკარგა და მეტოქეს ამჯერად 7 ქულით აჯობა და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 11 ქულით დაწინაურდა.
კავკასიის მწვრთნელი, ბექა წივწივაძე ეცადა, რომ წუთშესვენებებითა და ტაქტიკის ცვლილებით ვითარება გამოესწორებინა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. კაკტუსის მოთამაშეებმა უპირატესობა არათუ დათმეს, კიდევ უფრო მოუმატეს და საბოლოოდ დიდი სხვაობით გაიმარჯვეს. კაკტუსს 15 ქულით, 20 მოხსნითა და 6 პასით ჯეისონ კოპმანმა ულიდერა. 14 ქულა მაილს დენიელსმა მიითვალა, რევაზ ჩაჩანიძის ანგარიშზე 12 დაგროვდა. “კავკასიაში” 12 ქულა ლევან გოგიჩაიშვილის ანგარიშზეა, ლონდარიძემ, გაფრინდაშვილმა და მაკნილმა კი 11-11 ქულა მოაგროვეს.
6 მოგებითა და 1 მარცხით კაკტუსი სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია.